ცხოვრება საფრანგეთში და სამშობლოსთვის შეწირული უძვირფასესი ბიბლიოთეკა
ნინო სალია (ქალიშვილობის გვარი — ქურციკაშვილი) კახეთში, სოფელ ვარდისუბანში დაიბადა, სწავლობდა თბილისსა და პეტერბურგში. I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. 1926 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა, იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის საკითხებს. პარიზში გაიცნო და ცოლად გაჰყვა ცნობილ ისტორიკოსსა და ქართველოლოგს, კალისტრატე სალიას. პროფესიით, ექიმი იყო, მაგრამ, ასევე, დამთავრებული ჰქონდა ვარშავის უმაღლესი სასწავლებელი, ისტორიის განხრით.
1948 წლიდან, სალიების ინიციატივითა და სახსრებით, ასევე, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის დახმარებით, პარიზში გამოვიდა ქართულენოვანი ისტორიული, ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი – „ბედი ქართლისა„. 1958 წლიდან ჟურნალს ეწოდა „ბედი ქართლისა – რევიუ დე ქართელოლოჟი“ (“ბედი ქართლისა – ქართველოლოგიური მიმოხილვა”). სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყოველწლიურად გამოდიოდა ჟურნალის ერთი ან ორი გაერთიანებული ტომი (1984 წელს გამოვიდა ბოლო – 41-ე ტომი).
„ბედი ქართლისამ“ თავის გარშემო შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები. იბეჭდებოდა, აგრეთვე ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოეთკავკასიელი საბჭოთა მეცნიერების სტატიები. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ჟურნალის სამეცნიერო საბჭოში, რომლის თავმჯდომარეც კალისტრატე სალია იყო, შედიოდნენ: ი. ასფალგი (მიუნხენი), ჟ. დიუმეზილი (პარიზი), რ. ლაფონი (ბორდო), დ. ლენგი (ლონდონი), ი. მელიქოვი (სტრასბურგი), შ. მერსიე (პარიზი), ი. მოლიტორი (ბამბერგი), ბ. უტიე (საბლე–სიურ–სართი), კ. პარი (პარიზი), გ. პეჩი (იენა), კ. ჰ. შმიდტი (ბონი), მ. ვან ესბროკი (ბრიუსელი), ჰ. ფოგტი (ოსლო), მ. წერეთელი (მიუნხენი). ჟურნალის რედაქტორი იყო კალისტრატე სალია, საგამომცემლო და სარედაქციო საქმეში მას გვერდით ერთგულად ედგა მეუღლე – ნინო ქურციკაშვილი. ჟურნალის მიზანს შეადგენდა საზღვარგარეთ გაფანტული ქართველების გაერთიანება და ერთიანი ეროვნული სულისკვეთების სამსახური. რედაქცია თანამშრომლობისათვის იწვევდა ყველას, ვისაც საქართველოს აწმყო და მომავალი აღელვებდა, „ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის ნიადაგზე“ იდგა.
ნინო და კალისტრატე სალიები აქტიურად ეხმარებოდნენ დამწყებ უცხოელ ქართველოლოგებს. ცდილობდნენ, სამეცნიერო კვლევები ქართველ მეცნიერებთან მჭიდრო კავშირში ეწარმოებინათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ 1980 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს შესწირეს უძვირფასესი ბიბლიოთეკა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სალიების კაბინეტი–ფონდი. წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ქართველოლოგიური და ორიენტალისტური ლიტერატურით, ლექსიკონებით, ენციკლოპედიებითა და სხვა უნიკალური გამოცემებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის მიჩნეული.
დღეს ხელნაწერთა ცენტრში გახსნილი ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკით ბევრი მეცნიერი სარგებლობს. აქ დაცულია 4400 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე. მემორიალურ კაბინეტში ინახება კალისტრატე და ნინო სალიების პირადი ნივთები, რომლებსაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
ნინო სალიას მეცნიერული ნაშრომებია: 1. ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, 1971; 2. წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ, 1972; 3. საქართველო: (ისტორიულ–კულტურული მიმოხილვა). თანაავტორები: კ. სალია და ვ. ბერიძე, 1972; 4. პორტუგალიური მასალები ქეთევან დედოფლის წამებაზე, 1973.