“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი” ცნობილი საფიჩხიელი მეკვლე და ბარბარობა დღის მოგონებები

დრამატურგი რეზო კლდიაშვილი მეკვლეობის ტრადიციასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით მოგონებას  აქვეყნებს, სადაც ქუთაისურ უბანში განვითარებულ – მეკვლეობა – მეფეხეობასთან დაკავშირებულ  ტკბილ –  სევდიან ამბავს ყვება…

“იმ უკუნეთ ღამესაც ზუზუნებდა ქარი და გარინდული საფიჩხია, ქუთაისის ეს ერთ-ერთი კოლორიტული უბანი, იმედით ელოდა ბარბარობის დღის გათენებას. საფიჩხიელებმა კარგად იცოდნენ, ბედობის დღეს განსაკუთრებულად რომ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა მთელი წლის სიმშვიდე, სიტკბოება, ხვავი და ბარაქა დაბედებოდათ. ასე მგონია, ამ უბნის ბინადართა ყოველი მეორე ოჯახის კარი რომ შევაღო, სასურველი სტუმარი ვიქნები.ასე თავდაჯერებულად იმიტომ მოგახსენებთ, რომ შეიძლება ჩემსავით არ იცნობდეთ საფიჩხიელებს და მათ სტუმართმოყვარეობას. სხვა რომ არა იყოს რა, სათვალავი თუ არ ამერია,ოცი ოჯახის ნათლია გახლავართ. რაც მთავარია, ქალის მოტაცებაში ხუთჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული და თქვენ წარმოიდგინეთ, წყევლაც არ დამკლებია, რაც შემდეგ ქორწილით, ძეობითა და ნათელ-მირონობით დამთავრებულა.

გული არ უნდა მქონდეს ცუდი, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ ფეხს უფრო მიქებენ. სანამ ამ უბანში ვცხოვრობდი, ბედობის დღეს რამდენიმე ოჯახის მეკვლე ვიყავი, მათგან მხოლოდ ერთმა ოჯახმა შემინარჩუნა და დღემდე არ მეშვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა დღით თბილისიდან უნდა ჩავიდე, დილით ადრიანად რიტუალი ჩავატარო და ამ ამბის გადამკიდეს მთელი წელი გულის ფრიალი უნდა მქონდეს ატეხილი ამ ოჯახს რაიმე უსიამოვნება არ შეხვდეს. აქაურების ამბავი რომ ვიცი, პირველად მეკვლეს მოიკითხავენ. ახლა, ცალკე ჩემს ცოლ-შვილს ჰკითხეთ, როგორ სიამოვნებთ ჩემი ქუთაისური ”ვოიაჟი” მაგრამ მე, როგორც იმერეთის კეთილშობილ აზნაურს, ტრადიციის დარღვევა არ მეკადრება და დღემდე ვიცავ. ნუ დაიცავ თუ გინდა, ჩემი მეგობრის დედას კლავდიას, რომელსაც შვილივით ვუყვარვარ, ჩემი არჩასვლით რაიმე რომ დაემართოს, შორს იყოს, მე ვიქნები მიზეზი, რაშიც დეიდა კლავდია წლების განმავლობაში ღრმად მარწმუნებდა. ჩვენ ჯვარი გვწერია და, ცხონებული ჟორჟიკა ბიძია, დიდი ბოძი გამოეცალა ამ ოჯახს. ხელგაშლილი კაცი იყო. ძლივს გადავრჩი, მისი სიკვდილი რომ არ დამბრალდა. საცოდავი ოთხი წელი უგონოდ, ლოგინად იყო ჩავარდნილი და დღესაც ჩემს ფეხს უმადლიან, ამდენ ხანს რომ იცოცხლა. ყოველ შემთხვევაში, ასე მომატირა დეიდა კლავდიამ გასვენების დღეს. მეც გულზე მომეშვა.მოგეხსენებათ, ხმამაღლა გაცხადებულ სიტყვას სხვა ფასი აქვს. ღმერთი მიშველის და კლავდიას მშვიდობიანად გადავიყვან მესამე ათასწლეულში.

მე უკვე საფიჩხიას ვუახლოვდები და რამდენიმე წუთში ჩემი მეგობრის სადარბაზოსაც მივადგები. ვგრძნობ, რომ ნერვიულობენ. კლავდია ალბათ ეკლებზე ზის, რომ ვაგვიანებ. სადარბაზოს კარი სანთლით ხელში მეგობარმა გამიღო და შვებით ამოისუნთქა, თანაც მიაყოლა -ამ სახლში სიცოცხლე აღარ ღირსო! მისაღებ ოთახში რომ შევედით, მბჟუტავი ლამპის შუქზე მძიმე სურათი დამხვდა: სავარძელში ჩასვენებული ჩემი მეგობრის მეუღლე ქეთინო კისერს ძლივს იმაგრებდა. იქვე, სკამზე, სასოწარკვეთილი სახით სიბერემორეული დეიდა კლავდია იჯდა. ეტყობოდა, პირი უშრებოდა და ენა წინ უვარდებოდა. მზერა ჩემს ნათლულზე, გიოზე გადავიტანე, უდარდელად კედელს რომ მიყრდნობოდა. გიომ უცებ თვალი ჩამიკრა და ისევ არხეინი სახით განაგრძო საჩვენებელი თითის ისედაც ნუნამდე დაყვანილი ფრჩხილის კვნეტა. ამ ოჯახში დიდი უსიამოვნება სულ ახალი ჩამცხრალი იყო და სტუმრის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდათ. რომ იტყვიან არაქათგამოცლილები დამხვდნენ. ისევ კლავდიამ იმარჯვა და ცალღრანჭად ოჯახი მომიკითხა, მერე ორივე ხელი მუხლებზე დაირტყა და სიმწრით აღმოხდა:

– დაგვღუპა!

– ვინ დაგღუპათ, დეიდა კლავდია?

– პირწმინდად გაგვფცქვნა გიომ!

– რას ნიშნავს, გაგფცქვნათ?

– “ბარდერში” დადის, გვიან გავიგეთ…

– ბორდელს რა უნდა საფიჩხიაზე?

-მეორე ჩასახვევშია, ცხვირწინ. კატია ქვიებია ჩემს ამომგდებს!

.-კატიასთან რამ წაგიყვანა, გიო?

– იცნობ თუ? -ირონიულად ჩაიღიმა გიომ.

– არა, საიდან?!

-ჩემი ჟორჟიკას ნაშოვნი კატიას შეაჭამეს, მიშველეთ ყოველმა კაცმა, ხალხი არ ხართ?!

-დაწყნარდი, დედაჩემო!

– უი და არგადარჩენა, კლავდია, შენ!

– გაჩერდი, ქალო!

– რა გამაჩერებს?

– დაწყნარდი დედა, შაქარი აგიწევს -ძლივს წამოიკნავლა ქეთინომ.

– რომ დავწყნარდე, ჩემს გასასვენებელ ვაზას ვინ დამიბრუნებს?

– ქალო, ის ვაზა ეყოფა შენს გასვენებას? შეუტია შვილმა.

– შეგეხიდებოდა!

– აუ, ამის დედა ვატირე, შენ რომ დაგინახა, სულ მთლად გადაირია.

– უთო რომ გაქრა სახლიდან, ისიც კატიასთან არის!

– გიო, უთო მაინც რამ წაგაღებინა?

– პოსლეზე მივედი და..

.- ნატურითაც იღებს?

– ამ ბოლო დროს პონჩიკებს, ბულკებს, ყველაფერს იღებს.

-კატიას მისაცემი ფული სადაა?!

-სირცხვილო, სირცხვილო, ჟორჟიკა ალბათ ტრიალებს საფლავში

.-დააყენე ბაბუაჩემი საფლავში!

– დარყვნა მთელი უბნის ბოვშვები კატია სამგლემ!

– ბიძებიც მაგარი `”ვრედნები” არიან, მაგათმა გააძვირეს.

– ჩემი გასასვენებელი ვაზა კატიას თურმე სასთუმალთან უდევს, უი, უი!

– გაგასვენებთ დედაჩემო, გაგასვენებთ!

– რითი, რითი?!

– შენ რა იცი, ბებიაჩემო, სასთუმალთან უდევს თუ…

– გაჩერდი, კუბლაშვილის ბიჭმა მითხრა, ისიც შენნაირია!

– გიო, ვერ გამოვისყიდით იმ ვაზას?

– დავპირდი, რომ დავუბრუნებ, არ მაცდის.

– ე, ბიჭო, იმედი მაინც მიეცი.

– ბებიაჩემს ამ წუთში უნდა, არ იცი მაგის ხასიათი?

– მამაშენს რამ ჩაულურჯა თვალი?

– თვითონ გითხრას

-მაგ ვაჟბატონს ვეძებდი, მთელი ღამე რომ არ გამოჩნდა. სიბნელეში შემეშალა და სხვის სახლში შევედი. გაგიჟდა ის კაცი, ჩემს სახლში კატიას როგორ ეძებო და მოულოდნელად, არც აცივა და არც აცხელა, პირდაპირ მხია მარჯვენა თვალში. იმას იქვე დავადუღებდი მაგრამ რა პირით, ხმა არ ამომიღია. ეხლა რა მიჭირს, ჩამიცხრა…

– ცოლი ჭირდება მაგას, ცოლი! არ მიჯერებთ. აწი ვინ დააოკებს, გემო აქვს გაგებული!

-კარგი, დედა, წაქეზება ჭირდება კიდევ?- ნერვებმა უმტყუნა ქეთინოს და ოთახიდან გავიდა

.- აღარაა თავის ჭკუაზე -ცხვირაბზუებით მანიშნა რძალზე კლავდიამ

.- გეთხოვა ცოლი, გიო, რა ვქნა?

-ცოლი არააა!.

.-ერთი ბოზის ქირაობა ბევრად იაფი დაგვიჯდებოდა, ღმერთმანი

-მალადეც, ბებიაჩემო! მაგარი ”ვისტუპლენიე”არ გააძრო?

– გამოსავალს ვეძებ, შენი დაბმა აწი სქელი ჯაჭვითაც გაჭირდება

.-მთლად გამოვიდა ეს ქალი ჭკუიდან! -გაოგნებული სახით შემომჩივლა მეგობარმა.

– ჩვენ გვარში, შვილო, ამნაირი ატეხილი ვინმე რომ გვყოლოდა, არ გამიგია. ეგ ჩვენკენ არ არის, იმათკენ არის, იმათკენ!-რძლისკენ გაიშვირა ხელი

– შარო, საიდან მოდიხარო? დედაჩემო, ქეთინო აქ რომ მჯდარიყო?

– არ ვიტყოდი. რას მომშტერებიხარ?

– გაჩუმდი, მოდის!

-დღეს ჟორჟიკას ოჯახში ვერცხლის დანა-ჩანგალიც აღარ არის სტუმარს რომ მივართვა, საქმეა ეს? უკაცრავად პასუხია და, ყველაფერი კატიას შეატენა ერთ ადგილას. რას უძლებს მაინც ის ბანალდამწვარი!

მოულოდნელად ოჯახის ძველი დიდების მოწმემ, დიდმა საათმა ოთახის კუთხეში მძიმედ ჩამოჰკრა. ბედობის დღე უკვე დაიწყო. კლავდიამ სიმწრისაგან ბარძაყზე იპწკინა და მძიმედ წამოდგა, გაღიმებული სახით და ღიღინ-ღიღინით ყველანი დასაძინებლად მიგვიწვია. საძინებელ ოთახში შემიძღვა, ლოგინი გამიშალა და ბალიში ხელში რამდენჯერმე ააფუმფულა. თადარიგიც ადრიანად დაუჭერია. იქვე, ფართო ლანგარზე ხორბალი, თაფლი და ტკბილეული ლამაზად გაეწყო. რა ქნას ამ კერკეტმა, ავკარგიანმა, ცოტა უცნაური ენის, ჟორჟიკას გარეშე დარჩენილმა კლავდიამ, თავისი უმწეო მხრებით ტრადიციებს რომ იცავს და ვინ იცის, ამ წლების განმავლობაში მერამდენედ მაფრთხილებს, დილით ადრე რომ უნდა ავდგე, კარებზე დავაკაკუნო, რომლის უკან ჩასაფრებული კლავდია უნდა შემეგებოს. უსიკვდილოდ პირველად მარჯვენა ფეხი უნდა გადავდგა და ხორბალი ბარაქიანად მოვაბნიო ოთახების ყველა კუთხე-კუნჭულში, მერე თაფლიანი კოვზით ოჯახის წევრებს ვეახლო და, როგორც თვითონ მაფრთხილებდა, ენა დავაწეწებიო. რიტუალი მუდამ კლავდიას მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. დავუშვათ, თუ რამე არ მოეწონებადა, მიმიკით აწესრიგებდა.როგორც იქნა, გაახსენდა, ნამგზავრი რომ ვიყავი, გამომემშვიდობა და სიამის ძილი მისურვა. შვებით ამოვისუნთქე. კარებთან ნაბიჯს უკლო და მოტრიალდა, შემემუდარა, მომეხმარეო, ჭრელი ძაღლივით ქვეყანა გიცნობს, სიტყვაც გეთქმისო და საფიჩხიიდან კატიას გასახლების მისეული გეგმა შემომთავაზა. თავისი ვაზა გაახსენდა და ხელი უიმედოდ ჩაიქნია. ერთხელ კიდევ გამაფრთხილა, არ ჩაგეძინოსო და კარები ფრთხილად გაიხურა.

კლავდიას გაქათქათებულ და მრავალგზის გამზეურებულ ლოგინში რომ ჩავწექი, თავი ისე ვიგრძენი, თითქოს მეორედ დავიბადე. ფიქრებში წავედი და, ასე ვთქვათ, გავხედე ამ ოჯახის მდგომარეობას. ვიფიქრე, ცოცხლები ხომ არიან? -არიან. ჯანმრთელადაც არიან, ცოტა კლავდიას შაქარი ართულებს საქმეს, მაგრამ მოევლება. გიოს პრობლემებიც არ არის სალაპარაკო, არც შიმშილისაგან ღაფავენ სულს. მე კი დამტოვეს დღეს უვახშმოდ, მაგრამ ეს ოჯახის საგანგებო მდგომარეობით იყო გამოწვეული. დავმშვიდდი, საბანი გემრიელად ამოვიგე და გავიფიქრე -აბა, ჰო, ხვალ იშოვნიან ჩემნაირ მეკვლეს. კლავდიამ როგორც მისურვა, სიამის ძილს მივანდე თავი.არ იკითხავთ, რა დამესიზმრა? კატიას ვესტუმრე ბორდელში. ჭიშკარი ნასვამმა, ღვინის სუნით გაჟღენთილმა საშუალო ტანის კაცმა გამიღო. თურმე კატიას ქმარი ყოფილა. მოვუბოდიშე, შემეშალა მეთქი. მანაც არ დააყოვნა და უმალ მიპასუხა, არ შეგშლიაო. ათი ლარი ჭიშკართან წინასწარ გამომართვა, ფული ღიმილით დაანახა ორ კავკასიურ ნაგაზს, რომლებმაც ყეფა უმალ შეწყიტეს და მორცხვად დახარეს უთავმოყვარეო თავები. კატიას ქმარმა სახლში შემიპატიჟა და გასძახა, სტუმარიაო. კარი შევაღე და საწოლში შიშველი კატია გამზადებული დამიხვდა. ვნებიანი თვალებით შემომხედა. იქნებოდა, ასე, ორმოც წელს გადაცილებული, შესიებული პირი-სახით. გავუღიმე და თვალი კლავდიას ყელმოღერებულ ვაზას დავადგი. კატიამ სანთელი ჩააქრო და ღიღინი წამოიწყო. ვაზას დავავლე ხელი, ფეხაკრეფით სწრაფად გავიარე, შუშაბანდს რომ ეძახიან. ეზოში ძაღლებმა გაოგნებული თვალებით შემომხედეს, ასე მალე არ მელოდნენ. ჭიშკარი გავიხურე და ღამის წყვდიადს შევაფარე თავი. ”სვისტოკის” ხმა და ძაღლების განწირული ყეფა ჩვენების სახლამდე ისმოდა. სახლს რომ მივუახლოვდი, ისეთი მუსიკის ხმა შემომესმა, ჟორჟიკა ბიძიას დროინდელი ქეიფები გამახსენა. ’ზალაში” რომ შევედი, მოპირდაპირე კარი გაიღო და ჟორჟიკას სადედოფლო კაბაში გამოწყობილი კლავდია არ გამოჰყავს?! თქვენ წარმოიდგინეთ, არ მესიამოვნა. გახარებული ოჯახის წევრები ტაშს უკრავენ. დავიბენი. ვაზა ნეფე-დედოფალს მივართვი. კლავდიას ზედაც არ შეუხედავს. ნაღვლიანი თვალები კი ჰქონდა. ჟორჟიკამ ძველებურად გაისვა ჯიბეზე ხელი და მუსიკოსებს საცეკვაო დაუკვეთა. გაჩაღდა ცეკვა, მაგრამ რა ცეკვა. გავბრაზდი, ჩავუხტი ჟორჟიკას, ჩამიხტა, ჩავუხტი, ჩამიხტა, კლავდიასთან არაფრით არ მიშვებდა, ორი სიტყვა რომ მეთქვა. ცეკვით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოვუცხადეთ მე და ჟორჟიკამ ერთმანეთს. კლავდიაც დაიღალა, ამდენი მის სიცოცხლეში არ უცეკვია, არადა, ვგრძნობ, რომ ვმარცხდები. ერთი სიტყვით, გამთენიისას ნაომარს გამომეღვიძა. ძილში გაკრახმალებული თეთრეული ნერვიულობით დამიჭმუჭნია და საბანი ოთახის კუთხეში მომისროლია. საწოლზე წამოვჯექი, ტვინს ვიხვრეტდი, ბოლოს და ბოლოს წამართვა კლავდია ჟორჟიკამ თუ არა. სიზმრის ფინალი ვერ აღვიდგინე. საათს დავხედე, კლავდია, ეტყობა, უკვე ”პოსტზე”იდგა. დამდუღრულივით წამოვვარდი და სწრაფად ჩავიცვი, ლანგარს ხელი დავავლე, კიბე ჩავირბინე, ქვედა სართულიდან ეზოში გავედი და სადარბაზოს კარზე სამჯერ დავაკაკუნე. კარი გაიღო. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამეხარდა, სააქაოში დარჩენილი კლავდია რომ დავინახე, ფეხი ამებლანდა და მარჯვენის მაგიერ, მარცხენის გადადგმა დავაპირე. კლავდიას სახე არ დამავიწყდება, სიმწრისაგან კბილებში რომ გამოსცრა- მარჯვენა, მარჯვენა! უცებ მოვედი გონზე და მანაც შვებით ამოისუნთქა, გონზე მოსულმა რიხიანად შევძახე- შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! კლავდიამ თავი მოწიწებით დამიკრა და ნაამაგარ ოჯახში დარბაისლური ნაბიჯით შემიძღვა.

მიმიხვდით?! დიახ,სწორედ იმ წელს გარდაიცვალა კლავდია. სიზმარში ცეკვის დროს ცუდად მენიშნა, ჟორჟიკა ბიძია ატეხილივით რომ ცეკვავდა, როცა სიცოცხლეში მისი ნაცეკვი კაციშვილს არ უნახავს. კაცმა რომ თქვას რა ჩემი ბრალია, კლავდია ცას ხო მარ გამოეკერებოდა.გაგონილი გექნებათ -”ყველაფერს ჩემო თავისი დრო აქვს” ნახვამდის….”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები