მაჯაზე დახვეული რკინის კეტი – ლეგენდარული ფალავანი კოსტა მაისურაძე

რაჭაში ლეგენდარული ფალავანი კოსტა მაისურაძე ცხოვრობდა, რომელსაც სიძლიერის გამო “რკინისმკვნეტელი” რაჭველი შეარქვეს. გადმოცემის თანახმად, კოსტა 32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით ისროდა და მერე ხან კისრით იჭერდა და ხანაც მკერდით.

დედაქალაქში როცა ჩამოსულა რესტორანში მეპურედ დაუწყია მუშაობა. რესტორანთან დიდი ქვა ყოფილა, რომელსაც მოქეიფეები მაგიდად იყენებდნენ. კოსტას ეს ქვა სავარჯიშოდ მოსწონებია და ერთ ღამესაც მოუკიდებია ზურგზე და წაუღია. მეორე დღეს ატეხილა ერთი ამბავი, ქვა სად გაქრაო. რესტორნის მეპატრონისთვის ქურდობის თვითმხილველებს უთქვამთ, ბნელოდა, სახე ვერ დავინახეთ, მაგრამ ქურდს მარტოს ზურგზე მოკიდებული მიჰქონდა უზარმაზარი ქვაო. ძნელი მისახვედრი არ იყო ვის შეეძლო ასე მარტო ამხელა ქვის წაღება, ხოდა რესტორნის მეპატრონეს კოსტასთვის დაუძახია და უთქვამს შენს მეტი ამას ვერავინ იზამდა, ქვა დააბრუნეო. კოსტასაც ღიმილით მოუკიდებია ნაპარავი და უკან მოუბრუნებია.

ერთხელ, სოფელ ცხმორის ახლოს, ლერწუანში გამართულ ზეიმზე, კოსტა მაისურაძეს რკინის კეტი დაუხვევია მარჯვენა ხელით მარცხენა მაჯაზე. ამ სანახაობით გაოგნებულ ერთ მაყურებელს მისთვის ლექსიც კი გამოუთქვამს:

ეს რკინა ისე დავგრიხე,

ვით მოზელილი თასმაო,

მაყურებელი კვირობდა:

შეხედეთ, კოსტამ რა ქნაო.”

კოსტამ სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე დაამარცხა, რაჭველი ფალავანი ათ კილოგრამამდე წონის მოოქრულ საფალავნო ქამარს ატარებდა, რომელიც რუსეთის იმპერატორის მეუღლეს – მარიას გადაუცია მისთვის ერთ-ერთი დიდი გამარჯვების შემდეგ. ვერავინ შეძლო მისთვის ამ ქამრის შეხსნა.

კოსტა მაისურაძე 1881 წელს დაიბადა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაცვლილა. ამბობენ, ბაქოში 1918 წელს ერთ-ერთ ტურნირზე ჩასულს ტიფი შეეყარაო. უცნობია მისი დაკრძალვის ადგილი. ერთი ვერსიით, რაჭაში, მრავალძალის ეკლესიაში უნდა განისვენებდეს. ასევე უცნობია მისი ლეგენდარული ქამრის ადგილსამყოფელიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები