პარიზში მოღვაწე “კინოთი მოწამლული” ემიგრანტი, ანუ “სახლში ყველაზე უკეთესია…”
Bounjour, ნიკა, – წინასწარ დათქმულ საათზე ვუკავშირდები პარიზს. ჩემ მეხსიერებაში პატარა, ქერათმიანი, ცელქი ბიჭუნა ამომიტივტივდა. მაშინ გაზეთ „შანსში“ ვმუშაობდი ჟურნალისტად…ნიკას მამა, ბონდო ქურდაძე, გაზეთის რედაქტორი იყო და შვილი ხშირად აკითხავდა მამას რედაქციაში…
- გამარჯობა, თამუნა – ფრანგული აქცენტით მიბრუნებს სალამს ნიკა
- როგორი ამინდია პარიზში?
- გრილა.
- თბილისში თბილი და მზიანი შემოდგომაა…
ნიკა უკვე 30 წლის ახალგაზრდა კაცია, ნიჭიერი კინორეჟისორი, გამორჩეული ინდივიდუალობით, თავისუფალი ხედვებითა და საინტერესო სამომავლო გეგმებით. ხმაში სევდა აქვს შეპარული. შევატყე, რომ თავისთავზე საუბარი არ უყვარს, არც იმ ურთულესი პერიოდის გახსენება ისურვა, რომელსაც გზა თბილისიდან პარიზამდე, ანუ ემიგრაცია ქვია, და არც იმ მიზეზებზე საუბარი, რამაც მისი ოჯახი აიძულა გაქცეულიყო სამშობლოდან!
ნიკა 12-13 წლის იყო, როცა თბილისში, შაბათობით, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთან დადიოდა საკვირაო სკოლაში. ეცნობოდა სხვადასხვა ქვეყნების კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას, ესწრებოდა ფილმების ჩვენებებს; სწორედ ცხოვრების ამ პერიოდმა მოახდინა მასზე დიდი გავლენა და „დაავადდა“, დიაგნოზი- „კინოთი მოწამლული“: გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო და ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეარალურ ინსტუტუტში, სწავლობდა დრამის რეჟისურაზე.
სულ ახლახანს კი, საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ჩატარებულ საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF), სადაც რამდენიმე ათეული ფილმიდან, მხოლოდ 6 ქართველისა და 19 უცხოელი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩა. ერთ-ერთი სწორედ ნიკა ქურდაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კარს მიღმა“ გახდა. ქართველ ემიგრანტთა შემოქმედებითი ჯგუფი პარიზიდან მშობელი ქვეყნისა და თანამემამულეთა წინაშე საინტერესოდ წარსდგა.
- ნიკა, შენი ფილმის „კარს მიღმა“ მთავარი გმირი , მხატვარი ფრედერიკი პატიმარია, გაურკვეველი ეპოქის, გაურკვეველ ქვეყანაში, მის გვერდით საკანში მუნჯი მუსიკოსია, კარს მიღმა… რა, ან ვინ იყო შენი ამ ფილმის ინსპირაცია?
- ერთი ჩინური პატარა ხალხური ისტორია… ამ ფილმზე 2 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა, შემოქმედებითი ჯგუფი 50 ადამიანს ითვლის, ძირითადად, ქართველები და ფრანგები; ფილმის კომპოზიტორი თეოდორ ერისთავია, ოპერატორი კი ფრანგი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც აქამდე რეკლამებისა და კლიპების გადაღებით იყო ცნობილი.
მომავალში ნიკას სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება აქვს დაგეგმილი, გადაღებების მცდელობა უახლოეს ერთ წელიწადშია დაგეგმილი. ოცნება – ქო-პროდუქციის შექმნა-რეალურია. მისმა პირველმა ფილმმა “დახუჭობანა“ „კლერმოტ ფერანდის“ კონკურსზე, ლონდონში სერიოზული სიტყვა თქვა!
- ქართული კინო რეანიმაციაში წევს, პულსი ესინჯება, მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუსვეს…
- ახლის ძიების მცდელობას ვერ ვხედავ. თემატიკა, სამწუხაროდ ერთი და იგივეა…თავისუფალი შემოქმედებითი ძიების დეფიციტია…რატომღაც, საქართველოში მხოლოდ სოციალურ ლიანდაგებზე დადიან, საერთაშორისო ასპარეზისთვის ლოკალური თემები არ არის საინტერესო…რამდენადაც ვიცი, ყველა ქათული ფილმი „კინოცენტრის“ მიერ ფინანსდება, სადაც დასაფინანსებელი პროდუქტის შერჩევის პროცესში „კომისიას“ აქვს უპირატესობა…
- შენი საყვარელი ქართველი და უცხოელი რეჟისორი და კომპოზიტორი, ვის გამოარჩევდი?
- ქართველებიდან-შენგელაიას და გია ყანჩელს, უცხოელებიდან კი მორიკონეს და მილოშ ფორმანს გამოვყოფდი.
ვისაუბრეთ დიდხანს, ნიკა მიყვებოდა როგორ ჩააბარა 2012 წელს პარიზის „აუდიო ვიზუალის უმაღლეს სკოლაში“, სადაც 3 წელი ისწავლა კინო საოპერატოროზე, შემდეგ როგორ გააგრძელა სწავლა კინოს ფაკულტეტზე. 2011 წლიდან დაკავდა სარეკლამო სააგენტოში „2Aprod“ – ში, ასევე „france 3”-ში და “concortium-c“-ში. ნიკა რამდენიმე დამოუკიდებელ კინო პროექტზე ოპერატორად და რეჟისორის პირველ ასისტენტადაც მუშაობდა. დღეს, საკუთარ ახალ პროექტზე მუშაობს. ნიკას დიდი წარმატება ვუსურვე, მოვიკითხე მისი ოჯახი, დედ-მამა და დაიკოები, რომლებთანაც ერთად ცხოვრობს პარიზში და , ბოლოს მაინც ჩავეკითხე:
– ნიკა, ალბათ ბევრს მოგზაურობ, საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობ, საყვარელი საქმითა ხარ დაკავებული ევროპის ცენტრში, რას მეტყვი, ყველგან კარგია, სადაც კარგად ხარ, თუ?
– ყველგან კარგია, თამუნა, მაგრამ სახლში ყველაზე უკეთესია! – მიპასუხა ნიკამ ღიმილით.
– au revoir, ვემშვიდობები ნიკას, უფრო სწორად ნახვამდის,- აშკარად ცუდი გამოთქმა მქონდა და მშობლიურ ენაზე დამშვიდობება ვარჩიე… ორივეს გვეცინება.
საღამოს „ფეისბუქზე“ შესვლის „ტრადიცია“ არ დავარღვიე და მეგობრების პოსტებს გადავავლე თვალი. ერთი პოსტის წაკითხვამ თვალზე ცრემლი მომგვარა. რადგან საჯაროდ დაწერა, ნიკას მამას ალბათ არ ეწყინება, მისი ემოციები რომ გაგიზიაროთ:
„პარიზში არ მეძებოთ… ბათუმში ვარ, საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჩემს ბიჭში ჩავსახლდი, სულით, გულით, სისხლით ხომ ისეც მასთან ვარ…მისი ტკივილი ჩემი ტკივილია, მისი სიხარული, ჩემი სიხარული…ალბათ ასე ფიქრობს ყველა მამა…მე მხოლოდ ჩემი შვილის ფილმი მაქვს ნანახი, ვიცი რომ მთელი გადამღები ჯგუფი და თვითონ, ბოლომდე დაიხარჯნენ, გულის სისხლი გაიღეს…10 წლის განშორების შემდეგ, არ ვიცი როგორ მიიღებს ჩემს ბიჭს, ნიკა ქურდაძეს თავისი ქვეყანა (!)
ბ. ქურდაძე, ჟურნალისტი, პარიზი 2019 წელი