ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის მიერ ერთ სოფელზე გადაღებულ დოკუმენტურ ნამუშევარს მალე „ტრენტოს“ საერთაშორისო და მრავაწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის საკონკურსო სექციაში უჩვენებენ. „გვირაბი“ მოგვითხრობს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო ვითარდებოდა. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ამბიციური პროექტის დაწყებისთანავე პატარა სოფლებისა და იქაური მოსახლეობის ცხოვრების წესი თავდაყირა დგება. „გვირაბი“ საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
პანდემიის გამო ზაფხულის ბოლოსთვის გადადებულ საერთაშორისო ფესტივალზე, ორგანიზატორები მაყურებელს ქართული ფილმების რეტროსპექტივას ონლაინ-რეჟიმში შესთავაზებენ, სახელწოდებით „დესთინეიშენ ჯორჯია“. „გვირაბის“ გარდა ფესტივალზე 13 ქართულ ფილმს აჩვენებენ. მათ შორისაა ყველასთვის კარგად ცნობილი მარიამ ხაჭვანის ფილმი, „დედე“.