“ელადა და მეგობრები ” – საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების შესახებ ახალი წიგნი გამოიცა

“ვინ, რამ დაგვფანტა?… მიგვყარ – მოგვყარა, დღემდე თავი რომ ვერ მოგვიყარა… იქნებ სამშობლომ გადაგვიყვარა? ვაი თუ ეს გზა, ტოლი გოლგოთის, დარჩეს “იყო და არა იყო რა” – ლექსი საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ლუიზა კუპატაძეს ეკუთვნის და ის ათენში ახლად გამოცემულ წიგნში “ელადა და მეგობრები” შევიდა. წიგნი საბერძნეთში მყოფ შემოქმედ ქართველ ემიგრანტებს ეძღვნება და მისი გამოცემის იდეა  მსახიობს, რეჟისორსა და პოეტს,  მირიან ზალოშვილს ეკუთვნის, რედაქტორი კი  ანა ყურშავიშვილია.
“მშვენიერების, რითმისა და ქართული უბადლო სიტყვის სილამაზის შეგრძნებისა და დაფასების თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებულთა კრებულია ეს მშვენიერი წიგნი — “ელადა და მეგობრები”- წერს რედაქტორი ანა ყურშავიშვილი. წიგნში 16 ემიგრანტის ნააზრევი, მათი ტკივილი და სამშობლოს მონატრების სევდაა გაზიარებული, ანა ყურშავიშვილს საბერძნეთში, ემიგრანტების თემაზე უკვე მრავალი წიგნი აქვს გამოცემული.
“ესენი ის ემიგრანტები არიან,  რომლებიც აგერ უკვე 20 წელია შემოიკრიბა მწერალმა და ჟურნალისტმა, საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთ ,,ელადას” დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ემიგრანტების ჭირისა და ლხინის მოზიარე, ერთგულმა მეგობარმა, მათი ნიჭის დამფასებელმა, ქალბატონმა ანა ყურშავიშვილმა…” აღნიშნავს ლუიზა კუპატაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები