“სქური” – “ჯადოსნური” წყალი სამეგრელოში

ისტორიული ეგრისის მხარეში – სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაცული და ჩაკეტილი ხეობაა სქური. ადგილი, რომლის ირგვლივ ბუნებრივად წარმოქმნილი მთათა სისტემა ქმნის სამმხრივ დაცვას და მხოლოდ ერთ გასასვლელს, რომელიც ომიანობის პერიოდში მთელი ხეობის მცხოვრებთა მთავარი მანიშნებელი ადგილი იყო – ხალხური გადმოცემით, სქურის შესასვლელში დანთებული ცეცხლი მიანიშნებდა საფრთხეს – რომ მტერი ახლოსაა. ცეცხლის დანახვისთანავე მოსახლეობა ხეობაში შედიოდა, იმ ერთადერთ გასასვლელს ჩახერგავდნენ და მტერს გზას უკეტავდნენ.

ასე გადარჩა ადგილობრივი ხალხი, ბუნება და ის ხელშეუხებელი ბუნებრივი რესურსები, რაც სქურს გააჩნია. მათ შორის უმთავრესი კი არის წყალი.

სანამ სქურის მინერალური წყლის შესახებ მოგითხრობთ, გეტყვით რომ სქურის წყალი, ზოგადად, გამორჩეულად სუფთაა, რასაც მოწმობს კალმახების ჭარბი რაოდენობა სქურის მდინარე ჭანისწყალში და ის სასმელი წყალი, რომლითაც ირგვლივ სოფლები მარაგდება.

რაც შეეხება მინერალური წყლების საბადოს, ბუნებრივად მომდინარე წყლების შესწავლა 1915 წლიდან დაიწყო, 1920 წელს კი მას სამკურნალო წყლის სტატუსი მიენიჭა. 1937 წელს საბადოსთან ჭაბურღილი გაითხარა და დღემდე მინერალური წყალი სწორედ ამ ჭაბურღილის საშუალებით მოედინება. ბუნებრივად, წყლის ტემპერატურა 17-19 გრადუსზე მერყეობს. ბაქტერიოლოგიური ანალიზის მინერალიზაციით კი სქურის მინერალური წყალი არ ჭუჭყიანდება და მისი სანიტარიული მდგომარეობა სრულად აკმაყოფილებს სამკურნალო და სასმელი წყლის მოთხოვნებს.

წალენჯიხის მუნიციპალური ცენტრიდან სქურამდე დაახლოებით ნახევარი საათის მანძილია. მინერალური წყლებით მდიდარ და მთებით გარშემორტყმულ მწვანეში ჩაფლულ ხეობას კურორტის სტატუსი აქვს მინიჭებული.

წლების განმავლობაში, სქურის ხეობაში ფუნქციონირებდა პანსიონატები და სანატორიუმები, სადაც დასასვენებლად თუ სამკურნალოდ ჩადიოდნენ სტუმრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან. სქურში იყო პიონერთა ბანაკებიც. კურორტის ასეთმა პოპულარობამ გამოიწვია ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაც. ელექტროენერგიით მომარაგდა სქური და მიმდებარე სოფლები, გაკეთდა უკეთესი გზა და კურორტი კიდევ უფრო მეტ ხალხს მასპინძლობდა წელიწადის სხვადასხვა დროს.

კონკრეტულად სქურის მინერალურ წყალს რაც შეეხება, საინტერესო სტატიას ვპოულობთ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. 2004 წლის ნოემბრის სტატიაში, ავტორი ზაურ ფიფია წერს მე-19 საუკუნის ცნობილი მოგზაურის, ბოტანიკოსის, ფლორისტის და გეოგრაფის – ნიკოლოზ ალბოვის შესახებ. პუბლიკაცია გვიყვება თუ რა აქტიურად მოგზაურობდა ეს პიროვნება კოლხეთის ტერიტორიაზე, როგორ მიუძღვნა სამეცნიერო ნაშრომები კოლხეთის (ანუ დღევანდელი სამეგრელოს) მხარეს და როგორ დაატარებდა ბოთლით უცნობ სითხეს, რომელსაც „სხურას“ ეძახდა. სახელწოდებიდან გამომდინარე, ამ სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ „სხურა“ სწორედ რომ „სქურს“ ნიშნავს. თანაც, მეცნიერი ალბოვი კავკასიას განსაკუთრებულ პატივს სცემდა, ამ უცნაურ სითხეს კოვზით სვამდა, როგორც წამალს, როგორც „ჯადოსნურ მიქსტურას“. შესაძლოა, სტატიის ავტორი უცნობ სითხეს მხოლოდ სახელწოდების მიხედვით აკავშირებს სქურის მინერალურ წყალთან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წყლის სამკურნალო თვისებები მედიკოსების მიერ არის დადასტურებული. წლების განმავლობაში სქურის წყალი ინიშნებოდა საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. სამეცნიერო დასკვნით კი სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს.

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „სქური“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

წყარო: საქპატენტი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები