“შეწყვიტეთ ემიგრაციის ტვირთის ზიდვა, ნუ მიაჩვევთ ზარმაც ცხოვრებას ოჯახის წევრებს…” – ინტერვიუ ჟურნალისტ ლანა ბიბილურიძესთან
“სამომავლოდ გადადებული ცხოვრება და განწირული თავი… ოცდაათი წლის მერე დაგეგმილი ბედნიერი ცხოვრება… ფიქრობ ხვალ, ზეგ მორჩები გეგმებს და დაბრუნდები საკუთარ სახლში… გეგმები არ სრულდება, უფრო ემატება ყოველ თვე, ყოველ წელს…” – რა არის ემიგრაცია და რატომ უჭირთ ემიგრანტებს შინ დაბრუნება? – ინტერვიუ ჟურნალისტ ლანა ბიბილურიძესთან.
– ოცნებად მქონდა გადაქცეული, გამერღვია ქვეყნის და გონების საზღვრები… ინტერესი მკლავდა თუ და ხდებოდა ჩვენი ქვეყნის მიღმა… სხვა სამყარო მინდოდა მენახა, სხვა ხალხი, სხვა კულტურა. დღეებს ვითვლიდი დამემთავრებინა უნივერსიტეტი და გადამეფრინა ათასი მთის იქით… წარმოდგენაში ევროპა ზღაპარი მეგონა. ბავშვობაში ვუყურებდი უცხოურ სერიალებს და სულ მინდოდა სერიალის გმირი ვყოფილიყავი… ჩემი საზღვრებს მიღმა ცხოვრება ერთი დიდი სერიალი იყო… მახსოვს, პირველად ბარსელონის მიწაზე რომ დავდგი ფეხი შემოვიარე ქუჩები, გაფაციცებით ვათვალიერებდი ყოველ კუთხეს, ადამიანებს… თვალშისაცემი იყო ყოველ ნაბიჯზე გარე კაფეები, კაფეებში კი ფერად ტანსაცმელში შემოსილი მოხუცები ყავას სვამდნენ, გაზეთს კითხულობდნენ… ქუჩაში მოსიარულე მოხუცი წყვილები, ხელჩაკიდებული ცოლ-ქმარი კონცერტზე, კაფეში, სალონში… უზრუნველი სიბერე… მივყვებოდი ქუჩებს და თვალებში თითქოს მიკროსკოპი მქონდა მიმაგრებული, ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი… საკმაოდ თავაზიანი და კომუნიკაბელური ერია! მომეწონა მათი სამუშაო რეჟიმი და ნამდვილი დასვენება… ყველა სფეროში წესრიგი და სიმშვიდე, შუადღის ორ საათზე დასრულებული სამუშაო და სადილად ოჯახში მისვლა და დასვენება, ხომ წარმოუდგენელი რამ არის ჩვენთვის? იქ კი მიღებული წესია. ესპანეთში ცხოვრება და ყოველი მზის ამოსვლა უხარიათ, არავინ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ქუჩაში ვერ შევხვდებით მიუსაფარ ცხოველებს, ამ მიწაზე ყველა თავისუფლად სუნთქავს. ადამიანის ასაკი მხოლოდ ციფრებია, ამ ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობენ ბედნიერებისთვის და მათ შემყურეს თითქოს გავიწყდება კიდეც, რომ სადღაც არსებობს გაჭირვებული საზოგადოება…
– ლანა, მიუხედავად კარგი ცხოვრებისა, ძალიან მალე დაბრუნდით სამშობლოში…
– მე მოვიხიბლე ფერადი ესპანეთით, მაგრამ ჩვენ უსამშობლოდ ადამიანები გაფერადებული როდი ვართ?! მენატრებოდა ყველაფერი, სხეულით ესპანეთში და ფიქრებით, სულით საქართველოში ვიყავი… სრულიად დავიშალე, დავნაკუწდი და მიჭირდა ჩემი დაშლილი თავის აწყობა… ესპანეთში ვსწავლობდი ინსტიტუტში, მქონდა ჩემი ჰობი, ხან ფლამენკოს ცეკვას ვსწავლობდი, ხან ცურვას, ხან სამოგზაუროდაც დავდიოდი, რას აღარ ვცდილობდი რომ გამეძლო, მაგრამ უშედეგოდ… საქართველოდან წასვლა ერთ ამოსუნთქვაში გადავწყვიტე, მაგრამ უკან დაბრუნებისთვის ბევრი ამოსუნთქვა დამჭირდა…
ვეღარ ვცნობდი საკუთარ თავს, გაორებული ვიყავი, მუდმივი დიალოგი, ორთაბრძოლა მქონდა. უცხო მიწაზე ორი ადამიანი გავხდი. ძნელია ჩაალაგო ჩემოდანი და დატოვო ის გარემო, რომელიც თითქოს გძულს და თან ხელს არ გიშვებს… მე გარდავიცვალე უცხო მიწაზე და რთული იყო გარდაცვლილი გვამის ტარება. ბოლოს მივხვდი, თუ ჩემში სიცოცხლე გარდაიცვლებოდა არაფერს ჰქონდა აზრი. ვიყიდე ბილეთი და დავბრუნდი… დავბრუნდი და ისევ ამოვიდა მზე ჩემში… სამყაროს სხვანაირი თვალებით დავუწყე ყურება. ვისაც გგონიათ, რომ თქვენი ცხოვრება დასრულდა და სტრესში ხართ, გახსოვდეთ გამოსავალი არსებობს… მე დავბრუნდი და სიცოცხლე ხელმეორედ შევიყვარე…
– სამწუხაროდ, დღესაც ბევრი ადამიანი მიდის ემიგრაციაში და ძალიან დიდ ხანს ვერ ბრუნდებიან შინ. რა არის ამის მიზეზი?
– იცით რა არის ემიგრანტობა? – სამომავლოდ გადადებული ცხოვრება და განწირული თავი… ოცდაათი წლის მერე დაგეგმილი ბედნიერი ცხოვრება… ადამიანი დიდხანს რჩება უცხო მიწაზე, ყიდულობს სახლებს და საკუთარ ცხოვრების დღეებს ყიდის… ფიქრობ ხვალ, ზეგ მოვრჩები გეგმებს და დავბრუნდები საკუთარ სახლში… გეგმები არ სრულდება, უფრო ემატება ყოველ თვე, ყოველ წელს… ყველას გასაჭირი შენი გასაჭირი ხდება… არადა თავად ყველაზე დიდი გაჭირვებული ხარ, ცხოვრება გძულს და პატიმრობა… გსურს გისოსები დაამსხვრიო… მაგრამ ვინ გაცდის?! – შვილს მანქანა უნდა, ძვირად ღირებული ტელეფონი, სეირნობა, დასვენება, რძალს კარგი ჩაცმა… სიძეს ქეიფი… ქმარს მუშაობა ეზარება, დედამთილს პატრონობა უნდა, მამამთილს პენსია არ ჰყოფნის… ქმარს საყვარლისთვის სახარჯო ფული… მოკლედ, ერთი ემიგრანტი ქალის მოსავლელი ხდება მთელი ოჯახი და შესაძლოა სანათესავოც… ყველა პრობლემა იმ ერთი ემიგრანტის გადასაჭრელია… ოჯახს დახმარება უნდა და ზრუნავს ემიგრანტი, თავად ემიგრანტზე კი რამდენი ადამიანი ზრუნავს?! რამდენი ოჯახის წევრი ადგა და წავიდა სამუშაოდ და ემიგრანტი ქალის დასახმარებლად?! დრო გადის და წლები… ემიგრანტს როდი ეუბნებიან რომ ენატრებათ და დაბრუნდეს სახლში, პირიქით დაბრუნებულს შესაძლოა ჩემოდანი ისევ ჩაულაგონ და გაუშვან ოცი წლის ემიგრაციის მერეც… ”საქართველოში რა გინდა? აქ რა უნდა აკეთო?!” – შეაგებებენ უცებ და გაუჩენენ ვალდებულებას…
ოჰ, არა ქალებო… შეწყვიტეთ ემიგრაციის ტვირთის ზიდვა, ნუ მიაჩვევთ ზარმაც ცხოვრებას ოჯახის წევრებს… თქვენ საკმარისად იზრუნეთ სხვებზე, ახლა სხვებმა იზრუნონ თქვენზე თუ არა საკუთარ თავზე მაინც… არ დასრულდება პრობლემები, გეგმები სანამ თქვენ არ დაასრულებთ… ნება თქვენია… მე ჩემი ნააზრევი ვთქვი…
და კიდევ… თუ ოდესმე გადაწყვიტე წახვიდე შენი ქვეყნიდან შორს, საზღვრებს მიღმა, კარგად დაფიქრდი… დაფიქრდი, რადგან შესაძლოა რამდენიმე კვირაში არ დაბრუნდე… შესაძლოა შენი სამშობლო ბევრი წელი ვეღარ ნახო…