„არასოდეს შეწყვიტო იმის კეთება რაც სიამოვნებას განიჭებს“- ანა ცაგარეიშვილი ნიუ-იორკის სამხატრვო ინსტიტუტში ჩაირიცხა
14 წლის ქართველი ემიგრანტი, ხელოვანი ანა ცაგარეიშვილი მესამე წელია რაც ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი ხელოვნებისადმი სიყვარულის ისტორია საქართველოში, 5 წლის ასაკიდან დაიწყო. ინტერესი ხატვის მიმართ პირველად მუზეუმში ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა. ხშირად სტუმრობდა მუზეუმებს, აკვირდებოდა მხატვრების ნამუშევრებს და ფიქრობდა როგორი საოცარი და შთამბეჭდავია ხელოვნება. მაშინ ვერასოდეს იფიქრებდა ასე თუ შეიყვარებდა ამ საქმიანობას, თუმცა…
„გავყევი გულის წადილს და მოვედი აქამდე. სკოლის გრაფიკიდან გამომდინარე არ მქონდა იმის დრო, რომ ხატვის გაკვეთილებზე წავსულიყავი და შემესწავლა აკადემიური ხელოვნება. 6 წლის ასაკში დავიწყე ცეკვაზე სიარული, 5 წელი ვცეკვავდი, მაგრამ არ მიყვარდა და გამოვედი. ვიცოდი რომ ცუდი გადაწყვეტილება არ მივიღე. სკოლასაც მეტ დროს და ყურადღებას ვუთმობდი. მქონდა ბევრი დრო მეხატა და მეკეთებინა ის რაც ყველაზე მეტად მიყვარდა…
– როგორ მიიღეს მშობლებმა შენი გადაწყვეტილება?
– ოჯახი მხარს მიჭერდა და სჯეროდათ რომ ერთ დღესაც ჩემი მხატვრული ნიჭით აუცილებლად იამაყებდნენ.
– თუმცა ხატვაზე არ გივლია…
– ყოველთვის მქონდა საჭირო ნივთები და ვცდილობდი რომ ხატვა სახლში, ინტერნეტის დახმარებით შემესწავლა. თუ იმ შედეგს არ ვიღებდი რაც მსურდა არ ვნებდებოდი, თავიდან ვიწყებდი ხატვას… გავიდა დრო და მე და ჩემი მშობლები ამერიკაში ჩამოვედით. ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დავიწყე საშუალო სკოლაში (Middle School) სიარული, სადაც დავიწყე ინგლისური ენისა და საგნების შესწავლა. მეშვიდე და მერვე კლასი წარმატებით დავამთავრე და მეცხრე კლასიდან High School-ში გადავედი. ეს ერთ-ერთი ცნობილი და პრესტიჟული სკოლა არის ნიუ-იორკში, სადაც მეთორმეტე კლასის ჩათვლით გავაგრძელებ სწავლას. ყოველთვის ვოცნებობდი განათლება კარგ სკოლაში მიმეღო და ასეც მოხდა. ენაც უკეთ ავითვისე, დავუმეგობრდი აქაურ ბავშვებს და ვაგრძელებ “ამერიკულ ცხოვრებას”.
– როგორც ვხედავ ამერიკაშიც გააგრძელე ხელოვნების შესწავლა…
– ამერიკაში გავაგრძელე იმის კეთება რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებდა. ისევ და ისევ ინტერნეტის მეშვეობით ვისწავლე ხატვა და ვხედავდი პროგრესს. მაგრამ ყველაფერი წინ იყო… აქ ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ გაიმართა გამოფენა, სადაც ქართველი ხელოვანები შეიკრიბნენ და წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა, სადაც ჩემი ნამუშევრები წარვადგინე.
– საბოლოოდ იპოვე ის ადამიანი, ვინ ხატვის უკეთ შესწავლაში დაგეხმარებოდა?
– იმ დროს ვეძებდი სამხატვრო აკადემიას, ან მასწავლებელს, ვინც აკადემიურ დონეზე შემასწავლიდა ხატვას, ის ფესტივალი აღმოჩნდა ჩემი ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი, რადგან იქ გავიცანი ჩემი ხატვის მასწავლებელი, ეკატერინე ტუჩაშვილი. მაშინ ეკატერინემ მხოლოდ ჩემი სახელი იცოდა და ფესტივალიდან 5 თვის განმავლობაში მეძებდა სანამ არ მიპოვა და დამიკავშირდა. მითხრა, რომ ჩემი ნახატებით ძალიან დაინტერესდა და შემომთავაზა მის სტუდიაში მივსულიყავი. როცა ის დამიკავშირდა შუაღამე იყო, სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა, მაშინვე დრო დავთქვით და მივედი მასთან. ეკატერინეს დღემდე ჩემ საუკეთესო მასწავლებელს ვეძახი. ეკატერინეს სტუდიაში დრო ჩერდება. ჩვენც განუწყვეტლივ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეულ კონკურსსა და ფესტივალზე გავიმარჯვოთ. გარდა ხატვისა, ბევრი ინტერესი მაქვს. მიყვარს მზარეულობაც, ქსოვა, ქარგვა, კერვა, სამკაულების კეთება და ძერწვა, თუმცა ხატვა ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი იქნება.
– როგორც ვიცი ნიუ-იორკის სამხატვრო ინსტიტუტში ჩააბარე…
– დიახ, სულ ახლახან გავიგე, რომ ნიუ-იორკის ნომერ პირველ სამხატრვო ინსტიტუტში Pratt Institute ჩავირიცხე სამ წლიანი დაფინანსებით. მჯერა რომ ყველაფერი წინ არის.
მინდა ყველას ვუთხრა – არასოდეს შეწყვიტოთ იმის კეთება რაც სიამოვნებას განიჭებთ და გიყვართ, რადგან მხოლოდ ამას შეუძლია წარმატების მოტანა. მე ვიმედოვნებ რომ ავიხდენ ჩემს ოცნებებს ამ დიდ ქვეყანაში…