კულტურის სამინისტროს გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი გადაეცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, გამოჩენილი მეცნიერისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი გადაეცა. არქივი სამინისტროს გადასცა გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის მთავარმა კურატორმა თამილა ცაგარეიშვილმა, რომელიც ათეული წლების მანძილზე პატრონობდა და ინახავდა არქივს. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი მოიცავს 1920-1980 წლებში მის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ექსპედიციების შედეგად მოპოვებულ და დამუშავებულ მასალას.
„საარქივო მასალები მოიცავს არაერთ ფასდაუდებელ ცნობას და მეცნიერული კვლევის შედეგს, მათ შორის: „აჭარისტანის პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციისა“ და სვანეთსა და ხევსურეთში მოწყობილი ექსპედიციების ამსახველ მასალებს; ექსპედიციებში მონაწილე მხატვრების ჩანახატებს; საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ატლასს; 1950 წლის დოკუმენტურ ფირს სვანეთის შესახებ, რომელიც აკადემიკოსმა ალექსანდრე რობაქიძემ შესწირა მუზეუმს; პირად დღიურებსა და ჩანაწერებს, ასევე, პირად წერილებს და ა.შ.
გიორგი ჩიტაია პირველი თანამედროვე ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი და არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კერის შემქმნელია. 1940 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა ეთნოგრაფიის კათედრა და პირველი სალექციო კურსი ზოგად ეთნოგრაფიაში. მეცნიერის სახელს უკავშირდება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ეთნოგრაფიული განყოფილების შექმნაც და სამეცნიერო ეთნოგრაფიული ცენტრის დაარსება. გიორგი ჩიტაიას თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც მეცნიერის ავტორობით ხუთტომეულადაა გამოცემული. 30 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ეთნოგრაფთა და არქიტექტორთა საველე კვლევითი, თეორიულ-პრაქტიკული სამუშაოები და საგანმანათლებლო ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ასევე, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელს უკავშირდება თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსება, მუზეუმის სტრუქტურისა და დაგეგმარების შემუშავება. ეთნოგრაფიული მუზეუმი 1987 წლიდან გიორგი ჩიტაიას სახელს ატარებს“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.