დავით სარაჯიშვილის ახდენილი ოცნება – კონიაკის წარმოება საქართველოში
საქართველოში კონიაკების დამზადება XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ცნობილ ფრანგულ პროდუქციას ხარისხით ვერ შეედრებოდა. იმ დროს მათი წარმოება საქართველოში, როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, კუსტარული იყო, ტექნოლოგია კი ეყრდნობოდა არა ცოდნას, არამედ ყურმოკრულს და გაგონილს – როგორ ამზადებდნენ კონიაკს ფრანგები.
დავით სარაჯიშვილს ოცნებად ექცა, საკუთარი კონიაკის წარმოება დაეწყო არა კუსტარულად, არამედ მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით. ამიტომ, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა, ვაზის ტრადიციული ქართული ჯიშების ანალიზი ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ქიმიური შემადგენლობით ის ძალიან ახლოს იდგა იმ ჯიშებთან, საიდანაც საფრანგეთში სპირტს ამზადებდნენ.
1885 წელს დავითმა თბილისში კონიაკის ცენტრალური საწყობი ააგო, სადაც პროდუქტს აძველებდა, 1888 წელს კი ჩვენს ქალაქში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამამულო ნედლეულს ამუშავებდა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5-სარექტიფიკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორის და 7-კონიაკის ქარხანას. ქარხნები ჰქონდა ერევანშიც, ბაქოშიც, ყიზლარშიც, საკუთარი მაღაზიების ქსელი კი – თბილისში, პეტერბურგში, რიგაში, მოსკოვში, ხარკოვში, ყიზლარში, ერევანში, ბაქოში, ვლადიკავკაზში… თბილისში დაარსებული მისი ქარხანა პირველი გახლდათ რუსეთის იმპერიაში, კონიაკმა კი სახელი გაითქვა რუსეთშიც და საზღვარგარეთაც. 1888-1913 წლებში მსოფლიო გამოფენებზე სარაჯიშვილის მიერ წარმოებულმა კონიაკმა 14 ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1913 წელს კი, გარდაცვალებიდან ორ წელიწადში, სარაჯიშვილის კონიაკს „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სასახლის მიმწოდებლის“ წოდება მიენიჭა.
საფრანგეთის ანალოგიით, სარაჯიშვილმა რუსეთში პირველმა შემოიღო კონიაკების კლასიფიკაცია. მის კონიაკებს ერქვა – „ძალიან ძველი“, „ფინშამპანი“, „კავკასიური ნატურალური“, „გრანშამპანი“ და სხვა… ფრანგული სახელების მიუხედავად, ეს გახლდათ ქართული კონიაკები – მათ მხოლოდ ქართული ყურძნისგან ამზადებდნენ. სარაჯიშვილის სხვა ქარხნებშიც ყურძნის მხოლოდ ადგილობრივი ჯიშები გამოიყენებოდა.
შთამბეჭდავია დავით სარაჯიშვილის კონიაკის რეკლამაც, რომელიც ერთ-ერთი პირველია ქართული პროდუქციის და საერთოდ, ქართულ რეკლამებს შორის. ბარბარე (ბაბო) ბაგრატიონ-დავითაშვილი, ტასო მაჩაბლის და, ხელში სარაჯიშვილის კონიაკის ბოთლით – ამ ფოტოს ავტორი პირველი ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი გახლავთ.
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან