სევდიანი და სიკეთით სავსე სიტყვის ხიბლი – 20 დეკემბერი რეზო ინანიშვილის დაბადების დღეა
ქართველი ნოველისტის, რეზო ინანიშვილის განსაკუთრებული სიტყვის ხიბლი, განუმეორებელი პერსონაჟები, სოფლის სევდიანი, სიკეთით სავსე ყოველდღიური ყოფა, ბებია მარიამი, ეთერი, გოგია, ბახა საოცრად უყვარს ქართველ მკითხველს. მისი შემოქმედება ვეებერთელა, მცხუნვარე მზით გამთბარი მდელოა სადაც “ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა ცელქი ბიჭუნებივით კოტრიალობენ ფერდობებზე, იზრდებიან და მერე ჩვენკენ მოდიან…“
ნაწყვეტი მისი ნოველიდან „ზამთარი „
“ოცდახუთსა ამა თვესა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო…
პირველს მეორე აჰყვა, უფრო სწორად – მეორე ხმამ დაიწყო და ახლა პირველ ხმას მიჰქონდა ლექსი. ეს ხმები ისე განსხვავდებოდა ჩვენ მიერ აქამდე მოსმენილი სიმღერებისაგან, რომ გაკვირვებისა და აღტაცებისაგან თვალებდადიდებულებმა პაპას მივხედეთ. პაპა დედაბოძს მიჰყრდნობოდა, თავი დაეხარა, ულვაშებში და თვალებში ნაცნობი სინათლე ჩასდგომოდა. ბებია, დედაჩემი და ძალუაჩემებიც გაშეშებულებივით იდგნენ და იმათაც თვალები უბრწყინავდათ. სიმღერა რომ ჩათავდა, ბებიამ და ძალუებმა აფუსფუსება განიზრახეს, მაგრამ პაპამ ხელით ანიშნა – ჩუმადო და ისევ ადგილზე გაქვავდნენ. ჩვენ აქამდე ვჩურჩულებდით მაინც და, ეს რომ ვნახეთ, სუნთქვაც კი შევიკარით – ნეტავი რა უნდა მოხდესო. გარეთაც ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს იქ მყოფნი მოჩვენებები ყოფილიყვნენ და გამქრალიყვნენ. და აი, ამ სიჩუმეში, რომელსაც, ალბათ, თოვლის ფიფქების შარიშური თუ არღვევდა გარეთ, ნელ-ნელა გაიბა კვლავ ის სუფთა, მშვენიერი ხმა, რომელმაც ალილო დაიწყო. მაგრამ ახლა „ზამთარს“ იწყებდა:
ზამთარიაო, ჰეე, ჰარულალო…ზამთარი ვარდსა დააჭკნობს, ფურცელნი ჩამოცვივაო…
მას შემდეგ ბარე ოცდაათი წელიწადია გასული. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ მომისმენია ეს სიმღერა და უთუოდ უკეთესად თქმულიც, მაგრამ, როგორც არ უნდა ასრულებდნენ და სადაც არ უნდა ვიყო – სუფრასთან იქნება თუ გაჩირაღდნებულ თეატრში – მე მაინც ის „ზამთარი“ მესმის, იმ ზამთრის ღამეში ჩამდგარი ლანდები მიდგანან თვალწინ.
ისე ჩაათავეს მთელი სიმღერა, თითქოს არ უნდოდათ ბზარი რამ დაეჩინათ იმ კეთილი საღამოს ყოვლისმომცველი სიმშვიდისათვის. ეს სიმშვიდე რაღაც დიდი, დიდი იმედებით გვივსებდა ბავშვურ პატარა გულებს და გახარებულნი შევყურებდით ხან ერთმანეთს, ხან ჩვენებს. პაპა ისევ დედაბოძზე იყო მიყუდებული, ისევ უბრწყინავდა ულვაშები და თვალები, მაგრამ ახლა თვალებში ცრემლებიც ედგა; კიდევ მეტი – ეტყობოდა, ცრემლის რამდენიმე კურცხალს ყავისფერი ლოყები ჩამოეხაზათ და ქვემოთ, ულვაშებში ჩამძვრალიყვნენ. მერე დაინახა, რომ დერეფანში მღვდელი და ერთი კოხტა ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდნენ; ბაღდადი ამოიღო და სახეზე მიისვ-მოისვა. მოველოდით, რომ მღვდელი ლოცვას და ასეთ რაღაცებს მოჰყვებოდა, მაგრამ მან ფართოდ, სიხარულით გაიღიმა, ახალგაზრდა ბიჭს ბეჭებზე ხელი მოხვია, წინ წამოაყენა და გუგუნა ხმით დაიძახა:
– როგორია, ჰა! როგორია!
პაპამ ბაღდადი აღელვებული ხელით ჩაიჭმუჭნა ქამარში, ბიჭთან მივიდა, მხრებზე ხელები დააწყო, თვალებში ჩააშტერდა და ჯვარედინად გადაკოცნა. ესეც არ აკმარა, მიბრუნდა, ჩხიდან ახალთახალი თეთრი ყაბალახი ჩამოიღო, იმ ახალგაზრდა ბიჭს შემოახვია ყელზე, ტოტები უკან გადაუყარა და მაშინღა თქვა:
– ეს საჩუქარი არ გეგონოს, შვილო. შენ რომ მასიამოვნე, მეც მინდა ცოტა რამით გადაგიხადო. ღორები ხომ არა ვართ! ადამიანებს, სალაფავს გარდა, ხან ტკბილი სიტყვა გვჭირდება, ხან ტკბილი ხმა. ამასობაში კი დერეფანში მთელი გუნდი ამოლაგებულიყო და კარიდან გასულ სინათლეზე აელვარებდნენ თვალებსა და კბილებს.
აი, ასე დამამახსოვრდა ის შობისწინა საღამო, ბევრჯერაც მიამბნია ხან ვისთვის, ხან ვისთვის. პაპაჩემის სიტყვები, რომელსაც მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვაძლევ, ზოგს პატიების გამომხატველ ღიმილს ჰგვრის ხოლმე და ლამის თავზედაც კი მომითათუნონ ხელი. მაგრამ მე მაინც, როცა ახლა ჩემს ნაწერებში რამეს მიხდიან, თუ ის საღამო და ის სიტყვები გამახსენდა, ისე მწარედ აღარ მეჩვენება იმ ფულით შეძენილი ლუკმა.