ღამე შექმნილი ემოციური ნახატები და მამის გაკეთებული შაჰ-აბასის სასახლის მაკეტი
ბავშვობიდან ხატავს და სხვადასხვა კონკურსებშიც პატარა ასაკიდან მონაწილეობს. სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა წარჩინებით. დღეს ირინა ძამაშვილი მხატვართა კავშირისა და მხატვართა ლიგის წევრია. დღემდე 1000–მეტი ორიგინალური ნამუშევარი აქვს შექმნილი. მისი ნახატები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ინდოეთში, იტალიაში, რუსეთსა და ავსტრალიაში.
მხატვარს უკვე ჰქონდა ექვსი პერსონალური გამოფენა, საიდანაც ორი თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. ბევრ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის, 2022 წელს, პარიზის „BDMC“ გალერეაში გამართული ჯგუფური გამოფენაა. მისი ნახატები იტალიაში, სიცილიაზე ორგანიზებულ გამოფენაზე შვიდჯერ იხილეს. ფარაჯანოვის კონკურსში ზედიზედ სამი წელი მონაწილეობდა. მისი ნახატები ასევე საბერძნეთში გამართულ „ხელოვნების საღამოებზე“ და საერთაშორისო ინდურ-ქართულ „ართ ფესტივალზეც” გამოიფინა.
– ირინა, როგორი იყო ბავშვობა, საიდანაც მოდიხართ და როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ხელოვნება?
– ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. ჯერ კიდევ პატარა ასაკშივე შევისწავლე: ხეზე ჭრა, ჭედურობა, ქარგვა, ფერწერა და გრაფიკა. სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ბავშვობიდან ვიღებ მონაწილეობას. ჩემი პირველი სერიოზული ნახატი იყო ცხენის გამოსახულება, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ მამამ და ბებიამ ისე შემაქეს, რომ სტიმული მომცეს ხატვა გამეგრძელებინა.
– მამა მხატვარი იყო და ბუნებრივია, დიდი გავლენა იქონია თქვენზე…
– მამა, ედუარდ ლაპკოვსკი, საქართველოში დაბადებული პოლონელი მხატვარი იყო. მას საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება აქვს მინიჭებული. გარკვეული მიზეზების გამო დედის გვარზე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პოლონელი იყო, ბევრჯერ ჰქონდა შემოთავაზება საქართველო დაეტოვებინა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარდა და არაფრით დატოვა, მას ბოლომდე უერთგულა. საუკეთესო მამა მყავდა. მთელი ბავშვობა გავატარე კინოსტუდიაში, სადაც მამა მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა.
– იმდროინდელი რაიმე ამბავი ხომ არ დაგამახსოვრდათ?
– მამას მე და ჩემი და კინოსტუდიაში ხშირად დავყავდით. გადაღებებზეც ვყოფილვართ და კადრშიც მომხვდარვართ. იქ მისული სულ ვაკვირდებოდი როგორ იქმნებოდა დეკორაციები. ასეთი ამბავი მახსენდება: დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მისმა მუშაობამ როცა შაჰ აბასის სასახლის იდენტურ მაკეტს ქმნიდა. მან ისე ოსტატურად მოხატა მაკეტი, ვერავინ მიხვდა, რომ ამ სცენის გადაღება საქართველოში, გადასაღებ პავილიონში მოხდა.
– თქვენს ნამუშევრებში უფრო რომელი თემები ჭარბობს?
– პატარა ასაკში ძირითადად პეიზაჟებს ვხატავდი ზეთში, მაგრამ ამ ეტაპზე სულ სხვა სტილში ვმუშაობ. მაქვს სერიები, რომელზედაც მუშაობა მიზიდავს. ძალიან მომწონს ვენეციური ნიღბების თემა, მიყვარს დეტალებზე მუშაობა. ამ დროს სხვადასხვა მასალას – თხევად ოქროსა და მარგალიტებს ვიყენებ. ასევე მიზიდავს განსხვავებული ქვეყნისა და კუთხის ქალების პორტრეტების ხატვა. მე შევიმუშავე შავ ტილოზე ხატვის საავტორო ტექნიკა, რომლითაც ძველი თბილისის ქუჩები მაქვს დახატული. თბილისზე შესრულებულ სერიაში – „თიფლის-Tbilisi Love you“ ჩვენი ქალაქის ქუჩები და ღირსშესანიშნაობები სტილიზებულად მაქვს გადმოცემული. აფრიკული თემაც მიზიდავს და აფრიკელი ქალის ბევრი პორტრეტი მაქვს შექმნილი. მოკლედ, სულ ძიებაში ვარ და ყოველთვის მინდა რაიმე ახალი და საინტერესო შევქმნა.
– როდის უფრო გიყვართ ხატვა?
– ძირითადად ღამე ვმუშაობ და ბევრჯერ ისე დამთენებია, რომ ვერც მიგრძნია როგორ გათენდა, მერე, ჩიტების ჭიკჭიკის ხმაზე ჩამძინებია. ასე შეიქმნა ერთ-ერთი პორტრეტი, რომელიც ჩემს ფავორიტ ნახატებს მიეკუთვნება. მაშინ დილის შვიდ საათზე დავასრულე მუშაობა. ასეთ შემთხვევაში, პირველი, რასაც ვაკეთებ, გაღვიძებისთანავე მივდივარ ნახატთან, რომ დავინახო დღის შუქზე როგორ გამოიყურება.
– როგორც ჩანს, ხატვის დროსაც და ცხოვრებაშიც ემოციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ…
– დიახ, მართლაც ასეა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პორტრეტიდან ემოცია მოდიოდეს. როცა ამას ვგრძნობ, მაშინ ვწყვეტ მუშაობას, რათა ის შეგრძნება შენარჩუნდეს. ნახატის გაყიდვის შემთხვევაში ვცდილობ, რომ ნახატი მყიდველს პირადად გადავცე. ჩემი ყველა ნამუშევარი მახსოვს და ისიც, თუ ვის ოჯახშია. როცა ვხედავ ადამიანის ემოციას, იმას, თუ რამდენად მოსწონს ახალ მესაკუთრეს ჩემი ნამუშევარი, ძალიან მახარებს. აქვე, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა ჩემს მეგობარს და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო სიყვარულისთვის, ყველას ძალიან ვაფასებ და პატივს ვცემ. თითოეულ მათგანს სიკეთეს, სითბოსა და სიხარულს ვუსურვებ.
თეონა გოგნიაშვილი