რაფიელ ერისთავი – განთქმული თამადა
რაფიელ ერისთავი განთქმული თამადა ყოფილა – ჭკვიანი, ნიჭიერი, ენამოსწრებული. მის მოსმენას არაფერი სჯობდა. ილია ჭავჭავაძემ თავის „ოთარაანთ ქვრივი“ დავით სარაჯიშვილის სახლში წაიკითხა. ამ საღამოს ესწრებოდნენ „ივერიის“ თანამშრომლები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: რაფიელ ერისთავი, ნიკო ნიკოლაძე, ივანე მაჩაბელი, პეტრე უმიკაშვილი, გრიგოლ ვოლსკი და სხვები… სჯა-ბაასის შემდეგ გულუხვმა მასპინძელმა საარაკო სუფრა გაუშალა სტუმრებს. იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებმა შემოინახა რაფიელ ერისთავის თამადობის ფრაგმენტები: „მეტადრე ლაზათი დასდო სუფრას თამადამ, მოხუცმა რაფიელ ერისთავმა, რომელიც განთქმული იყო, როგორც ჩვენი მწერლობის პატრიარხი და გლეხთა მგოსანი. რაფიელი იყო ამასთანავე ენა-წყლიანი, ჭკუა-მახვილი, ოხუნჯი, ხოლო ამისი ოხუნჯობა იყო ნამდვილი ძველებური ქართული, დარბაისლური. ვის სადღეგრძელოსაც დაჰლევდა, უსათუოდ შესაფერ სახუმარო სიტყვითაც მიჰმართავდა, ხან ექსპრომტით ლექსსაც ჩააკერებდა. მახსოვს კარგად: ალექსანდრე ჩოლოყაშვილის სადღეგრძელო იყო… ეს ჩოლოყაშვილი ქართული ბანკის დირექტორი იყო და იმ ხანებში არჩეულ იქმნა ხმოსნად ქალაქის საბჭოში („დუმა“) და აი, ასეთი სიტყვით მიჰმართა რაფიელმა: – ალექსანდრე, გიყვარდა კეთილი ცხოვრება და სულ იმას ნატრობდი, რომ კაი მსუქანი ლუკმა გეშოვნა. აკი აგიხდა ნატვრა: ეხლა ქალაქის „დუმა“ ხელში გიჭირავს, სთალე და სთალე. ნუ დაზოგავ, მსუქანი დუმააო. მერე პეტრე უმიკაშვილი ადღეგრძელა, ერთგული საზოგადო მოღვაწე და ქართული მწიგნობრობის მოყვარული. ალავერდს ნიკოლოზ ერისთავთან გადავიდა და თან დააყოლა: შენთვის მომინდვია, ყური უგდე პეტრეს და, თუ ჭიქა არ გამოსცალოს, ულვაში აუწიეო. ყველას სიცილი წასკდა, რადგან ყველამ და მათ შორის რაფიელმაც იცოდა, რომ პეტრე წვერ-ულვაშს არ ატარებდა, იპარსავდა, რაც მაშინ ქართველებში ძალიან იშვიათი იყო და რის გამოც პეტრე ნიშანში ჰყვანდათ ამოღებული და სულ ამ უულვაშობას დასცინოდნენ.“
ხალხს უყვარდა რაფიელის ლამაზი და ძარღვიანი პოეზია, ბავშვები აღმერთებდნენ მის საბავშვო ლექსებს. ის კარგი მეცნიერიც გახლდათ. ალექსანდრე ეპისკოპოსის დაფინანსებით შეადგინა და რუსული წინასიტყვაობით გამოსცა “მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდან”, გახლდათ სულხან-საბას ქართული ლექსიკონის რედაქტორი, მისი ეთნოგრაფიული წერილები ხშირად იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, მისი პიესები – “ბიძიასთან გამოხუმრება”, “პარიკმახერისას”, “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”, ხშირად იდგმებოდა ახლად აღორძინებული ქართული თეატრის სცენაზე. იყო ქართული მუზეუმის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი ინიციატორი.
და კიდევ ერთი შტრიხი რაფიელ ერისთავის შემოქმედებითი მოღვაწეობიდან – მხცოვან პოეტს მატერიალურად ძალიან უჭირდა, ამიტომ იძულებული გახდა ამ ასაკშიც კი სამსახური ეძებნა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა ქართული ენის ცენზორის ადგილი საცენზურო კომიტეტში. სიმწრით დათანხმდა ამ სამარცხვინო ადგილს, მაგრამ როგორც მაშინ მისი ახლობლები, მეგობრები და გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, მან თავის საქმე საუცხოოდ შეასრულა. ქართველმა ლიტერატორებმა, მცირე ხნით, მაგრამ მაინც, ამოისუნთქეს. ვითომ უნებლიეთ, მაგრამ, რასაკვირველია, განზრახ, ხშირად „იპარებოდა“. ეროვნული სულის მქონე წერილები თუ ლიტერატურული ნაწარმოებები. ამისთვის რაფიელს ხშირად საყვედურობდნენ, მაგრამ ისიც ამ შენიშვნებს სიხარულით ითმენდა. ბოლოს კი, როცა ილიამ „ივერიაში“ გამოაქვეყნა ფელეტონები სასულიერო სემინარიაში ქართულ ენაზე სწავლების დამკვიდრების შესახებ, რაფიელ ერისთავი სამსახურიდან დაითხოვეს.
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან