თურქულ ენაზე „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ (Gürcü Ansiklopedik Sözlüğü) სასიგნალო ეგზემპლარი დაიბეჭდა
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და თურქეთის ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის, ბ-ნი ნურეთთინ ჩარმიქლის მხარდაჭერით, თურქულ ენაზე, დაიბეჭდა ,,ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ (Gürcü Ansiklopedik Sözlüğü) სასიგნალო ეგზემპლარი.
წიგნის ავტორია თურქეთის ქართული დიასპორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მთარგმნელი და მკვლევარი ერდოღან შენოლი (ერეკლე დავითაძე).
„საგულისხმოა, რომ გამოცემა მიეძღვნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავს და მისი მიზანია, აამაღლოს საქართველოს შესახებ ცნობადობა თურქეთში.
600 გვერდიანი ,,ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ მოიცავს ზოგად ინფორმაციას საქართველოს, ქართული კულტურის, ისტორიის, არქიტექტურის, ხელოვნების, ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და სხვ. მნიშვნელოვანი თემების შესახებ.
გამოცემა, მალე, სრული ტირაჟის გამოცემისთანავე იქნება ხელმისაწვდომი მკითხველებისათვის. ამასთან, ახლო მომავალში, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ,,ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ წარდგენა, წიგნის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით“, – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ გამოცემის ავტორმა, ერდოღან შენოლმა, ქართული სამეცნიერო სტატიების გარდა, თურქულ ენაზე თარგმნა ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის, ფრიდონ ხალვაშის ავტობიოგრაფიული წიგნი ,,ომრი“. აგრეთვე, მისი უშუალო ჩართულობით, 10-მდე სრული და მოკლემეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი ითარგმნა თურქულ ენაზე.