ლითონში მოთხრობილი ლამაზი ისტორიები

ცნობილია, რომ ქართველებმა ლითონზე მუშაობა უძველესი დროდან დაიწყეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე-მეოთხე საუკუნეების ქართული სამკაულები იმის დასტურია, რომ იმ პერიოდში ჩვენში საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიას იყენებდნენ და ლითონს ესთეტიკურად ამუშავებდნენ. ამ საქმიანობას სირთულის გამო ძირითადად მამაკაცები მისდევდნენ.  

თუმცა, დღეს სიტუაცია შეიცვალა და ლითონზე მუშაობის ტექნოლოგია ქართველმა ქალბატონებმაც აითვისეს. მათ შორისაა ნინა მამალაძე, რომლის ნამუშევრებიც თემატური მრავალფეროვნებით და მაღალი გემოვნებით გამოირჩევა. როგორც თავად გვითხრა, ლითონის სამკაულები და მათი დიზაინი ყოველთვის იყო მისი ინტერესის სფერო, ამიტომ თვითრეალიზაცია შრომისა და მონდომების  ფასად მოკლე დროში შეძლო. დღეს საკუთარი ხელოვნების დამფასებელი დამკვეთებიც ჰყავს.

– ნინა, ლითონზე მუშაობა შრომატევადი საქმეა,როგორც ჩანს, ამ სირთულემ არ შეგაშინათ

– დიახ, ლითონზე მუშაობა უდავოდ შრომატევადი საქმეა და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ცეცხლთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. თანაც, ეს საქმე უამრავი ხელსაწყოს გამოყენებას გულისხმობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი ცხოვრება სახელოსნოსა და ამ საქმის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია.

– ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენი არჩევანის გამო სინანულის გრძნობა გაგჩენიათ?

– ურთულესი პროფესიაა და ბუნებრივია, მქონია შემთხვევა, როდესაც ჩუმად სახელოსნოდან გამოვსულვარ და მიტირია კიდეც. თუმცა მერე ისევ უკან დავბრუნებულვარ და ყველაფერი თავიდან დამიწყია. შედეგით კმაყოფილს დაღლა და ხელების ტკივილიც მავიწყდება ხოლმე…

– ახლა შედეგზე ვისაუბროთ. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი თითოეული სამკაული თავის ამბავს “ჰყვება”?

– სწორად შენიშნეთ… ყოველთვის მინდოდა შემექნა ისეთი სამკაული, რომელიც პატარა ამბავს ან ზღაპარს „მოჰყვებოდა“. დავაკვირდი, რომ ქალბატონებს ძალიან მოსწონთ ვერცხლსა და ბუნებრივ ქვაში გადმოცემული პატარა ისტორიები. შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ნაკეთობაში ჩემს ემოციასა და სულის ნაწილს ვდებ.

 – ამ პროფესიის ასეთ დონეზე დაუფლებას ვის უმადლით?

– ის, რაც დღეს ვიცი, ამისთვის მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს, უძლიერეს ოქრომჭედლებს – ბესო ამირეზაშვილსა და ზაზა კვაჭატაძეს. მათ გარეშე ნამდვილად ვერაფერს შევძლებდი.

– ძირითადი დამკვეთები ვინ არიან?

– ჩემი ძირითადი დამკვეთები, რა თქმა უნდა, ქალბატონები არიან. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თინეიჯერებს და სტუდენტებს ვერაფერი  შევთავაზე, მათ მოსწონთ მინიმალისტური სამკაული, რომელსაც ჯერჯერობით არ ვაკეთებ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ამგვარ სამკაულებსაც დავამზადებ.

– გამოფენებში მონაწილეობის შემოთავაზებები თუ გქონდათ?

– დიახ, არა ერთხელ მქონდა შემოთავაზება, რომ სხვადასხვა გამოფენაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ უარი ვთქვი, ანალოგიურად, სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობასაც იმ მარტივი მიზეზის გამო არ დავთანხმდი, რომ ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობის ნამუშევარი არ მაქვს.

– თქვენი ნამუშევრები სოციალურ ქსელებში გამოფენისთანავე იყიდება?

– დიახ, ასე გამოდის. რასაც ვაკეთებ იმ ნამუშევრის ფოტოს ჩემს გვერდზე ვდებ და მისი შეძენის მსურველიც მალევე ჩნდება ხოლმე. აქვე ვიტყვი, რომ თითო ნაკეთობის დამზადებისთვის 5 -10 დღე მჭირდება, გააჩნია ნამუშევრის სირთულეს. სხვათა შორის, ჩემს კოლეგებთანაც სიამოვნებით ვთანამშრომლობ. ხშირად უთქვამთ, რომ ჩემი ნაკეთობა ცოცხალია, ენერგეტიკა აქვს და მათ რაღაც სასიამოვნო ამბავს ახსენებთ, რაც ძალიან მახარებს.

– სამომავლოდ, ლითონსა და ქვაში გადმოცემული რომელი ისტორიის “გაცოცხლებას” აპირებთ?

– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივმართო, რომ თუკი ადამიანს სურვილი აქვს საყვარელი საქმე აკეთოს, გვიან არასოდეს არის. პროფესიის შეცვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მიხარია, რომ 50+ ქალებისთვის ერთგვარად, მოტივატორი გავხდი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როდესაც საკმარისი რაოდენობის ნამუშევარს დავაგროვებ, მინდა შევქმნა კოლექცია, რომლის სახელი და კონცეფცია მოფიქრებული მაქვს. იმ კოლექციით აუცილებლად წარვდგები ფართო აუდიტორიის წინაშე.

ელენე ალექსიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები