„ხალხის მტრის” შვილობიდან ცნობილ რეჟისორობამდე – 8 დეკემბერი რეზო ჩხეიძის დაბადების დღეა

ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა, მისი მამა მწერალი დავით ჩხეიძე (ლიტერატურული ფსევდონიმი დია ჩიანელი) 1937 წელს რეპრესირებულ იქნა, ის დახვრიტეს. წლების შემდეგ უკვე ცნობილი რეჟისორი რეზო ჩხეიძე იგონებდა: “1937-ში, ღამით, მამაჩემი წაიყვანეს ჩეკისტებმა. დავრჩით სამი შვილი და სტუდენტი დედა… გათენდა, დედამ – სკოლაში წადით, არავის ეგონოს რომ დავგლახავდითო… მივედი სკოლაში და ვფიქრობ: ახლა გამკიცხავენ, კრებას მომიწყობენ როგორც ხალხის მტრის შვილს და შიშისაგან მერხთან ვზივარ გატრუნული… მოულოდნელად კლასში შემოდის დირექტორის მოადგილე და ხმამაღალი ხმით ამბობს: – რეზო ჩხეიძე არის? დირექტორი იბარებს!

შეშინებული ფეხზე წამოვდექი და გავყევი. როგორც კი კაბინეტში ფეხი შევდგი, დირექტორი ადგილიდან წამოდგა, ჩემკენ გამოიქცა, გულში ჩამიკრა და მეუბნება: – რეზო, შენ როგორც სწავლობდი, ისე გააგრძელე სწავლა, არაფრის შეგეშინდეს, შენ ვერავინ გაწყენინებს და დაგჩაგრავს, სანამ მე აქ ვარ, ოღონდ შენ კარგად ისწავლე… წელში გავიმართე და ისე გამოვედი დირექტორის კაბინეტიდან… ეს ქალი თამარ დახუნდარიძე იყო, ქუთაისის მესამე სკოლის დირექტორი… სამი წლის წინ ვიყავი ქუთაისში მის საფლავზე, წარწერას რომ დავაკვირდი მივხვდი, რომ მაშინ, 1937-ში, ჩემი დირექტორი მხოლოდ 26 წლის იყო…”

რეზო ჩხეიძის  ფილმები “ჩვენი ეზო“, „მაია წყნეთელი“, „განძი“, „ზღვის ბილიკი“, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „მაგდანას ლურჯა”,  განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა, მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ფილმი  “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“

რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად 1955 წელს გადაღებულ  ფილმს “მაგ­და­ნას ლურ­ჯა” განსაკუთრებული საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად –  ფილმმა  კა­ნის IX სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრი­ზი – “ოქ­როს რტო” და ედინ­ბურ­გის X სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნოფ­ეს­ტი­ვალ­ზე პირველი პრემია მოიპოვა.

ფილმის „ჯარისკაცის მამა“ შესახებ რეზო ჩხეიძე იგონებდა: „სცენარის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ ეს როლი სერგოს უნდა ეთამაშა. მივედი კინოსტუდიაში და საგრიმიოროში შევედი, – ბატონო სერგო, ფილმის გადაღებას ვაპირებ, სამამულო ომის თემაზე-მეთქი. სამამულო ომზე იმდენი სურათია, ახალი რაღა უნდა გადაიღოო, მიპასუხა. როდესაც ფილმის სიუჟეტი მოვუყევი, ატირდა, მე რატომ მომიყევიო. თქვენ უნდა ითამაშოთ-მეთქი. უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა… თუ ამ როლს ვითამაშებ, ბედნიერი ვიქნებიო“… და მართლაც – გავიდა ამდენი წელი და  იმდენი ფილმია სამამულო ომზე და მხოლოდ ერთია „ჯარისკაცის მამა“ …

რეზო ჩხეიძე წლების განმავლობაში  იყო კი­ნოს­ტუ­დია “ქარ­თუ­ლი ფილ­მის” დი­რექ­ტო­რი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები