მშვიდი სიბერე-ბონუსი, რომელსაც ყველა ადამიანი იმსახურებს, ანუ ჩვენც დავბერდებით!

დამეთანხმებით, ჩვენში სიბერეზე ხმამაღლა და ბევრი საუბარი არ უყვართ ხოლმე. თუმცა ყველამ იცის, რომ სიბერე – ეს უფლის ჯილდოა, ხოლო მშვიდი სიბერე – ბონუსი, რომელსაც ყველა ადამიანი იმსახურებს. თუკი ხალხში გავრცელებულ ფრაზა – გაფრთხილებას „ჩვენც დავბერდებით“, თავიდანვე ისე გავიაზრებთ, როგორც გარდაუვალ რეალობას, მაშინ ასაკოვანი ადამიანების მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც ჰუმანური იქნება და მხოლოდ სიკეთეზე აგებული…

ადგილი, რომელზედაც ახლა გვსურს მოგითხროთ, ჩვენში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს, რომ მოხუცთა თავშესაფარი და ტკბილი სიბერე – შეუთავსებელი ცნებებია, ნამდვილად ამსხვრევს. თბილისში, ლოტკინზე არსებული სივრცე „ახალი სახლი“ ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მისი ბინადრები 24/7 -ზე კეთილმოსურნე დამხმარე– ასისტენტებისა და კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა.

ჩვენში ალბათ წარმოუდგენელია ამგვარი ტიპის დაწესებულების ხელმძღვანელი, ვინც ასაკოვან ადამიანებზე ყოველდღიურად და პირადად ზრუნავს. პროფესიით ფსიქოლოგი, ბექა ბერუაშვილი სწორედ ასეთია. ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე თავადაც დადგა, როდესაც საყვარელი ადამიანისთვის სანდო მომვლელის პოვნა გაუჭირდა.  პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრებში ჯერ  კიდევ უმაღლესში სწავლის დროს შეიძინა. ერთი პერიოდი ორგანიზაციაში – „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება ქცევის თერაპევტის პოზიციაზე იმუშავა. სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებზე მორგებული  საერთაშორისო ლიცენზიის მქონე დაწესებულების გახსნის იდეა 2020 წელს გაუჩნდა, რაც ერთი წლის შემდეგ წარმატებით განახორციელა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და „ახალი სახლის“ მიმართ ნდობა უკვე ბევრს გაუჩნდა.  

– ბატონო ბექა, დავიწყოთ იმით, თუ რატომ გაგიჩნდათ „New Home“ – „ახალი სახლის“ დაარსების იდეა?

– „ახალი სახლის“ შექმნის იდეა სპონტანურად გამიჩნდა. როდესაც ჩემთვის საყვარელ ადამიანს, ბებიას ინსულტი დაემართა და სტაციონარის შემდეგ მოვლა-რეაბილიტაცია დასჭირდა. მაშინ აქტიურად დავიწყე კვალიფიციური ასისტენტის ძებნა და ამ პერიოდში ოთხი დამხმარე გამოვიცვალე. მათთან დამშვიდობების შემდეგ დისტანციურ მუშაობაზე გადავედი და ამგვარი სივრცის კონცეფციაზე ფიქრი დავიწყე. არა ერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას გავეცანი, მაგრამ ამან სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. რადგან რაც ვნახე, იმ დროს არსებული  მსგავსი ტიპის დაწესებულება ჰგავდა ინსტიტუციას, რომელსაც ჩემი საყვარელი ბებიის ჯანმრთელობასა და ცხოვრებას ნამდვილად ვერ ვანდობდი…

– რით დაიწყეთ ამ სფეროს შესწავლა და ასეთ კარგ შედეგს როგორ მიაღწიეთ?

– როდესაც ფსიქოლოგიის თეორიული კურსი გავიარე, მნიშვნელოვანი გახდა პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და გამოცდილი ადამიანების მენტორობა, რათა შესწავლილი ინფორმაციის ეფექტურად გამოყენება შემძლებოდა. ამის შემდეგ დავიწყე ამ სფეროში არსებული სირთულეების ჩამოწერა და მათი მოგვარების გზებზე ფიქრი. შევხვდი განსხვავებული მდგომარეობისა და საჭიროების მქონე ბევრ ადამიანს, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ბევრი სტერეოტიპი და სტიგმა არსებობდა. საბოლოოდ, მივიღეთ კომპანია, რომელშიც ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომით ემსახურებიან და სადაც მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და საჭიროებებს ითვალისწინებენ.

– ვინ ზრუნავს „ახალი სახლის“ ბინადრებზე?

– ალბათ, როგორც ყველა სფეროში, კადრების შერჩევა ჩვენთანაც ყველაზე დიდი გამოწვევა იქნებოდა. თუმცა საქმე ძალიან გამიმარტივდა, რადგან ხალხის შერჩევა არასტანდარტულად დავიწყე. ვესაუბრებოდი ადამიანებს, რომლებსაც მანამდე გერიატრიულ პაციენტთან შეხება არ ჰქონდათ. მათ სხვადასხვა რთული ქცევის ადამიანების შემთხვევებზე ვუყვებოდი და ვთხოვდი ამა თუ იმ სიტუაციაზე საკუთარი მოსაზრება გამოეთქვათ.

– რა გამოარჩევს „ახალ სახლს“ ამგვარი ტიპის სხვა დაწესებულებებისგან?

– გახსნიდან ოთხი წლის თავზე ჩვენ სხვადასხვა სირთულეების მქონე ადამიანების მხარდაჭერისთვის ყველა ტიპის სერვისი გვაქვს. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ „ახალი სახლის’ გარემო სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებისგან  იმითაც განსხვავდება, რომ ჩვენ ადამიანის პიროვნული, მენტალური და ფსიქოემოციური მდგომარეობის გადასაჭრელად ინდივიდუალურ მიდგომას მოვიაზრებთ. ჩვენთან მყოფ ადამიანებს კვალიფიციური დამხმარეების გარდა ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდი ემსახურება. საჭიროების შემთხვევაში, ისინი მყისიერად, მაქსიმალურად ცდილობენ ყველა ჩივილის ადგილზე მოგვარებას, რათა დამატებითი სამედიცინო ან სტაციონარული დახმარება საჭირო არ გახდეს.

დასაწყისში, სავარაუდოდ, ყველაზე რთული ალბათ სტიგმასა და ცუდ გამოცდილებასთან დაპირისპირება იქნებოდა…

– დიახ, ასეც იყო. მახსოვს, მთელი ძალისხმევით როგორ ვუხსნიდი ადამიანებს, რომ ოჯახის წევრის აქ მოყვანა და ჩვენი სერვისის მიღება არანაირ კავშირში არ არის მათ მიტოვებასთან. ეს არ არის მათ მიმართ ჩადენილი ღალატი და რომ ასეთი გადაწყვეტილება ოჯახის წევრის მიმართ მხოლოდ გააზრებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ვარწმუნებდი, რომ ჩვენთან ყველა ადამიანის საჭიროებას პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით.

– რაიმე განსაკუთრებული ადამიანური ისტორია ხომ არ გახსენდებათ?

– ამ წლების განმავლობაში ჩვენთან მოსული ბევრი უიმედო ადამიანის მძიმე ისტორია მოგვისმენია, ტკივილით სავსე ბევრი მზერა და გართულებული ქცევა გვინახავს. განსაკუთრებით მტკივნეულად დამამახსოვრდა 85 წლის ქალი, ვისაც დემენცია ჰქონდა და ძალიან რთული გზა განვლო. უნდობლობის გამო ხშირად გვეჩხუბებოდა და გვლანძღავდა. ზუსტად ერთი თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ მისი ნდობა მოგვეპოვებინა და დავმეგობრებულიყავით. მას შემდეგ მშვიდი, ბედნიერი სიბერით იცხოვრა. ძალიან მიხარია, როცა საქებარ სიტყვებს და მადლობებს ჩვენთან ურთიერთობის მოკლე დროში ვიღებთ. მადლობის არაერთი თბილი სიტყვა ემიგრანტებისგანაც მოგვისმენია. ყველაზე ამაღელვებელია, როდესაც მეუბნებიან, რომ მსგავს შედეგს არ ელოდნენ და ვერც წარმოედგინათ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ბევრი იდეა მაქვს. სულ ვფიქრობ, მათი განხორციელების შესაძლებლობა რომ მქონდეს, ალბათ რამდენი სასოწარკვეთილი ადამიანის ცხოვრების შეცვლას შევძლებდი…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები