ვანკუვერის ცენტრში, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულმა სათვისტომომ „ქართული საღამო“ გამართა. ღონისძიება 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად.
სათვისტომო გეგმავს ეს მემორიალი ვანკუვერის ერთ – ერთ პარკში განათავსოს. სათვისტომოს ღონისძიებისთვის შენობა გამოუყო ვანკუვერის მკვიდრმა როი პასკალმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში პოპულარიზაციას უწევს ქართულ ღვინოს. ამ მიზნით მან ქართული ქვევრებიც შეიძინა და ჩაიტანა ვანკუვერში.
დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ღონისძიების ინიციატორმა და ორგანიზატორმა, სათვისტომოს თავმჯდომარემ ბესო გოცაძემ, რომელმაც წარადგინა სათვისტომოს მიერ დამზადებული, ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი სპეციალური მედალი, რომელსაც სათვისტომო ნოდარის ოჯახს გადასცემს.
საღამოს ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერებსა და კლასიკური მუსიკის კონცერტიც გაიმართა. ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით სირაძის მეუღლემ, ვანკუვერის საოპერო ორკესტრის მუსიკოსმა, ანდრეა სირაძემ ქართველი და კანადელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ტორონტოდან ჩამოვიდა ქართველი მუსიკოსი შალვა (ბაჩი) მახარაშვილი თავის ვაჟიშვილებთან ერთად