მობილურის „მემოში“ დაწერილი ლექსები, საჩუქარი სამყაროსგან და „დედამიწის კიდევ ერთი შემობრუნება“

საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით ასე ახასიათებს: „დედა, ექიმი და მთარგმნელი. ზოგჯერ ლექსებსაც ვწერ.“ მართალია, თვლის, რომ სევდიანი ლექსები გამოსდის, სინამდვილეში, გამოუსწორებელი ოპტიმისტია. სამყაროსგან მიღებული საჩუქრის წყალობით ერთხელ საშობაო ზღაპარშიც“ აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ, მკითხველმა, ნინო ჭიქაშუას მეტროში დაწერილი ლექსების ამბავი შეიტყო. საუბარს, სწორედ ამ ფაქტით ვიწყებთ.

– ქალბატონო ნინო, თუ აიკინძა უჩვეულოდ დაწერილი თქვენი ლექსები კრებულად?

– მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სპონტანურად დაწერილ იმ ლექსებს თავს მოვუყრიდი და ისე გავკადნიერდებოდი, რომ პოეტურ კრებულად ვაქცევდი. თუმცა გავბედე და დღეს უკვე ორი კრებულის ავტორი  ვარ. პირველი მათგანი, „ზეცას გაკიდული ლექსი“, 2018 წელს გამოიცა და მკითხველს საქართველოს ეროვნული ბიბილოთეკის დარბაზში წარვუდგინე.

– ლექსებს ძირითადად გზაში, მობილურში კრეფდით, დაახლოებით რამდენი ლექსი გაქვთ დაწერილი?

– ამ გზით და ამ ფორმით ალბათ ორასზე მეტი ლექსი შეიქმნა. ისე მივეჩვიე გზაში, მობილურის „მემოში“-წერას, რომ მგონია, ფურცელზე და ხელით მათი წერა აღარ გამომივა. სახლიდან სამსახურისკენ და პირიქით მიმავალი,  როცა, შეიძლება ითქვას, „მარტო ვრჩები“, საკუთარ თავს ვუსმენ და მათ სიტყვებად ვიწერ. სულ ეს არის.

– სამყაროსგან საჩუქარს ხშირად იღებთ?

– მადლობა სამყაროს, რომელიც ხშირად მანებივრებს. ერთი დიდი და მოულოდნელი საჩუქარი სამყაროსგან 2019 წლის დეკემბერში მივიღე. ეს იყო ვირტუალურ სივრცეში სრულიად შემთხვევითი შეხვედრა ბატონ ალექსანდრე ელერდაშვილთან,  მ„ბადეს მოყოლილი ლექსის“ წყალობით. ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პოეტი, ბატონი საშა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ბავშვობის ოცნების კეთილად ახდენის უცვლელ და განუმეორებელ პერსონაჟად იქცა. თავი საშობაო ზღაპარში მეგონა, როცა აღმოვაჩინე, რომ ვიყავი წევრი „ლიტერატურულ მთარგმნელთა კლუბისა,“ სადაც ბევრ სხვა, მეტად გამოცდილ მთარგმნელთან და ლიტერატურათმცოდნესთან ერთად, სხვადასხვა ენიდან არაერთი ლექსის თარგმნა მომიხდა.

– რა ენებსა და გამოცემაზეა საუბარი?

– ბატონმა ალექსანდრემ რუსული, თურქული, ფრანგული და იტალიური ენიდან შესრულებული ჩემი რამდენიმე თარგმანი  2019 – 2020 წლებში გამოცემულ „მთარგმნელთა ბიბლიოთეკის“ სხვადასხვა გამოცემაში შეიტანა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმშვენიერესი პერიოდი და რომ არა პანდემია, ის კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. ჩემი ლექსების მეორე კრებული, რომელშიც რამდენიმე თარგმანიც შევიტანე, გამოსაცემად მზადდებოდა, როცა ბატონი ალექსანდრე კოვიდით დაავადდა. წიგნი უკვე დასაბეჭდად იყო მზად, როცა დიდებული მაესტროს სული მარადისობას შეუერთდა. მაშინ მხოლოდ ის მოვახერხე, რომ კრებული მის ხსოვნას მივუძღვენი. ამ და ბევრი სხვა გასაგები მიზეზის გამო  წიგნის წარდგენა მხოლოდ 2022 წელს მოხერხდა.

– თუ „პოეტი მაინც ერთი ლექსია“, რომელი თქვენი ლექსი „იქნებოდით“?

– თუ ასეა, მაშინ მე ეს ვიქნები:

იყო და არა იყო რა და, სადღაც, მეც ვიყავ…

ჩემი ვარსკვლავიც გასრიალდა ცაზე და შედგა.

წყალს გაყოლილი სიზმრებივით შემომეჩვია

ამბავი ჩვენი – მოლოდინის უღონო ფეთქვა:

რომ გამოვტოვე ყველაფერი, რაც კი მიყვარდა:

შენი დედობა, ბავშვობა და დიდობა შენი…

კონტინენტიდან კონტინენტზე გასარიყავად,

სულო ცოდვილო, მიმეტებდა, თურმე, გამჩენი.

აქ რომ მწუხრია, შენთან – დღეა, განა, ძნელია!

დედაკაცობის ხვედრი, ალბათ, არის ამგვარი:

რაგინდ გიმძიმდეს, გვირილები მაინც გელიან,

რაგინდ გილხინდეს – სულ თან გახლავს დარდის ამქარი…

მეგონა, მეტსაც გავუძლებდი… მე კი დავნებდი

და შორი გზები ვამჯობინე ეიფორიას,

ფიქრებს ვწეწავდი საჩეჩელზე გვიან ღამემდე,

კეთროვანივით გავურბოდი დედურ ფორიაქს…

როგორ გაზრდილხარ… დრო გადის და სულიც ბერდება,

დამიგვიანდა, დაიშრიტა ღიმი საშენო,

და სისხლის წვეთი, ჭიპლარში რომ სევდად შედედდა,

ვცდილობ, სიტყვებად ვაქციო და გულად გაჩვენო…

ხმას ასე გაწვდენ – სხვა ხმელეთის უცხო ხიზანი…

ეს მერამდენე განგაშია… წერას მიშლიან…

გადაიკითხე, ჩემს შრიალა ფიქრებს გიგზავნი,

ისევ განგაში… აქ ისვრიან… რა დროს შიშია…

– ეს ლექსი ავტობიოგრაფიული არ არის…

– არა, ემიგრანტი ქართველი დედების განზოგადებული სატკივარია. მახსოვს, როცა ისრაელში საომარი მოქმედებები დაიწყო, სოციალურ ქსელებში იქ წასული  ქალბატონის პოსტები ომსა და განგაშზე  ხშირად  მხვდებოდა ხოლმე. მას გულწრფელად ვგულშემატკივრობდი და ამ ლექსის დაწერის ერთგვარი ინსპირაციაც ეს გახდა.

თქვენს მეორე კრებულს ჰქვია „არაფერს დავწერ სიყვარულზე“, რატომ შეარჩიეთ ასეთი სახელი ქვეყანაში, სადაც ყველა პოეტი თავს ვალდებულად თვლის, სიყვარულზე წეროს?

– სიმართლე გითხრათ, ეს ერთგვარი პროტესტი იყო დაწესებული „სიყვარულის დღეების“ მიმართ. დღე კი არა, მარადისობაც ცოტაა ნამდვილი სიყვარულისთვის. ის, როგორც ღმერთი, იყო, არის და იქნება. „არაფერს დავწერ სიყვარულზე“ ერთ-ერთი ლექსის დასაწყისია და ასე გრძელდება: „უკვე დამწერეს მთებზე – ნისლებმა, ნიჟარებში მარგალიტებმა“… ჩვენ კი არ ვწერთ სიყვარულზე, სიყვარული თავად გვწერს, გვძერწავს და გვაქანდაკებს… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ცხოვრების მდინარებამ ბევრ ნაპირს მიმაახლა, ბევრი რამ ვისწავლე და ბევრიც – დავივიწყე.

ახალი წელი დგება, გაიხსენეთ ყველაზე დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი…

– ყველაზე დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი ჩემი ნაბოლარა შვილია, რომელიც 29 დეკემბერს დაიბადა. ცოტა იჩქარა, რომ გავეხარებინეთ. ძალიან მიყვარს ახალი წელი, რომელიც დედამიწის კიდევ ერთი შემობრუნებაა. ვულოცავ ამ დღეს ჩემს დაღლილ მსოფლიოს და სიმშვიდეს, სინათლესა და ბედნიერებას ვუსურვებ…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები