საქართველოდან წლების მანძილზე იტაცებდნენ და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში მონებად ყიდდნენ ქართველ ახალგაზრდებს, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც მონობიდან თავისუფლება მოიპოვა და თავისი სახელი ისტორიასაც დაუტოვა. ერთ – ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნება ქართველი მზეთუნახავი იყო, რომელიც 1768-1773 წლებში ეგვიპტის მამლუქთა გამოჩენილმა ბელადმა და დიდი ანტიოსმალური აჯანყების წინამძღოლმა, წარმოშობით ქართველმა ალი ბეი ალ-ქაბირმა ტყვეთა ბაზარში იყიდა.
1773 წელს ალი ბეი ალ-ქაბირი ბრძოლაში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. ჭკვიანმა ქვრივმა, სეტი ნეფისემ, განაგრძო ქონების მართვა და ქველმოქმედებასაც ეწეოდა.
ცოტა ხანში სეტი ნეფისე მეორე, ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად ბეგს გაჰყვა ცოლად. ეს კავშირი ეგვიპტისათვის ბედნიერების მომტანი იყო. ქალმა ისე დაიპყრო მეუღლის გული, რომ შეძლო მისი მძვინვარე ხასიათის შერბილება და ხშირად აცვლევინებდა სასტიკ გადაწყვეტილებებს.
სეტი ნეფისემ კარგად შეითვისა არაბული ენა, წიგნებს კითხულობდა. შეიხები, მამლუქები და მთელი მოსახლეობა დედოფალს უდიდეს პატივს სცემდა. მან ააშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი, რომელსაც სიბილ ქუთაბი ერქვა. აქ, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. იგი მფარველობდა მრეწველობასა და ვაჭრობას.
თავისი გამჭრიახობით სეტი ნეფისემ მურად ბეგი და მისი მეომრები უკან დააბრუნა და ფრანგებთან შეარიგა, ამიტომაც ეძახდნენ მას „მამლუქთა დედას“.
უთვისტომო გოგონა, რომელმაც თავისი სილამაზით, გონიერებით, სათნოებითა და გამბედაობით დიდების ზენიტს მიაღწია, თითქმის სიღატაკეში გარდაიცვალა, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა ეგვიპტის ისტორიაში.