ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილო – 2023” გაიმართება

13,14 და 15 ოქტომბერს, ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილო – 2023” გაიმართება. ფესტივალის სლოგანია “იცხოვრე, დარჩი!” ფესტივალის თემაა – “პორტრეტი”(ინდივიდუალური, ჯგუფური, ინტერიერში ან ექსტერიერში).

ფოტოკონკურსისთვის ფოტოების მიღების უკვე დაიწყო და ბოლო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი.

ფესტივალში მონაწილეობისა და ფოტოების გასაგზავნად რეგისტრაცია ელექტრონულ მისამართზე photofestilo@gmail.com ხდება.

აუდიტორიის გამარჯვებული ფოტოსგამოვლინდება ფესტივალის Facebook გვერდზე, სადაც ერთ ფოტოზე ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. შედეგი 2023 წლის 15 ოქტომბერს, ფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე გამოცხადდება.

ფესტივალის ძირითადი კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა მთავარი პრიზი – “ილო 2023″, აგრეთვე ნომინაციების გამარჯვებულები და პრიზიორები  ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე 2023 წლის 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

ფესტივალის პროგრამა:

13 ოქტომბერი

12:00 – 12:30 საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილოს” გახსნის ცერემონია – ილო ხახიაშვილის ძეგლის წინ (ქუთაისი, რუსთაველის ქ. #4)

13:00 – 17:00 ფესტივალის საკონკურსო ფოტოების და ავტორების პრეზენტაცია – ქუთაისის “თი ბი სი” ბანკის საგამოფენო სივრცე (ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #24)

15:00 – 17:00 ვორქშოპი “თანამედროვე ფოტო – ტექნოლოგიები” – „დმო“ იმერეთი საკონფერენციო დარბაზი (ქუთაისი, რუსთაველის ქ. #9 ა)

17:00 – 18:00 კულტურული პროგრამა (ფოტო – კინო მატეანეს მუზეუმი)

14 ოქტომბერი

10:00 – 17:00 ფოტოგამოფენა ქუთაისის “თი ბი სი” ბანკის საგამოფენო სივრცე (ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #24)

11:00 – 14:00 “ქუთაისი ჩემს ფოტო კამერაში” – ფოტო გადაღებები ქალაქის ქუჩებში (ქალაქ – მუზეუმის ტერიტორია)

14:00 – 17:00 მასტერკლასი “თეთრ ხიდზე”

15:00 – 17:00 კულტურული პროგრამა ( ექსკურსია: ბაგრატი, გელათი, მოწამეთა, “თეთრა მღვიმე” – წყალტუბო )

15 ოქტომბერი

10:00 – 17:00 ფოტოგამოფენა ქუთაისის “თი ბი სი” ბანკის საგამოფენო სივრცე (ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #24)

12:00 – 14:00 მასტერკლასი “ფოტოპორტრეტი” ( იური მეჩითოვი, მაია დეისაძე )

15:00 – 17:00 ფესტივალის დახურვის ცერემონია (ქუთაისის “თი ბი სი” ბანკის საგამოფენო სივრცე – ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #24)

ლოგოს და ვიდეოინტროს (ქუდი) ჩვენება, ფესტივალის განვლილი 2 დღის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ჟიურის წევრების შეფასებები და შთაბეჭდილებები, ფესტივალის მონაწილეთა მიერ მეორე დღეს გადაღებული ფოტოების პრეზენტაცია ეკრანზე.

ფესტივალის დირექცია გამარჯვებულებს პრიზებს და ჯილდოებს გადასცემს.

“ფოტოკონკურსი ილო” 2006 წელს დაარსდა. იდეის ავტორი კინოდოკუმენტალისტი, მხატვარ – დიზაინერი მერაბ ქაჯაია გახლდათ. კონკურსი დღემდე სხვადასხვა პერიოდულობით ტარდებოდა. გარკვეული წარმატების მიუხედავად, ის მაინც საჭიროებდა განვითარებას და ამ მიზნით, 2022 წელს, ფოტოკონკურსის რებრენდინგი მოხდა და მას ახალი სტატუსი “საერთაშორისო ფოტოფესტივალი – ილო” მიენიჭა. პროექტს ახალი სტანდარტით და ფორმით მეორე წელია კომპანია “ოქროს პეპელა” ახორციელებს.

ვინ იყო ილო და რატომ დაერქვა ამ კონკურსს მისი სახელი კომპანია “ოქროს პეპელას” დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი გვიამბობს:

– “მე 20 საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში სწრაფად ვითარდებოდა ფოტოხელოვნება, როგორც კულტურის ერთ – ერთი დარგი. მნიშვნელოვანია ქუთაისელი ფოტოგრაფების დამსახურება ქალაქის წარსულის წლების ფოტომატიანეს შექმნაში. მათ შორის, ვინც ფოტოგრაფირება ფოტოხელოვნების რანგში აიყვანა თავისი ოსტატობით და ხელწერით გამორჩეული შემოქმედი, ფოტოპორტრეტისტი, ეროვნებით ებრაელი – ილო ხახიაშვილი გახლდათ. ბატონი ილო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაეუფლა ფოტოგრაფიას და სიცოცხლის ბოლომდე ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების სახლის პირველ სართულზე – ფოტოსალონში მუშაობდა. მან საზოგადოებას არა მარტო საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით, არამედ განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით და ადამიანური ურთიერთობებით დაამახსოვრა თავი. მისი მოკრძალებული “ატელიეს” ხშირი სტუმრები იყვნენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები, მომღერლები, მოქანდაკეები, სპორტსმენები, მეცნიერები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, უბრალო ქუთათურები. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არაერთი მხატვრული ნაწარმოები შეიქმნა, როგორც მის სიცოცხლეში ასევე გარდაცვალების შემდეგ… რეზო გაბრიაძემ, რომელიც ილო ხახიაშვილთან მეგობრობდა, ილოს პიროვნება უკვდავყო თავის პიესაში „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, სადაც ჩიტი ბორია ამბობს, რომ ილოს ფოტოსახელოსნოში „ჩიტი – გამოფრინდებად“ მუშაობდა… 2004 წელს მადლიერმა ქუთაისმა მას ძეგლი და მუზეუმი გაუხსნა… გახსნის დღეს გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ოტია იოსელიანმა თავის გამოსვლაში ბრძანა: “ისტორიას არ ახსოვს ქალაქი, რომელიც ძეგლს უდგამდეს ფოტოგრაფს, ეს ხდება ამ ქალაქში, ქუთაისში, ნიშნად იმ დიდი სიყვარულისა და ერთგულებისა, რაც მან, ებრაელმა კაცმა დაუტოვა ქუთაისს””.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები