„გახსოვდეთ რომ ყოველივე სენის გავრცელება ჩვენ დაუდევრობაზეა დამოკიდებული“- დოკუმენტური მასალები ეროვნული ბიბლიოთეკიდან (ნაწილი II)

რა ოფიციალური ცნობები არსებობს ხოლერისა და შავი ჭირის შესახებ და როგორ იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, არსებობდა თუ არა ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდი, რა წერილები იგზავნებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ეპიდემიის დროს, რას წერდა XVIII და XIX  საუკუნის პრესა პანდემიის შესახებ – დოკუმენტური მასალები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

ხოლერასთან ბრძოლა

„საგუბერნიო სასანიტარო სააღმასრულებლო კომისიამ დაიწყო თავისი მოქმედება. პირველი კრება ამ კომისიისა შესდგა 21 ივლისს გუბერნ. კომისარის თანაშემწის მისენკოს თავმჯდომარეობით. კრებას დაესწრნენ სამკურნალო პერსონალი თბ. ყველა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენელნი. დაისვა საკითხი თბ. გუბერნიაში ხოლერასთან ბრძოლის შესახებ. ა. მიხენკომ მოახსენა კრებას, რომ ქ. თბილისი ხოლერის მხრივ აღიარებულია საშიშრად… ხანგრძლივ აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ კრებამ მიიღო მთელი წყება იმ ზომებისა, რომელიც ეხლავე უნდა გატარებულ იქმნეს ცხოვრებაში, მაგალითად ლექციების კითხვა, სხვა და სხვა პლაკატების და მოწოდებათა გამოცემა, აგრეთვე ნამდვილ სასანიტაროხასიათის ზომების მიღება. სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე კავკ. ამხანახობის წარმომადგენელმა კ. სარქისოვმა მოახსენა კრებას სამკურნალო მასალის უქონლობის შესახებ, გარდა ამისა მოითხოვა დახმარება აღმოეჩინოს მისდა რწმუნებულ კავკ. ამხანაგობას სამკურნალოს საქონლის შემოსატანათ ცენტრალურ რუსეთიდან, უკრაინიდან და ყირიმის სანაპიროებიდან; ააგრეთვე მოითხოვა დახმარება აღმოეჩინოს მათ რწმუნებულს გერმანიაში წასასვლელად და იქიდან სხვა და სხვა მედიკამენტების მისაწვდენად. კრებამ მოიწონა სარქისოვის წინადადება და მიიღო მხედველობაში მისი განცხადება“.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №2

• • • • • •

საექიმო სასანიტარო საქმეები

5 ნოემბერს რესპუბლიკის საექიმო სასანიტარო განყოფილებასთან გაიხსნება ექიმთათვის განმეორებითი ექვსკვირეული საეპიდემიო – სასანიტარო კურსები. კურსებზე პირველი შესავალი ლექცია დანიშნულია 5 ნოემბერს, საღამოს 5 საათისთვის, ქსენიევის ქუჩაზე №10. პირველ ლექციას წაიკითხავს პროფესორი შიროკოგოროვი.

საექიმო-სასანიტარო განყოფილებამ ქალაქის თვითმმართველობის წინაშე შუამდგომლობა აღძრა კურსებზე მომუშავე ექიმების ბინის შესახებ და სთხოვა, რომ ექიმებს უფასოდ დასთმობოდათ ზუბალაშვილის სახელის თავშესაფარი სუდებნის ქუჩაზე.

საექიმო სასანიტარო განყოფილებას ქ. ყვირილის თავი ბ. ბუაჩიძე დეპეშით სთხოვს, არ დაიხუროს მერვე ეპიდემიური ლაზარეთი, რადგანაც მაზრაში სხვა და სხვა ეპიდემიაა გავრცელებული.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №77

• • • • • •

ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდი

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამფუძნებელ კრებას წარუდგინა პროექტი დეკრეტისა მიმდინარე წელს ეპიდემიასთან საბრძლოვლელათ 2 მილიონი მანეთის გადადების შესახებ. დეკრეტის განმარტებითი ბარათში სხვათა შორის ნათქვამია, რომ გასულ წელს მოულოდნელათ გავრცელებულ პარტახტიან სახადის წინააღმდეგ დროით ვერ მოხერხდა ბრძოლის დაწყება და აგრეთვე

ამ მიზნით გადადებული 1 მილიონი მანეთი საკმარისი არ აღმოჩნდა. წელს კი ამ მხრივ მდგომარეობა ასეთია: პარტახტიანი სახადი უკვე გავრცელებულია თიანეთის, ლეჩხუმის და ქუთაისის მაზრებში და ვრცელდება აგრეთვე გორის და ოზურგეთის მაზრებში. ეპიდემიასთან

ბრძოლაში უმწეონი არიან თიანეთის, ბორჩალოს, ლეჩხუმის, ზუგდიდის და დუშეთის სამაზრო ერობები, ხოლო რაც შეეხება ახალციხის

და ახალქალაქის ერობებს, იქ ჯერ არ არის მოწყობილი სათანადო ორგანიზაცია. ყველა ამის გამო საჭიროა ეპიდემიასთან ბრძოლა წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღოს თავის ხელში“.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდი,

1920, №39

• • • • • •

დაგვეხმარეთ

ხაბუმესა და მის ახლო-მახლო სოფლებში მეტად შემაძრწუნებელი შედეგი მოაქვს „ისპანკას“ რომელმაც იმსხვერპლა მცხოვრებთა დიდი ნაწილი დღე ისეთი არ გადის, რომ ოთხი-ხუთი არ იქნას დასაფლავებული. ეს, როგორც მოსალოდნელი იყო მცხოვრებთა უღარიბეს ნაწილს დააწვა.

ამ უბედურებას აორკეცებს ის, რომ მთელს ხუთს სოფელში არც საავადმყოფო, არც ექიმ-ფელშრელი არ მოიპოვება.

ჭირში მყოფი მოძმეები თავის მიერ არჩეული სამაზრო ერობისაგან მოელის და კიდევაც მოსთხოვს შველადახმარებას. ერობა ვალდებულია ყურად იღოს ჩვენი ხმა დაეხმაროს უპატრონოდ მიტოვებულს კუთხეს.

გაზ. სახალხო საქმე, 1920, №792

საექიმოსასანიტარო საქმეებიისპანკა

საქართველოში ინფლუენცია ქალაქად და სოფლად სასტიკად არის მოდებული. ოჯახი არ არის, რომ ამ ხანად ავათმყოფი არ იწვეს, ან არ ჰყოლოდეს ახლო წარსულში. სიკვდილის პროცენტიც შესამჩნევათ დიდია. სიღნაღის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ გადმოგვცა, რომ ქიზიყში ორი კვირის განმავლობაში 240 კაცი მომკვდარა. სიღნაღის მაზრა მთლად მოდებულია ეპიდემიით. ხალხი შიშში და მწარე საგონებელშია ჩავარდნილი. თელავის, გორის და სენაკის მაზრებიც ამავე მდგომარეობაშია, როგორც იქიდგან ჩამოსულები გადმოგვცემენ. ს. ახალსოფელში, თელავის მაზრაში, დღეში თურმე 10-15 კაცი კვდება და ორი მესამედი სოფლისა ავად არის, იქიდან ჩამოსული ექიმის სიტყვით. აი ასეთი სურათია ამ ხანად სოფლად, ერთ მხრივ, და მეორე მხრივკი, ასეთ ნაირად დაავადებულ სოფელს არა ჰყავს ექიმი, არა აქვს წამალი და არ მოეპოვება თითქმის არავითარი დახმარება. პროვინციაში ძალიან ცოტა ექიმია. ყველას ქალაქ ადგილას მოუყრია თავი. პროვინციის აფთიაქში ქინაქინა და სასაქმებელი ზეთიც კი არ მოიპოვება. ქ. ტფილის- ში კი მომმარაგებელ კომიტეტის საწყობებში წამალი და სხვა საჭირო საქონელი არის, მაგრამ იქიდან ცოტა რამის გამოტანა რომ მოინდომოთ ბევრი კანცელარიის ნახვა დაგჭირდებათ და ბოლოს მაინც ვერას მიიღებთ.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №87

• • • • • • 

ისპანკა

რადგანაც ქალაქში ძალიან გავრცელებულია სხვა და სხვა ავადმყოფობა, ნაამეტნათ ეგრედ წოდებული „ისპანკა“, ქალაქის საექიმო სასანიტარო ბიუროს დადგენილემისამებრ დღეიდან ცენტრალურ სამკურნალოს აფთიაქი საღამოს 9 საათამდე უნდა მუშაობდეს 3 საათის მაგივრათ და ამის გამო დაარსდა ფარმაცევტების მორიგეობა.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №87

• • • • • • 

ინფლუენცია (ისპანკა)

მოახლოვდა ის დრო, როდესაც შეიძლება თავი იჩინოს და მოედოს სოფელ ქვეყანას ინფლუენცია.

ნუ დავივიწყებთ 1918 წლის მაგალითს, მაშინ ამ სენმა დიდძალი ხალხი იმსხვერპლა.

ამ ავადმყოფობის გაჩენის ნიშნები უკვე გვაქვს, აქა იქ, კანტიკუტათ ის უკვე გამოჩნდა. საჭიროა თავდარიგი, თავის მოვლა და ყოველივე ზომების მიღება. გახსოვდეთ რომ ყოველივე სენის გავრცელება ჩვენ დაუდევრობაზეა დამოკიდებული.

იქონიეთ ეს სახეში და გულდასმით წაიკითხეთ ეს წერილი.

„ინფლუენცია გადამდენი სნეულებაა, მან საშინელი სისწრაფით იცის გავრცელება. ზოგჯერ ერთ ან ორ ავადმყოფს შეუძლია მთელ სოფელში ან ქალაქში გაავრცელოს ეს სენი.

ამისთანა შემთხვევანი საქართველოში ყოფილა.

1918 წ. თბილისში ძლიერ იყო მოდებული ეს სნეულება, მაშინ არ დარჩენილა ქალაქში თითქმის ერთი ოჯახის, რომელსაც არ ჰყოლოდეს ამ სენით მწოლიარე ავადმყოფი.

თბილისიდან ინფლუენცია სოფლებსაც მოედო.

ეს იმით აიხსნება, რომ ქალაქში შეუსხლეტლათ დაიარებოდენ სოფლელები. აქ ხდებოდენ ავად და შემდეგ სოფლებში დაბრუნებისას სხვებზე ავრცელებდნენ ამ ავადმყოფობას. მე თვითონ მახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მთელი სოფელი ავად იყო ინფლუ- ენციით.

ინფლუენცია გამოწვეულია ერთგვარ ბაცილით. ეს ბაცილები იბუდებენ ავადმყოფის სასუნთქავ ასოებში, ე.ი. ცხვირში, ყელში, ფილტვებში და სხვა. დახველების ან დაცემინების დროს ეს ბაცილები ამოყვება ხოლმე პირიდან ამოსულ წინწკლებს, და როცა ვინმე შეისუნთქავს ამ წინწკლებს ისიც უსათუოდ გახდება ამ სენით ავად“.

გაზ. მუშა,1922, №3

• • • • • • 

სახადით ავადმყოფობა

„სახადით ავადმყოფობა ტფილისში არ იკლებს და უფრო ვრცელდება. გუშინ ქალაქის საავადმყოფო- ში იმყოფებოდა 945 სახადიანი. უკანასკნელი დღე და ღამის განმავლობაში საავადმყოფოდან გამოეწერა 50 და მიიღეს 56 სახადიანი. გარდაიცვალა 7. უადგილობის გამო მორჩენილს ავადმყოფებს ცოტა ხნით ინახავენ საავადმყოფოს კარანტინში, რათა მათი საწოლებით სარგებლონ ახალი ავადმყოფები და შესაძლოა, რომ კარანტინის ვადის დაუმთავრებლათ გამოწერილნი სახად ნახადნიც ავრცელებდნენ ამ სენს. ქალაქის გამგეობა კარანტინში შესანახათ სახად მოხდილთათვის ბინას ეძებს და იგი დაუნიშნავს კიდეც ენფიანჯიანცის სახლში, ვორონცოვის ქუჩაზე ხარფურში, რომლის დათვალიე- რებაც მიანდო სამედიკოსასანიტარო ისპიქტორს. სახადით ავადმყოფთა შორის სიკვდილი მიმდინარ ეპიდემიაში ძლიერ მცირეა: კვდებიან ნამეტნავათ უფრო ალკოგოლიკები და ხნიანი ანუ ბებრები.“

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №12

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები