„ბავშვობაზე წერა მუდმივი მტკიცებაა, მართლა არსებობს სადმე სამოთხე, თუ არა“ …
ბრწყინვალე ქართველი მწერალი და ნოველისტი – რეზო ინანიშვილი მოთხრობაში „თოჯინის თვალით“ ბავშვობაზე, ოჯახსა და ბებიაზე – იმ ტკბილ მწარე წლებზე ყვება, რომელთაც დიდი კვალი დატოვეს შემოქმედის ცხოვრებაში – „ყოველი დაძინების წინ მე ვიტყოდი ლექსს: “დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სულ თავით დამესვენება” ბებია დამასხამდა პირჯვარს: “ღმერთო, შენ დასწერე შენი წყალობის ჯვარი” და მშვიდად დამეძინებოდა..“ მოგონებების ბოლოს, მოთხრობის მინაწერში რეზო ინანიშვილი რეპრესიების მძიმე პერიოდს იგონებს, რომელიც მის ოჯახსაც შეეხო…
„1937 წლის ზაფხულში მამა დააპატიმრეს, დააპატიმრეს დედის მამა და ძმაც. ჩვენ,ინანიშვილებს, ვიღაცეებმა ღამით გაგვიკაფეს მსხმოიარე ვენახიც. ჯერ კიდევ წინა წელს პარტიიდან გარიცხულმა და სამსახურიდან მოხსნილმა მამამ თბილისში ერთ ქოხს შეაფარა თავი. არდადეგების ბოლოს, აგვისტოში, მარიამობა დღეს, იმ ქოხის იმედით, მთელი ჩვენი ოჯახი, დედა, და, პატარა ძმა, ბებიას გარდა, წავედით თბილისში.
რა დაიწყო თბილისში, რას შევუდექით ახალს, ეს ცალკე თემაა. თუ საშუალება მომეცა, ოდესმე ამაზედაც დავწერ, ოღონდ კვლავაც მოკლედ, ყოველივეს კვლავაც დანახულს თოჯინის თვალით (ის თოჯინა მე ვარ). თუ ვერ დავწერე, არც ეს შემაწუხებს ძალიან, რადგან უჩემოდაც ათასობით ადამიანს აქვს ნაამბობი, რა საშინელება იყო ის 1937 წელი, მერე ომი, მერე ომის დამთავრების პირველი წლები.
ბავშვობა სხვაა. ბავშვობაზე გადიდებული თვალებით და ჩაკირკიტებით წერა მუდმივი მტკიცებაა, მართლა არსებობს სადმე სამოთხე, თუ არა“ …
1989წელი.