როგორ იშოვა ვასო აბაშიძემ სპექტაკლის დასადგმელი 500 მანეთი-იოსებ გრიშაშვილის ჩაწერილი ისტორია

იოსებ გრიშაშვილს ჩაუწერია ვასო აბაშიძის მონათხრობი: „სამშობლო“ უნდა დაედგათ. რეჟისორი მ. პ. ბებუთაშვილი მოითხოვდა ახალ დეკორაციებს და ახალ ტანისამოსს. მეცენატ ივანე მუხრანბატონთან ფულის სასესხებლად გაგზავნეს ვასო აბაშიძე. ვასო აბაშიძე იმიტომ აირჩია დასმა, რომ ხმა დადიოდა, მუხრანბატონს „მზის დაბნელებაში“ მხოლოდ მიკირტუმას (ვასო აბაშიძის) „შტუკა“ და მისი ცალ ფეხზე შემოტრიალება მოეწონაო… „როგორც იყო მივედი, – გვიამბობდა ვასო აბაშიძე თეატრის ახალგაზრდა მუშაკებს ამ ორმოცი წლის წინათ, – უნდა იცოდეთ, რომ ივანე მუხრანბატონი მთხოვნელებს მხოლოდ სისხამ დილით, 7 საათზე იღებდა. დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს იყო ზამთრის დღეებში, – მაშასადამე, ბნელოდა. ზარი ჩამოვკარი, კარი გაიღო. შევედი დარბაზში, არავინ არა სჩანდა, სიღრმეში დავინახე მაგიდა, მაგიდაზე იდო ხელში დასაჭერი პატარა ფანარი, – სწორედ ისეთი: აი, სადგურის მეისრეებს რომ აქვთ. მუხრანსკი მრგვალი ტანის კაცი იყო, მომცრო. სავარძელში მოთავსებულიყო და ძლივს მოსჩანდა. მივესალმე. ვერ მიცნო. – დილა მშვიდობისა, ბატონო! – გაგიმარჯოს! რა, ალბათ თხოვნა გექნება რამე, არა? – დიახ, ბატონო, ჩვენი დასი… – რაო? დასიო! რის დასი, რა დასი! – დიახ, ბატონო, ჩვენი დრამატული თეატრის დასი სდგამს დავით ერისთავის ახალ პიესას – „სამშობლოს“. ამ პიესის ისე იოლად დადგმა არ შეიძლება, ეს ხომ ვოდევილი არ არის: „კატა-აწონა“ ან „ბიძასთან გამოხუმრება“. ეს დრამაა და ძლიერი დრამა საქართველოს ცხოვრებიდან… – ჰო, სთქვი, ფული გინდათ, რაღა, – გამაწყვეტინა ქველმოქმედმა.

 – დიახ, ხომ მოგეხსენებათ ახალი დეკორაციები, ახალი ტანისამოსი… ჩვენ კი სულის გარდა, სხვა არაფერი გაგვაჩნია… – ამას წინათ „მზის დაბნელებამ“  შემოსავალი არა დაგიტოვათ-რა. – რას ბრძანებთ, ბატონო, რის ვაინაჩრობით ვცხოვრობთ, იმ წარმოდგენაშიც, თქვენ რომ ბრძანებთ, ცარიელი კუჭით გამოველი და მშიერი ვხტოდი სცენაზე…- დაიცა, მაშ შენ ის იყავი, რომ შეხტი და ცალ ფეხზე შემოტრიალდი? მაშ ვასო აბაშიძე შენა ხარ? – დიახ, ბატონო, მე გახლავართ! – აი, გაგაჩანაგა ღმერთმა, – და დაიწყო სიცილი, მერე ხველა აუტყდა და კინაღამ დაიხრჩო, – ბარაქალა! ბარაქალა, აბა, ერთი თუ ღმერთი გწამს, აქაც შეხტი, აბა! აბა!

რა უნდა მექნა, – განაგრძო ვასო აბაშიძემ, არ შევმხტარიყავი და ვაი თუ გამებრაზებინა ფეოდალი, შევმხტარიყავი და ასე დილაადრიან, ვიღაც მდიდრის წინაშე, ცირკის მასხარა ხომ არ ვიყავი… ბოლოს, როგორც იყო (გამახსენდა თეატრის უმწეო მდგომარეობა), „სამშობლოს“ პირველი დადგმა, დეკორაციების უქონლობა) იქნებ რამე დავცინცქლო-მეთქი, ერთი ჩემებურად შევხტი, მერე ცალ ფეხზე შემოვტრიალდი და თან დავაყოლე – „ჯან, კნიაზჯან!“

აქ კი ვეღარ მოითმინა და ხველა და ხარხარი ერთმანეთში აერია. როცა დადინჯდა აიღო ბანკის ჩეკი, ზედ 500 მანეთი დააწერა, მოხია და გადმომცა. ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა… მაშინვე გამოვვარდი გარეთ და თეატრისკენ მოვუსვი. მუხრანსკის ხარხარი კიდევ მესმოდა…“

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები