წაჩხურობა – წაჩხურუს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის დღესასწაული

დღეს წაჩხურობა – წაჩხურუს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის დღესასწაულია, ამ დღეს ევედრებიან შვილიერებისთვის.

დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.

სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.აკვანი

ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს…

ტაძარს მრავალი მომლოცველი სტუმრობს, განსაკუთრებით, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, როცა დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მმადლობელი ადამიანები მოდიან… მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან.

„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან.

წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძართან დაკავშირებული სასწაულებზე მამა სერაფიმე დანელია გვესაუბრება, რომელიც 13 წლის განმავლობაში მსახურობდა წაჩხურუს ტაძარში და პირველი წირვაც სწორედ მან აღავლინა.

დეკანოზი სერაფიმე დანელია: „წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარი განსაკუთრებულად ახლობელია ჩემთვის. ჩემი მღვდლობის პირველმა წლებმა ძირითადად სწორედ ხირზენის მთებიდან მომხიბვლელად მომზირალი წაჩხურუს ტაძრისკენ მიმავალ ბილიკებზე გაიარა.

ოდითგანვე, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათ დღეს, აღინიშნებოდა მოსკე-წაჩხურუს დღესასწაული, ამიტომაც ეს დღე – ხუთშაბათი – სამუდამოდ დაებედა წაჩხურუს ტაძარს. ყოველი კვირის ამ დღეს ამოდიოდა ტაძარში ხალხის გარკვეული რაოდენობა და მეც, ამ დღის დილის ბინდ-ბუნდში შევუყვებოდი მთების აღმართებში მიმავალ ბილიკს. გზა სოფელზე გადიოდა და ვამჩნევდი, როგორ მიმაცილებდა მრავალი თვალი, ზოგი გაკვირვებული, ზოგი გახარებული, მაგრამ მაინც, აკვანი ყველაზე დიდი სიხარულით წაჩხურუს სოფელში მიმელოდნენ. დილით ადრე იღვიძებდნენ, რომ მომსალმებოდნენ და გულღიად გაეღიმათ ჩემთვის. მერე შეიკრიბებოდნენ და ტაძარში ამოვიდოდნენ, რათა ესაუბრათ მამაოსთან ან დამხმარებოდნენ საქმეში. ზოგჯერ ღამითაც ვრჩებოდი ტაძარში და მაშინაც მომიკითხავდნენ სოფლის კაცები: მამაო მარტოა მაღლა მთებშიო და საჭმელ-სასმელით დატვირთული ამოდიოდნენ…

ერთხელ, დიდი მარხვის ვნების პარასკევს, საშინელი ქარბორბალა დატრიალდა და ჩემზე რწმუნებული სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრისა და წაჩხურუს მთავარანგელოზების ეკლესიის სახურავები ერთდროულად მოხადა და გვერდზე მოისროლა…

წარმოიდგინეთ ჩემი მწუხარება, მით უმეტეს, როცა ჩემს ყურს ზოგიერთი ადამიანის ნიშნისმოგებით ნათქვამი მოსწვდა: ,,თუ ღმერთი არსებობს, რატომ გადახადა თავის ეკლესიებს სახურავიო“ ზოგმა ისიც თქვა, მამაოს წაჩხურუს ეკლესიიდან ხატი გაუტანია და ამიტომ მოხდა ეს უბედურებაო, არადა ხატი მართლა მქონდა შესაკეთებლად ჩამოტანილი… თითქმის მთლიანად მომიცვა სასოწარკვეთამ, აღდგომა და წაჩხურობა კარს იყო მომდგარი, წვიმდა გადაუღებლად და უკვე ტაძარში აღწევდა, მე კი მიტოვებულობის განცდას ვყავდი შეპყრობილი.

და აი, ერთ დღეს, როცა სულის გამაწამებელ კითხვებს, საბოლოოდ ვერაფრით ვუპასუხე, თითქოს გონება განათდაო, ვთქვი: მე არაფერი ვიცი, არაფერი მესმის, შენ მითხარი, შენი წმიდანის პირით-მეთქი და გადავშალე წიგნი, რომელიც ხელში მომხვდა და ვკითხულობ ბერი ზაქარიას სიტყვებს: ,,ყოველი განსაცდელი, რომელიც ჩვენზე მოიწევა – ღვთისაგანაა და ნუ ფიქრობთ, რომ ის ჩვენს დასაჯელად არის მოვლენილი, მას კაცთმოყვარე ღმერთი, მხოლოდ ჩვენს განსაწმედელად და გასაძლიერებლად დაუშვებს ხოლმე… და მინდა გთხოვოთ, მუხლს მოვიყრი თქვენს წინაშე და გთხოვთ: არასოდეს, რაც არ უნდა მოხდეს ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, არამედ მუდამ გჯეროდეთ ღვთის კაცთმოყვარეობისა“…

ეს იყო სასწაული. მე თითქოს ახალი ადამიანად დავიბადე. უძლეველი რწმენით ავივსე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და აი, მეორე დღეს გადმომცეს უცხოეთში მცხოვრები წაჩხურუელი ადამიანის მიერ გამოგზავნილი თანხა, რომლის მეშვეობითაც სამ დღეში ორივე ტაძარი დაიხურა და სრულ იქნა ჩვენი სააღდგომო სიხარული.

ასევე სასწაულებრივად მოხდა ტაძრის მოხატვა. წაჩხურობის დღესასწაულზე ჯვრის მთხვევის დროს მომიახლოვდა უცნობი ადამიანი და უბრალოდ მეუბნება, რომ ამ ტაძრის მოხატვას ფიქრობს და უნდა რომ დავაკვალიანო. მართალი გითხრათ, ეს ამბავი სერიოზულად ვერ მივიღე და გაღიმებულმა განვუმარტე, რომ ეს საქმე ძალიან დიდ თანხებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაზედაც თვითონაც გაეღიმა და სრული მზადყოფნა გამომიცხადა. აკვანი თურმე ძეს ითხოვდა უფლისგან და ჩაუთქვამს ასეთი შესაწირი. ასე მოულოდნელად დაიწყო და დღევანდელ დღემდე გრძელდება ამ ადამიანის თანადგომა ამ ტაძრის მიმართ. გალავანი, სამრეკლო, სამონასტრო კომპლექსი… ძე და მემკვიდრე კი ტაძრის მოხატვის დაწყებიდან ერთ წელიწადში აჩუქა უფალმა…

ტაძრის კარიბჭის მაღლა აწერია ციფრი 1957 წელი. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ კომუნიზმის ზეობის ამ წლებში გადაიხურა წლების უკან სახურავმოძარცული, ჯვარმოგლეჯილი და გატიალებული წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარი. გადახურული იქნა იმ ადამიანის შთამომავლების მიერ, რომელიც იმ ავბედით წლებში ხელმძღვანელობდა ტაძრის ხელყოფას და ტანჯვა-წვალებით გარდაიცვალა აფხაზეთში. მისი შვილებიც პარტიული ადამიანები და თანამდებობის პირები იყვნენ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე აღესრულებინათ. უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენამ იმ პერიოდში უფრო აამაღლა ხალხში რწმენა და პატივისცემა ამ ტაძრისადმი.

ტაძარს მოსკე-წაჩხურუს ეძახიან, რაც მეძევეს ნიშნავს. აქ უპირატესად მემკვიდრის, ძის სათხოვნელად ამოდიან, ხშირად ფეხშიშველები და პატარა აკვნით ხელში. იქ მსახურების 13 წლის მანძილზე ბევრ სასწაულს შევსწრებივარ. ბევრი მინახავს ბავშვით ხელში და მადლობით ამოსული ადამიანი. ჩემს ახლობელს, რომელსაც წლების მანძილზე მუცელი ეშლებოდა, აქ მისთვის აღვლენილი წირვა-ლოცვის მერე შვილი შეეძინა და დაპირებისაებრ აქ მონათლა… შორიდან ჩამოვიდა წლების მანძილზე უშვილო მოძღვარი მეუღლესთან ერთად და შეკვეთილი წირვის და აღსარება-ზიარების შემდეგ მომავალ წელს შვილი შეეძინათ…

სასწაული უფლისაგან იმის გამო კი არ გვეძლევა რომ ამას ვიმსახურებთ, არამედ მისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობისა და მისდამი რწმენაში ჩვენი გაძლიერების გამო.

წაჩხურუს მთვარანგელოზები გვეწეოდეს!“

მნიშვნელოვანია, რომ „წაჩხურობას“ ხშირად წვიმიანი ამინდია, რის გამოც მომლოცველებს სამანქანო გზის ნაცვლად, ფეხით უწევთ მონასტრამდე მისვლა, თუმცა უამინდობის მიუხედავად, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა…

წყარო: http://www.ambioni.ge/wacxuroba…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები