თვეში საშუალოდ 300-მდე საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია გვიწევს სამშობლოში

“ქართული კვირა” დაუკავშირდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვარზე თანამშრომლობის მართვის, ევროპული სააგენტოს მონიტორინგის წარმომადგენელს ავსტრიაში – ირმა ცირამუას, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბოლო რამდენიმე თვეში, ევროლიბერალიზაციის შესახებ რიგი კანონების დარღვევების შემთხვევებზე ისაუბრა.

– ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, როგორია მაჩვენებელი, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მატულობს თუ იკლებს პროცენტულად?

– წინა წელთან შედარებით, სტატისტიკის მიხედვით, არ აღინიშნება თავშესაფრის მოთხოვნათა ნაკლებობა, შესაბამისად , მიმდინარეობს „read missis”ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

– რამდენად ხშირად ტარდება რედმისია, არსებობს თუ არა წინასწარ დაგეგმილი „წერტილები“ და  ხომ არ ხდება მათი მხრიდან რაიმე გადაცდომები – ვგულისხმობ ადამიანთა უფლებების დარღვევას რეიდების დროს?

– რეიდი ტარდება თვეში ორჯერ ან სამჯერ, თუმცა, არის შემთხვევები როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანა ვერთიანდებით და ერთობლივად ხდება დამრღვევების დეპორტაცია.უკან დაბრუნება დამოკიდებულია ყოველთვის თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, შესაბამისად ხდება დაბრუნებაც.გადაცდომები ამ შემთხვევაში-ადამიანის უფლებების დარღვევა დაუშვებელია, რადგან ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უნდა იქნეს „read missis” ფარგლებში დაბრუნებული, მათი საქმის შესწავლას  თვეებით ადრე ვიწყებთ. დარღვევების აღმოჩენის  შემთხვევაში, მოქალაქეებიც დაგვიტოვებია და ფრენიდანაც მოგვიხსნია. აქვე განვმარტავ, რომ ფრენიდან მოხსნაში არ იგულისხმება ის, რომ მოქალაქე დარჩენილა თავშესაფარში – ფაქტიურად მათი დეპორტაცია გადადებულა რამდენიმე დღით ან კვირით.

-საშუალოდ თვეში რამდენი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია უწევს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვარზე თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს?

– მიახლოებით, სადღაც 300- მდე საქართველოს მოქალაქის, მეტის ან ნაკლების შემთხვევებიც მქონია პრაქტიკაში…

-ევროკავშირის რომელი ქვეყნები ლიდერობენ ევროლიბერალიზაციის კანონის დამრღვევ საქართველოს მოქალაქეების გადეპორტირებაში?

– ლიდერობენ: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ირლანდია და ინგლისი.

-მიზეზები, რის საფუძველზეც ითხოვენ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები?

– ძირითადი მიზეზებია სამედიცინო და ეკონომიკური სიდუხჭირე სამშობლოში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოდის არასწორად დასმული დიაგნოზით. მათი გადმოცემით, სამშობლოში მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარებისა, უმეტეს შემთხვევაში, თანხა საკმარისი არ არის. ევროპაში სამკურნალოდ  ჩამოსულებს მხოლოდ ოპერაციის ხარჯები კი არა, მანამდე და პოსტოპერაციის ხარჯებიც ჭირდებათ. ასეთი მოქალაქეების მოკლე დროში დაბრუნება კი ძალიან მტკივნეულია.

-იგეგმება თუ არა გარკვეული ცვლილებების შეტანა  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვარზე თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტოს მიერ უკვე არსებულ დადგენილებაში?

-რა თქმა უნდა, არის ამის შესახებ საუბარი, თუმცა, როდის და რა სახის იქნება ეს ცვლილებები ჯერჯერობით გაურკვეველია. იმედია,  ამის შესახებ შესაბამისი ორგანოები დროულად გვამცნობენ.

-და ბოლოს, რას ურჩევდით საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით იღებენ გადაწყვეტილებას გადააცილონ ან დაარღვიონ ვიზის ვადები, მოითხოვონ  თავშესაფარი?

– რჩევის მიცემა ძალიან მიჭირს. ადამიანს, მოქალაქეს, რომელიც ნამდვილად ჯანმრთელობის პრობლემებიდან  გამომდინარე მოდის ევროპაში და ბარდება, რა უნდა ვურჩიო? ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როდესაც ვხედავ ავადმყოფ ბავშვს, ან ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემით ჩამოსულს. თუმცა მათ, მხოლოდ გამიზნულად „გამდიდრების მიზნით“ რომ მოდიან, ნამდვილად ვთხოვდი, თავი შეიკავონ, დაფიქრდნენ მომავალზე. მათი ასეთი გადაწყვეტილებები ცუდ როლს თამაშობს საქართველო-ევროპის ურთიერთობებზე. ასეთებმა უნდა ეცადონ წესიერი ცხოვრებითა და შრომით მიაღწიონ მიზანს. ეს შესაძლებელია და საკუთარი თავის მაგალითზე შემიძლია დავადასტურო. იყო დრო, როცა მეც ჩამოსული ემიგრანტი ვიყავი, მაგრამ გავიარე ყველა ის დაბრკოლება და საფეხური, რასაც ემიგრანტობა ჰქვია. დღეს ვარ იქ, სადაც მინდოდა ყოფნა. ასე, რომ გირჩევთ, რთული და პატიოსანი გზით, კანონის სრული დაცვით, განახორციელოთ თქვენი სურვილები ევროპაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები