ქართული ენის დისტანციური სწავლება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის მიზანია, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის, მათ შორის შერეული ოჯახების შვილებისათვის ენის სწავლება და ქართულ კულტურასთან ზიარება. პროექტი თავდაპირველად, საპილოტე რეჟიმში დიდ ბრიტანეთში დაიწყო და მასში 4 ქართველი მოსწავლე ჩაერთო. ნელ-ნელა მოსწავლეების და ქვეყნების ჩამონათვალი გაიზარდა და დღეს უკვე მოიცავს როგორც ევროპის, ასევე აზიის, აფრიკის ქვეყნებს და აშშ-ს. ამ ეტაპზე პროგრამაში ქართული ენის 32 პედაგოგი და 350-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული 36 ქვეყნიდან.
ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კომპანიის „Microsoft – საქართველო“ მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამის შესახებ Kartuli.kvira.ge ესაუბრა მარიკა სიხარულიძეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელს.
– როგორ გაჩნდა იდეა შექმნილიყო მსგავსი პროექტი და როგორი იყო პირველი ნაბიჯები, სტარტისთვის დიდი ბრიტანეთი რატომ აირჩიეთ?
– იდეა ქართული ენის დისტანციური სკოლის შესახებ გაჩნდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში (ახლანდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო). შემდგომში, იდეის განხორციელებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩაუდგა სათავეში. პირველი საპილოტე პროექტი 2016 წლის ბოლოს განხორციელდა. მოსწავლეთა პირველი ჯგუფი დიდ ბრიტანეთში მოვიძიეთ, იმისათვის, რომ საცდელ გაკვეთილებზე ენობრივი ბარიერის შემთხვევაში ინგლისურენოვანი მასწავლებელი დახმარებოდნენ მოსწავლეებს.
– კონკრეტულად ვისთვის არის შექმნილი პროექტი?
– პროექტი განკუთვნილია უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის, მათ შორის შერეული ოჯახების შვილებისათვის.
– როგორია დინამიკა? ყოველწლიურად ფართოვდება როგორც გეოგრაფიული არეალი ასევე მოსწავლეთა რაოდენობა… რამდენი ქვეყანა, ბავშვი და მასწავლებელია ჩართული ამ ეტაპზე?
– თავდაპირველად, 2016 წელს, დავიწყეთ 4 მოსწავლით. მაგალითად, შარშანდელი წელი დავასრულეთ საშუალოდ 250 მოსწავლით. ამ წუთას სკოლაში 350-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება 36 ქვეყნიდან, მათ შორის ა.შ.შ.-დან, დიდ ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ლუქსემბურგიდან, ფინეთიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, მოლდოვიდან, პორტუგალიიდან… ტრინიდადი და ტობაგოდან და საუდის არაბეთიდანაც კი.
–სწავლების დეტალებზე და მეთოდებზე რომ ვისაუბროთ… როგორ ასწავლით დისტანციურად ქართულს?
– დისტანციურ სკოლაში მოსწავლის ჩართვა ხდება ონლაინრეგისტრაციის საფუძველზე, მისამართზე http://distancelearning.mes.gov.ge/ge
რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს მოსწავლის მშობელმა, ან ნებისმიერმა მეურვემ (ოჯახის წევრმა). აღსანიშნავია, რომ როგორც რეგისტრაცია, ისე სწავლა ქართული ენის დისტანციურ სკოლაში სრულიად უფასოა. დარეგისტრირებული მოსწავლე გადანაწილდება შესაბამის ჯგუფში ენის ფლობის დონისა და ასაკის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სკოლაში 5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები გვყავს. სწავლება ხდება სინქრონულ გაკვეთილების ფორმატში, ანუ მოსწავლეები და მასწავლებელი თანადროულად ერთვებიან ვირტუალურ საკლასო სივრცეში (წინასწარ დათქმულ დროს) სადაც ისინი ხედავენ ერთმანეთს და შეუძლიათ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ფაილების გადაგზავნა. მასწავლებლები მუშაობენ ენის სწავლების ინტერაქტიული მეთოდებით. ქმნიან უამრავ სახალისო და საინტერესო სასწავლო რესურსს. რაც შეხება პროგრამას, იგი ეფუძნება ენების სწავლების ერთიან ევროპულ ჩარჩო-დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ენის ფლობის დონეებს: A1, A2, B1,B2, C1 და C2. ამ ეტაპზე ჩვენი პროგრამა ფარავს ენის სწავლების B1 დონეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ფუნქციონირებს Microsoft საქართველოს მხარდაჭერით, Skype for business პლატფორმის ფორმატში, რომელიც ზემოაღნიშნულმა კომპანიამ უფასოდ დაუთმო პროექტს.
– პედაგოგების შერჩევა როგორ მოხდა? და რამდენად დიდი გამოცდილებაა მათთვის მსგავი პროექტი?
– პედაგოგების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. ამჟამად სკოლაში დასაქმებულია ქართულის, როგორც უცხო/მეორე ენის 32 პედაგოგი. მათი შერჩევისას გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების უნარი, ასევე ქართულის, როგორც მეორე ენის წავლების სპეციფიკის ცოდნაც.
დისტანციური სკოლის პედაგოგები ყოველწლიურად გადიან გადამზადებას უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზე. მათ კონსულტაციას უწევს ქართული ენის სწავლების გამოცდილი კონსულტანტი. გარდა ამისა, ისინი მუშაობენ ვირტუალურ სივრცეში, სადაც თავს უყრიან და ერთმანეთს უზიარებენ მათ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს.
– რა გაჩვენათ განვლილმა პერიოდმა, რაში სჭირდება უფრო მეტად პროგრამას დახვეწა და განვითარება?
– პროგრამა ყოველწლიურად აქტიურად ვითარდება. შემუშავდა მეოთხე პუნქტში აღწერილი პროგრამა, რომელიც ენის ფლობის დონეების განმსაზღვრელ საერთო ევროპულ ჩარჩოს ეფუძნება. წელს შეფასების სისტემა დავნერგეთ: ყოველი საფეხურის მიღწევისას მოსწავლეებს ენიჭებათ ელექტრონული სერტიფიკატები, ე.წ. ციფრული სამკერდე ნიშნები. გაისად მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკზე ვფიქრობთ, რათა საქართველოში არდადეგებზე დაბრუნებულ ბავშვებს ერთმანეთი შევახვედროთ და პირისპირ ჩავუტაროთ ქართული ენის გაკვეთილები.
– ვისაუბროთ პროგრამის პერსპექტივაზე და სამომავლო გეგმებზე. თქვენი მოლოდინი- როგორ წარმოგიდგენით სადამდე განვითარდება პროექტი?
– დიდი სურვილი გვაქვს, პროექტში რაც შეიძლება მეტი თანამემამულე ჩავრთოთ, რათა მომავალში ხელი შევუწყოთ მათ რეპატრიაციას, ან თუნდაც კუთვნილების გრძნობა შევუნარჩუნოთ სამშობლოსთან.
ზოგადად, მადლიერი მშობლებისაგან უამრავ წერილს და გამოხმაურებას ვიღებთ, მათ შორის გულისამაჩუყებელს. გვაქვს ბევრი ვიდეომიმართვაც. მოსწავლეები, რომლებიც ძირითადად ზაფხულობით ჩამოდიან საქართველოში ოჯახებთან ერთად, ხშირ შემთხვევაში ხვდებიან თავიანთ მასწავლებლებს და შეძლებისდაგვარად ვირტუალურ თანაკლასელებსაც. მათი გულმხურვალე შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა და, მერწმუნეთ, წარმოუდგენლად გულისამაჩუყებელ სანახაობას წარმოადგენს.