“Welcome to America – ჩუმი რასიზმი და უკან სსრკ-ში” 

ბოლო რამდენიმე დღეა, ყველა სიახლე გადაფარა აშშ-ში მომხდარმა ინციდენტმა, როცა პოლიციელმა ფერადკანიანი მოქალაქე დაკავებისას მოკლა. შემთხვევას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გოგა თირქია,  ერთი შეხედვით, მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ქვეყნის ჩუმ რასიზმზე საუბრობს: 

“ნიუ-იორკის აეროპორტში მითხრეს პირველად welcome to America..
მაშინ ბედნიერი ვიყავი, ჩემი სამშობლო დავტოვე და ამ ემოციებში ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა გარშემო.

ქალაქ ნიუ-იორკის სამხრეთით, ოკეანის სანაპიროზე, თოლიების უზარმაზარი გუნდი ნავარდობს. ღია ფერის ფრინველები ადამიანების სიმცირით და თევზის სიმრავლით გამოწვეულ ბედნიერებას აღნიშნავენ.

წითელი აგურით ნაგებ, სართულებს შორის ხით გაყოფილ ნიუ-იორკულ საცხოვრებელ სახლებში, ერთ დროს, აფრო-ამერიკელები ცხოვრობდნენ. სსრკ-ს დანგრევამ ეს უბანი რუსულოენოვანი გახადა, ხოლო ფერადკანიანი მოსახლეობის რაოდენობა, ქალაქის ამ ნაწილში, წლიდან-წლამდე მკვეთრად შეამცირა.

დღესდღეობით, ნიუ-იორკის სამხრეთის მზიანი სანაპირო, ცნობილი კონი აილენდი, ყოფილი სსრკ-ს ხალხის საცხოვრებელი თავშესაფარი გახდა. აქ რუსული უფრო ისმის, ვიდრე ინგლისური.

ბრაიტონის უბანს ორი ღირსება აქვს ქართველი ადამიანისთვის – სანაპირო და ქართული რესტორნები. შეუძლებელია ცხოვრობდე ამ უბანში და ყველა ნაბიჯზე ქართული ამერიკა არ აღმოაჩინო.

ჰო, მესამე “ღირსება” გამომრჩა, თუ გინდათ ნახოთ ჯგრო, წამლით კაიფში მყოფი ქართველების, და თქვენ იფიქრებთ, რომ ამის სანახავად საუკეთესო ადგილი თბილისია, მაგრამ ნურას უკაცრავად, ასეთი ადგილი არის აქ.

ყველაზე იდეალური ადგილი, ოხრად მიგდებული ნარკომანი ქართველების სანახავად სწორედ ამ დალოცვილ მიწაზეა.

ბრაიტონი ქართული ფანჯარაა ამერიკასთან, ადგილი, სადაც ამერიკაში სრულად ინტეგრირებისთვის, ელის კუნძულივით, კარანტის გადიხარ.

ვრცელი მზიან პლაჟები, სადაც დანარჩენი ნიუ-იორკიდან ჩამოდიან გასარუჯად, ხოლო ბრაიტონის გამზირი, სადაც რუსული მაღაზიები და თბილისის დეზერტირების ბაზრობის მსგავსი ატმოსფეროს მიქსი ქმნის ილუზიას, რომ welcome back to the USSR.

მაგრამ ვახსენე ილუზია. ამერიკული სსრკ ერთი რამით განსხვავდება ჩვენი სსრკ-გან, აქ ყოველ საღამოს ერთმანეთს იშვიათად სცემენ.

ბრაიტონს უხვად აქვს პრობლემები: სიღარიბე, მენტალური შეუთავსებლობა, განათლების საშუალო დონე, სამხრეთ აზიელების მიერ მოტანილი სიბინძურე და ხმაურიანი ნიუ-იორკის მეტრო.

ჰო..

ადამიანის ყველაზე ცუდ ქმნილებაში, რთული იქნება, ათეულში მაინც არ მოახვედროთ ნიუ-იორკის მეტრო.

ჰო..

საღამოს, ჩაგუდული ნიუ-იორკელების შველა ცენტრალ პარკი, პროსპექტ პარკი, ან ბრაიტონის მზიანი სანაპიროა. ხეებისგან თავისუფალი ქალაქი, ხშირად ემოციებისა და ტანსაცმლისგან დაცლას ატლანტიკის ოკეანის მარილიან წყალში ამჯობინებს.

ნიუ-იორკი შეუძლებელია, მისი ნახვის პირველ კვირას მოგეწონოს. ქალაქი, რომლის ყურეშიც მდგარი თავისუფლების ქანდაკება ბუტაფორია კი არა, პირიქით, კარგად ვერც გამოხატავს ქალაქის სულს და სიყვარულს ემიგრანტებისადმი. ნიუ-იორკი იმდენად ჭრელია, რომ წარმოუდგენელია, პირველად ჩამოსულს გეგონოს, რომ ამერიკაში მოხვდი.

მაგრამ..

ნიუ-იორკი ამერიკული ღირებულების – თავისუფლების სიმბოლოა. 9 სექტემბერს, როდესაც 10 წლის ვიყავი და ნათლად მახსოვს, როგორ სტკიოდა ქალაქს, დარტყმა მოხდა ამერიკის საუკეთესო იდეალზე – ვიყოთ თავისუფლები, რადგან ღმერთმა ჩვენ თავოს ხატად შეგვქმნა, როგორც თავისუფალი ადამიანი.

ჰო..

ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში, რომლის მიწებზეც ადამიანები დაყოფილია, კანის ფერის, სქესის, ეროვნების, რელიგიის, ორიენტაციის და სხვათა გამო, შეუძლებელია არ სცე პატივი ქალაქს, რომელიც მილიონობით უცხოელის ახალი სახლია, და ეს ხდება საუკუნეების მანძილზე.

რამდენიმე დღის უკან, ჩემი ერთი ფერადკანიანი მეგობარი “ჩამოვიდა” ბრაიტონზე, განსაკუთრებული არაფერი დამამახსოვრდებოდა, რომ არა ორი ყურადსაღები ფაქტი.

ამერიკამდე არ მიგვრძნია ისეთი მძაფრი პრობლემა სხვადასხვა ადამიანების მიმართ, როგორიც არის ჩუმი რასიზმი, ან წარმოშობის ქვეყანა.
მე გამიმართლა, თეთრი ვარ და თან ევროპული ეროვნების, თუმცა ჩემს ინგლისურ აქცენტზე, მაინც დამცინიან, განსაკუთრებით მეორე თაობის გაამერიკელებული რუსები.

– აქ რომ ბინის ქირაობა მომინდეს ბინას მომაქირავებს ლენდლორდი (დიასახლისი)?
– რატომაც არა…?
– შენ მე-5 თვეა ამერიკაში ხარ და კიდევ ვერ ხვდები?
– რას ვერ ვხვდები?
– დამაკვირდი
აჰმ ახალი სათვალე იყიდე?
– რომ არ ვიცოდე, რომ ევროპელი ხარ რასისტი მეგონებოდი.

მივხდი, კანის ფერის გამო არ მიაქირავებდნდნ. გული მომიკვდა. მე ქართველს, პირველად შემეცოდა ამერიკელი. მოვიტყუე, რომ რასიზმი ევროპაში არაა, ამ უბანში აღმოსავლეთ ევროპელები არიან და ამიტომ მოგაქირავებენ მეთქი.

ღამის 1 საათია, ნისლით დაბურულია ბრაიტონის ფართო პლიაჟები და ბულვარი. კანონდარღვევით დალეული ლუდის ქილები ნაგავში მოვისროლეთ, და გავემართეთ კორონას დროის ნიუ-იორკში, სადმე ღია დელი (კუთხუს მაღაზია) გვეპოვა, ისე გვშიოდა თანახმა ვიყავით, თუნდაც ყველაზე ნაგავი საჭმელით დაგვეკმაყოფილებინა შიმშილი.

მანქანის საქარე მინაზე, მანქანის კამერა უყენია, მიმითითა, თავს ვიცავ ამით, რომ მალე არ მოვკვდეო. ვიფიქრე, რაღაც ვერ გავიგე, ან რამე სამედიცინო აპარატია მეთქი.

– ვახ, ქორპები (შემოკლებით ეძახიან პოლიციელებს), ანერვიულდა და ხელები საჭეს ზადა ნაწილს მოკიდა.
– კარგად ხარ?
– ნეტა რა უნდათ?
– პატრულირებენ, რაში გაინტერესებს?
– ხო პატრულირებენ, გაგიმართლა რომ თეთრი ხარ.
– რა შუაში იყო ახლა ეს.
– welcome to America
– ვახ
– როცა 13 წლის ვიყავი, სკოლიდან დაბრუნებულს, მშობლებმა მითხრეს რომ ცოტახანში მესადილა. ჩვენ კათოლიკური ოჯახი ვართ და საკვების მიღების წინ ვლოცულობთ. ყოველ სამ საათში უნდა ვილოცოთ. მამამ მითხრა ერთი რამ დამემახსოვრებინა, როცა პოლიციელი მოვიდოდა არ გავქცეულიყავი, არავითარ შემთხვევაში არ გავნძრეულიყავი. შემდეგ დედამ მკითხა, პოლიცია რომ მოვიდეს რას იზამ? ვუპასუხე, არ გავიქცევი. მამამ კვლავ მკითხა, ისევ გავიმეორე პასუხი, დედამ ტირილი დაიწყო…
მე, 13 წლის ბიჭმა, პირველად ვიფიქრე, რომ ჩემი სამშობლოში, ამერიკაში ჩემი ცხოვრების რისკები მეტად მაღალი იყო, ვიდრე ჩემი სხვა თანაკლასელების.

მაშინ პირველად მივხვდი, რომ welcome to America”