„გრინ კარტა“, ლურჯი მოცვის პლანტაცია და „დაუპატიჟებელი ბედნიერებით ტკბობა“
ამ პუბლიცისტური მასალის, შეიძლება ითქვას, ლიტერატურული გმირი, ერთი ნიჭიერი და უცნაური პერსონაჟია. თავიდან მისი ცხოვრება ჩვეულებრივად დაიწყო: პროფესიით – იურისტი მშრომელთა უფლებებს საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანებაში იცავდა. შემდეგ კერძო საადვოკატო საქმიანობაზე გადავიდა.ერთი პერიოდი საჯარო სამსახურში, საკრებულოშიც იმუშავა. ამით მისი Curriculum Vitae-ს ოფიციალური სავალდებულო წარდგენა დასრულდა. შემდეგ მის ცხოვრებაში იწყება თავგადასვლებითა და მოულოდნელი პერიპეტიებით სავსე ოთხწლიანი ამერიკული „ცხოვრების გზა“, რომლის შედეგადაც გაჩნდა საკმაოდ საინტერესო ავტორი – პაატა დობორჯგინიძე – რომანით „გრინ კარტა“.
რომანი რომელიც ფაქტობრივად, პოლიტიკურია, თუმცა ვრცელი მოცულობისაა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მასში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენთვის ნაცნობი დიდი თუ პატარა პოლიტიკური ამბავი და ადამიანური ისტორია ლიტერატურულ ფორმაშია მოქცეული და სხარტი გურული იუმორითაა აღწერილი. ადვილი მისახვედრია, რომ ავტორის ცხოვრებისეული სლოგანი სიტყვებია მისივე რომანიდან: „გაიღიმე, არ მიანიჭო უბედურებას სიამოვნება!“..
პაატასთან საუბარი ბლიც-ინტერვიუს ფორმატის გამოვიდა, ამიტომ მის უკეთ გასაცნობად გადავწყვიტეთ, რომ გზადაგზა თქვენთვის რომანიდან „გრინ კარტა“ საინტერესო ამონარიდები გაგვეცნო. აქვე ვიტყვით, რომ რომანის მთავარი გმირის, სანდროს პროტოტიპი, თავად ავტორია. ასე რომ, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, ეს მისი ისტორიაცაა… თუმცა, მოდი, ფაქტებს ქრონოლოგიურად მივყვეთ.
– პაატა, თავის დროზე გაკეთებულმა პროფესიულმა არჩევანმა რა დასკვნა გაგაკეთებინათ ცხოვრებაში?
– მართალი გითხრათ, იურისტობამ ცხოვრებაში უფრო მეტი ხიფათი და შარი შემახვედრა, ვიდრე სიმშვიდე და სტაბილურობა. პროფესიული თვალი არ გასვენებს, ყველაფერს საცერში ატარებ, არგუმენტებს ეძებ და უცებ აღმოაჩენ, რომ ცხოვრებას შენი ლოგიკა საერთოდ არ აინტერესებს. პირიქით, შემთხვევითი და გაუაზრებელი ქმედებები ხშირად უფრო სწორი და საინტერესო აღმოჩნდება ხოლმე. ყველას ისედაც ვერ გაუყოფ გულისნადებს – სადაა ამდენი სიმართლე?!..
ამონარიდი რომანიდან „გრინ კარტა“
„სანდროს დაბადებას იზა ბებიამ 4800-მდე მეტანია, 7200 პირჯვარი და ჯუმათის მონასტერს სანაშენე მოზვერი შესწირა. ეს ის დროა, როცა ქვეყნის მმართველს, ედუარდ შევარდნაძესაც ესწავლა ლიტურგიებზე დასწრება და „მამაო ჩვენოს“ ლოცვას ტუჩების ცმაცუნს აყოლებდა, მერე მოინათლა და ედუარდ-გიორგი ეწოდა. პირჯვრის გადაწერის მისეული მანერა ჰქონდა: სწორად იდებდა სამ თითს შუბლზე, თან, ორივე თვალს ისე აატრიალებდა ზემოთ, გეგონებოდა შუბლთან მიტანილი თითების დანახვას ცდილობსო, მერე პიჯაკის ქვემოთა ღილისკენ წამოიღებდა ხელს ჭიპისკენ და მარჯვნიდან მარცხნივ ისე აიქნევდა ბოლოს, იფიქრებდი, უცაბედად გაჩენილი ცოდვიანი აზრების მოცილება სურდაო. ამიტომაც იყო ოპოზიცია ხმას უვრცელებდა, – ფარისეველია ეგ და არ ენდოთო. შემდეგ იყო და პრეზიდენტის პირჯვრის გადაწერის სქემატური მოძრაობის ამსახველი ფირი ოპოზიციამ კომპიუტერულ ექსპერტიზაზე უცხოეთში გააგზავნა. კვლევით დადგინდა, რომ პრეზიდენტი პირჯვარს 72%-ით იწერდა. ოპოზიცია აღმოჩენას ზეიმობდა. ძველი კომუნისტების პატრიარქს, აწ ედუარდ-გიორგიდ წოდებულ პრეზიდენტს, უკაცრავად და… ათეიზმი ჰბრალდებოდა.“
![](http://kartuli.kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/c4531a97-31b8-43ca-92c7-4bb350cca74a-300x300.jpg)
– კერძო საადვოკატო საქმიანობიდან რაიმე შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?
– პირადად ჩემს საქმეზე საქართველოს ბანკის წინააღმდეგ წარმოებული დავა მახსენდება, როცა ბანკმა ათი დოლარით დამაჯარიმა. სააპელაციო სასამართლომდე ვიდავეთ. ძალიან სახალისო პროცესი იყო და ტკბილად მახსენდება. მოსამართლე ბევრს ხითხითებდა. საბოლოოდ ის პროცესი მოვიგე. მაშინ დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანის ხელშეკრულებაში საჯარიმო მუხლი გაუქმდა. მოკლედ, ძალიან რთული დრო იყო და ჩემს რომანში ამბავი სწორედ 90-იანი წლებიდან იწყება.
ამონარიდი რომანიდან „გრინ კარტა“.
„საქართველო გაიპო და განზე დარჩა. ტერიტორიები დაიკარგა და ხალხი გაწყდა. საქართველო ნაციონალისტ-შოვინისტების ბუდედ გადაიქცა. ისე ამოევსო საქართველოს სიყვარულს ყველა კუნჭული, საღი აზრის ადგილი არსად დარჩენილიყო. კომუნისტების შემდეგ, ყველაზე საშიშ ხალხად, ანტიკომუსიტები და პატრიოტები მოევლინენ ქვეყანას.
მადლობა უფალს! ამასობაში ღმერთიც გამოჩნდა, ბოლშევიკებს რომ სადღაც გადაემალათ. დაიწყო ყველაფრის ტოტალური ევანგელიზაცია, წვერისმოშვებითა და მრავალჟამიერი პარტიების რეგისტრაციით. არითმეტიკული პროგრესიით მოიმატა მორალისტების ჯგუფმა და წლები დასჭირდა იმის მიხვედრას, რომ ათ კარგ მორალისტს ერთი უბრალო ორალისტი, ასი თავით აჯობებდა. თავისუფლების სიოს გრძნობდა ორფეხი და ოთხფეხი, ჩლიქოსანი და ფრთოსანი. თხა რომ თხაა, ისიც აღარ კადრულობდა ცურზე ხელის წავლებას. ჩამოსაწველი მარტო ქვეყანა რჩებოდა.“
– თავისუფალ სამყაროდ წოდებულ ქვეყანაში ე.წ. „ამერიკული ოცნების“ გამო ჩადიან, თქვენი მოლოდინი რამდენად გამართლდა?
– ამერიკას მრავალი ფერი ანათებს და მაყურებელზეცაა დამოკიდებული რომელ ფერს დაინახავს. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ იმ ქვეყანაში თავის დამკვიდრებისთვის მთელი ცხოვრება 24/7-ზე მუშაობაა საჭირო. ამერიკა არც ზნეკეთილია და არც ავი. მას ვერც ვინმეს ლანძღვა-ძაგება დააკლებს რამეს და ვერც ქება შემატებს. ამერიკაში საზოგადოების 99 % ისე დგას დარჩენილი 1% უმდიდრესი ადამიანების სამსახურში, რომ ამის შესახებ არც იცის. თანაც, მტკიცედ სწამს, რომ ოცნებების ქვეყანა სწორედ ასეთია. მთავარია, რას დაგარქმევენ. ასეა შავი ზღვაც, რომელიც ლურჯად ელავს. ამერიკა გთავაზობს უამრავ ლატარიას, სადაც ყველა წაგებული მოგებულია, სადაც ყველა თავის წილ შურისძიებას და სიმართლეს ეღირსება.
![](http://kartuli.kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/46bd6252-558b-4aa4-b062-9d589db71e73-300x265.jpg)
– მათ შორისაა, ისინი, ვინც ყველაზე მთავარი ამერიკული ლატარია „GreenCard” მოიგო. ამავე სახელწოდების თქვენი წიგნიც მათზეა…
– ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მსგავს თემატიკაზე დაწერილი რომანი თურმე არ არსებობდა. ეს ფაქტი თავიდან ძალიან გამიკვირდა, შემდეგ ცოტა გავბრაზდი. რომანის წერა დავიწყე, მაგრამ გზადაგზა ბევრჯერ შევწყვიტე. მერე ისევ ბრაზი მეუფლებოდა და ვაგრძელებდი. ბოლოს, დავასრულე კიდეც და ეს ამბავი დღესაც არ მჯერა…
ამონარიდი რომანიდან „გრინ კარტა“
„ამერიკა ახალი ცხოვრების დაუსრულებელი პოლიგონია, სადაც ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ყველა მეომარი ვაჟი არ დაეცემა და ყველა ქალიშვილი არ დაქალდება. ამერიკა ოცნებების ქვეყანაა, ამიტომ საჭიროა მეზღაპრე და მეოცნებე ხალხი, რომელსაც ყველაფრის სჯერა. ეს კი ემიგრანტია, ე.ი. ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა. ემიგრანტები გრანტებით დარახტული ხალხია. ამერიკა იდეაა, შესაძლებლობა, კონკურენცია და დოვლათია. ამერიკა უსაზღვრო თავისუფლების ქვეყანაა, ოღონდ, უნდაი ცოდე, რა არის თავისუფლება. ამერიკა ყველასია. ამერიკა კოლუმბისაა. ამერიკა შენია. გაბედე, ნუ გეშინია. ამერიკულ ემიგრაციას ვიწრო კარიბჭე აქვს, თავი ადვილად ეტევა, მაგრამ ტანს უჭირს შესვლა.“
– ამერიკაში თქვენი გამგზავრების და საქართველოში დაბრუნების თარიღიც 30 სექტემბერი აღმოჩნდა…
– დიახ, მართალია. 2016 წელს 30 სექტემბერს თბილისს დავემშვიდობე და ოთხი წლის მერე, ისევ 30 სექტემბერს დავბრუნდი. ეს რიცხვი აეროპორტის ტაბლოზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც თვითმფრინავის რეისი გადაიდო. მაშინ, ალიონზე, მზე და თვითმფრინავი ერთდროულად დავადექით თავზე მძინარე თბილისს. ძალიან მიხაროდა…
![](http://kartuli.kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/2c52086f-458c-452e-bad9-e3a71d9fddfa-243x300.jpg)
– ამერიკიდან დაბრუნების მერე ჩოხატაურში გააშენეთ ლურჯი მოცვის პლანტაცია, რომლის ნერგებიც საქართველოში, 2006 წელს, სწორედ აშშ-დან ჩამოიტანეს, ალბათ არც ესაა დამთხვევა…
– დიახ, მაშინ ამ ფაქტის შესახებ არ ვიცოდი. შემდეგ გავიგე, რომ ლურჯი მოცვი საცდელი მიზნით 2006 წელს იმერეთში, სოფელ სიმონეთში დაურგავთ. მე კი მისი გემო პირველად ამერიკაში გავსინჯე და ძალიან მომეწონა. მაშინ გავიფიქრე: ნეტავ, გურიაში თუ იხარებს მეთქი? თურმე, იხარებს კი არა, გაზაფხულსაც შემოიხვევს წელზე და მშობლიური, ჩოხატაურის ისედაც ლამაზ ჭალებს ქათქათა ყვავილებითაც გადაპენტავს. ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ჩვენი 20 ჰექტარზე გადაჭიმული პლანტაციით გვიმრებით სავსე მიტოვებული ადგილი წალკოტს დავამსგავსეთ. აქვე, თამამად ვიტყვი, რომ ჩოხატაურის ლურჯ მოცვთან ზემო ვირჯინიაში ან კონექტიკუტში მოწეული კურკანტელა მოცვი ახლოსაც ვერ მივა. დღეს მე და ჩემი რომანის გმირმაც ზუსტად ვიცით, რომ „წარმატება მოაქვს არა განათლებას, განსწავლულობას, სანაცნობო წრეს, საკრედიტო ისტორიას, სილამაზეს, არამედ ცალსახად – შეუპოვრობას, იყავი თავხედი მიზნებში და იქნები შეუპოვარი.“
– და „თავხედური“ მიზნები როგორ სრულდება?
– ცხოვრების მიზანს რაც შეეხება, მჯერა, რომ თვითონ ცხოვრებამ იცის რა ჯობია შენთვის. როცა ყველა სურვილს ხელს გაუშვებ და იტყვი: იყავ ნება შენი! მაშინ ყველა კარი ერთად იღება და ბედნიერებაც მოვა. ცხოვრების მიზანიც ეგ არის – დაუპატიჟებელი ბედნიერებით ტკბობა…
რომანის „გრინ კარტა“ფინალური ეპიზოდი
„ცხოვრებამ შეიძლება თავისი გზით ისე იკუნტრუშოს, არც შერცხვეს, რომ გვერდიდან დაგისტვინა. ყველა ის ომი გაახსენდა, სადაც სასტიკად დამარცხდა; ის გემო ემწარა, მარცხის მერე რომ უჩნდებოდა და წლების მერეც გრძნობდა პირში. მარცხი ყველაზე დიდი წარმატება ყოფილა. აუხდენელი ოცნებები მთავარი მუღამია. უიღბლო მაშინ ხარ, როცა უბედურება არ გამოგიცდია ცხოვრებაში! გზად შემხვედრი დაბრკოლება თავად ხდება გზა! თუ ახალგაზრდობაში სისულელეები არ გიკეთებია, სიბერეში რა გაგაცინებს. ამიტომ, მთელ სიცოცხლეს უნდა გრძობდე ცეკვით, მღერით, ტანჯვით, წვალებით, აღტკინებით, პატარ-პატარა სიხარულებით და მაშინ მიხვდები, რომ ასეთი ცხოვრება ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნაღდი საგანძურია. თავს უბრძანა: ისუნთქე! გულს უბრძანა: იფეთქე! თვალებს უბრძანა: გაახილე! მუხლებს უბრძანა: წამოხტი! გაარღვიე ალიონის ცისფერი ჯანღი და დადექი აღთქმულ კარიბჭესთან, რათა პირველი მიეგებო შენი ქვეყნის ტიტლიკანა მზის სხივებს, ყველაზე თბილ მზის სხივებს, რომელიც თავის პატიმარ შვილს ისე ჩაიხუტებს და ჩაიკრავს გულში, როგორც მარიამი ყრმა იესოს. მომავალი დაინახა, თვალები გაახილა, ტუჩები შეარხია:
– საქართველო, გამარჯობა, შენი“…
თეონა გოგნიაშვილი