ლაიდენის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ სამცნიერო სემინარი გაიმართა

13 დეკემბერს ლაიდენის უნივერსიტეტში,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა სამეცნიერო სემინარი გაიმართა, სტუდენტებმა წაიკითხეს მოხსენებები ქართველურ ენათა ბგერითი სისტემების,  მათი კავკასიურ ენებთან და პროტოინდოევროპულ ენასთან მიმართების, და ნიდერლანდურად თარგმნილი ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული წერილობითი ჰაგიოგრაფიული ძეგლის „შუშანიკის წამების“, ქართული ღვინის, ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების, საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვანი სამყაროსა და სხვა საკითხების შესახებ.

სტუდენტთა სამეცნიერო სემინარი მოამზადა ლაიდენის უნივერსიტეტის ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოების მოწვეულ პროფესორთა კათედრის გამგემ, თინათინ ბოლქვაძემ, რომელსაც ორი თვეა ქართული ენის კურსი მიჰყავს ლაიდენის უნივერსიტეტში.სტუდენტთა სამეცნიერო სემინარს ესწრებოდნენ ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტური ცენტრის პროფესორები ეხბერტ ფორტუინი და ოტო ბულე, „შუშანიკის წამების“ ქართულიდან ნიდერლანდურ ენაზე მთარგმნელი არჩილ ჯავახაძე. ელჩს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროფ. ეხბერტ ფორტუინმა და პროფ. თინათინ ბოლქვაძემ.

სემინარს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონია ,მან სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქართული ენის სწავლების მნიშვნელობას ლაიდენის უნივერსიტეტში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლაიდენის უნივერსიტეტს (ნიდერლანდების სამეფო) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოების მოწვეულ პროფესორთა კათედრა 2011 წლიდან არსებობს და ყოველ წელს თსუ-ის პროფესორები კითხულობენ ლექციებს. წელს ქართული ენის კურსს უძღვება თინათინ ბოლქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები