რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში საერთაშორისო პროექტ „თანამემამულეების“ რიგით მე-8 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
14 სექტემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში „დიასპორის სახლის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტ „თანამემამულეების“ რიგით მე-8 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
„დიასპორის სახლის“ ხელმძღვანელის, ინა ასანიძის ინფორმაციით, პროექტ „თანამემაულეების“ ეგიდით ჯილდოვდებიან ის ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში საქართველოს უწევენ პოპულარიზაციას, ეხმარებიან სხვა ქართველ ემიგრანტებს და ქართულ ეროვნულ საქმეს აკეთებენ.
“ქართული კვირა” დაუკავშირდა ქალბატონ ინა ასანიძეს და გაესაუბრა
– ეს პროექტი უკვე მერვე წელია არსებობს. ვცდილობთ მთელი წლის განმავლობაში მოვაგროვოთ ინფორმაციები იმ ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც უცხო მიწაზე არიან, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებენ, ეხმარებიან თანამემამულეებს გზის გაკვალვაში და საქართველოს პოპულარიზაციას უწევენ. ასეთ ნომინანტებს რეკომენდატორები წარმოგვიდგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ჟიური იღებს. ეს პროექტი აპოლიტიკურია და სხვა, მსგავსი დაჯილდოებებისგან განსხვავებით, ჩვენს ნომინანტს არანაირი ფინანსების გაღება არ უწევს. ჩვენი ამოცანაა ვნახოთ ის ადამიანები, რომლებიც ქართულ საქმეს აკეთებენ და ჩვენი ჯილდოთი მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ და მივცეთ მოტივაცია. დაჯილდოების ცერემონიამდე, ნომინანტებისთვის ხუთდღიანი მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა.
– რამდენი ემიგრანტი შეირჩა წელს დაჯილდოებისთვის?
– ამერიკისა და ევროპის კონტინენტიდან წლევანდელი დაჯილდოებისთვის 12 ემიგრანტი შეირჩა, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე გადაეცათ ჯილდოები, ხოლო ვინც ჩამოსვლა ვერ მოახერხა, კუთვნილ ჯილდოებს იმ ქვეყნებში მიიღებენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან.
– შეგიძლიათ უფრო ახლოს გაგვაცნოთ ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც დააჯილდოვეთ?
– რა თქმა უნდა, სიამოვნებით წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
აზა მანთაშაშვილი – ლიცენზირებული ექიმი ამერიკაში. ჰყავს ამერიკელი მეუღლე, შვილი, ისინიც ექიმები არიან. აქვთ საკუთარი კლინიკა. აზა დაგვიკავშირდა თვისტომში და შემოგვთავაზა, რომ ქართველებს უფასოდ მოემსახურებოდა. ეს ძალიან დიდი დახმარებაა ემიგრანტისთვის.
ქეთი ზაუტაშვილი – სწავლობს, გაისად უკვე იქნება ექიმი, მაგრამ ამავდროულად არის ამერიკის კონტინენტის პლასტიკური გინეკოლოგიის ტრენერი. რაც მთავარია, კოვიდ პანდემიის დროს ამ გოგომ გერმანიაში ჩარჩენილ 21 სტუდენტს, რომელთაც აეროპორტში ეძინათ, აუღო თვითმფრინავის ბილეთი და გამოუშვა საქართველოში.
თამარ მიქაძე – სამი შვილის დედა. მან, წლების წინ, ნიუ-ჯერსიში გახსნა შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი, სადაც ბავშვები სხვადასხვა წრეში იღებენ ცოდნას. სხვათა შორის, ახლა, 1 ოქტომბერს თამარი ძალიან დიდი ღონისძიებას “აფხაზეთი საქართველოა” ატარებს .
ზურა კვანტრიშვილი – 20 წელია ამერიკაში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მათ აქვთ პატარა კლინიკა, ასევე ლიცენზირებული უძრავი ქონების სააგენტო, მაგრამ რაც მთავარია, ყველა კულტურის ცენტრს და ეკლესიას ძალიან ეხმარება ზურა. მათი მუდმივი მხარდამჭერი და სპონსორია.
გიორგი გოგიძე – ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი იყო, რომელიც ძალიან ეხმარება ქართველებს. ის მუშაობს 100 წლიან კომპანიაში, რომელიც სიცოცხლეს აზღვევს. ის ამ კომპანიის გენერალური მენეჯერია.
ნინა კიკნაძე – ჯორჯიის შტატში ცხოვრობს, ატლანტაში. ის ქართველებისთვის საოცარ პროექტებს აკეთებს, ყველას გააცნო საქართველო. ახლა ცდილობს დაამეგობროს ჭიათურა და ატლანტა. ის არის ჯორჯიის შტატში რესპუბლიკურ პარტიაში და იქ მსოფლიო ემიგრანტებს კურირებს.
ევა კაპანაძე – ის არის ფოტოხელოვანი. იგი ძალიან ცნობილ პროდიუსერებთან მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ ფოტომომსახურება ძალიან ძვირია ამერიკაში და მას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, როცა ქართული პროექტი კეთდება, ევა ქართულ დიასპორას ყოველთვის უანგაროდ უდგას გვერდით.
თინათინ ახვლედიანი – ეს ქალბატონი, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. მისი სურვილი იყო ჰოლანდიაში გაეხსნა ქართული თეატრი “ათინათი”. ჯერ სახლში აკეთებდა სპექტაკლებს, მერე აიღო ფართი და ჩამოაყალიბა ისეთი თეატრი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ(კოვიდპანდემიის დროს გარდაიცვალა) ამ თეატრმა სხვადასხვა ფესტივალებში გაიმარჯვა. ჯილდო მის შვილს – ნათია ახვლედიანს გადავეცით.
ინეზა კვიციანი – ის წარმოშობით აფხაზეთიდანაა და ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს. ბიზნესმენია, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს და ქველმოქმედებითაა დაკავებული.
მანანა ხორბალაძე – მან ბელგიაში ჩამოაყალიბა თეატრი “დაბრუნება” და ფაქტობრივად საკუთარი ფინანსებით დგამს სპექტაკლებს, მსახიობებს უხდის ჰონორარებს, ხშირად საქართველოდანაც ჩაჰყავს რეჟისორები.
ნელი აფციაური – 30 წელია ცხოვრობს თურქეთში. მუსიკოსია. ქართული დიასპორისთვის მიუზიკლებს დგამს, თავისი საბავშვო მუსიკალური წიგნები აქვს გამოცემული.
ირმა კუტალაძე- რუბინო – მას ჰყავს ამერიკელი მეუღლე, ორი შვილი, ოჯახი დაკავებულია ბიზნესით, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის და საკმაოდ ცნობილია იმ შტატში, სადაც ცხოვრობენ. გარდა ამისა, ირმას აქვს თავისი დასაქმების სააგენტო, მაგრამ ის ქართველებს ანაზღაურების გარეშე ეხმარება. ირმა არის ქართული დიასპორის დამფუძნებელი. მან ამ არასამთავრობო ორგანიზაციით უამრავი კარგი საქმე განახორციელა.
ლელა ნინუა – ლელას დაუსწრებლად გადაეცა ჯილდო. ისიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. სულ ახლახან მან ჩაატარა ღონისძიება “სამოსი სამშობლო” და ძალიან ბევრი ქალი გააბედნიერა”.
📷ნინო ჯაჯანიძე
ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც, პროექტს დახმარება თბილისის მერიამ აღმოუჩინა.