„დედა რომ გარდაიცვალა, ალისა ფრეინდლიხმა მითხრა – ახლა ყოველდღე აღმოაჩენ შენში რაღაც ვერიკოსეულსო“
21 მაისი ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავის – სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა..
“მე 21 მაისს გავჩნდი, ელენეობას, ამიტომაც დედას უნდოდა, ჩემთვის ელენე დაერქმია. მამა ჩამოვიდა და თქვა, რა ელენე, რის ელენე, დედაჩემის სახელი სოფიო უნდა დავარქვათო. იყო ერთი ბჭობა და ბაასი. ამასობაში ერთი თვის გავხდი და სახელი ისევ არ მერქვა. ბოლოს მამამ დაწერა ქაღალდებზე “ელენე” და “სოფიო”, ჩაყარეს ქუდში და ჩამაყოფინეს ხელი. ამომყვა “სოფიო” მგონი ერთადერთი პიროვნება ვარ და გინესის წიგნში შესატანი, რომ თვითონ დავირქვი სახელი ერთი თვის ასაკში”
„ყველა თვლიდა, რომ ვერიკოსა და მიშას შვილი მსახიობი უნდა გამოსულიყო და ყველა იმას მთხოვდა, მოდი გვიმღერე, იცეკვე, ან ლექსი წაგვიკითხეო…უჰ… ვერ ვიტანდი ამას… ის კი არა, ინსტიტუტში რომ გადავწყვიტე ჩაბარება, დედაჩემმა მითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეგიძლია, ერთი ლექსი მაინც წამიკითხეო.ხომ არ გაგიჟებულხარ, რა ლექსები უნდა გიკითხო-მეთქი. გრიალ-გრიალით გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე…“
“სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი ვერიკოს, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. …მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან. ჩემი პირველი როლი, ჰარა „ბაფთიან გოგონაში“ – ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან.
„ურიელ აკოსტაშიც“ ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმდენად მისთვის იყო ეს როლი…. დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია…მინდა გითხრათ, არ მსურდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა…ერთხელ კი, სტუმრების თანდასწრებით, დალია სადღეგრძელო და განაცხადა: „დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე“
“დედა რომ გარდაიცვალა, ალისა ფრეინდლიხმა მითხრა: ახლა ყოველდღე აღმოაჩენ შენში რაღაც ვერიკოსეულსო. მართლაც ასეა”