“დედა, გინდა პირსახოცი მოგიტანო? – ვთქვი და სულ არ გამიჭირდა ამ სიტყვის გამოთქმა“…

ნუცა ხუციშვილი, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დედა, საქართველოსა და მთელს საბჭოთა კავშირში პირველი რეჟისორი ქალი, 1902 წლის 25 ოქტომბერს საინგილოში, სოფელ კახში დაიბადა. ხუციშვილების ოჯახმა განსაკუთრებულად იზრუნა შვილების აღზრდასა და განათლებაზე. ოჯახის ექვსივე ქალიშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო. ნუცა ბავშვობიდან გამოირჩეოდა  ნიჭიერებით. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია. ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე და მოგვიანებით, იმავე განხრით, სწავლა განაგრძო გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. გერმანიიდან დაბრუნებული ნუცა ხუციშვილი გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში  და ასევე მთელ საბჭოთა კავშირში, რომელმაც მხატვრული ფილმი გადაიღო.  1934 წელს ეკრანზე გამოვიდა  მის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი „უჟმური“.

ნუცა ხუციშვილმა თავისი მომავალი დაუკავშირა ბოლშევიკ ლევან ღოღობერიძეს, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებაში სხვადასხვა დროს მაღალი პარტიული თანამდებობები ეკავა. 1930-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ნუცა ხუციშვილის შევიწროვება დაიწყო. მისი ქმარი ლევან ღოღობერიძე 1937 წელს დახვრიტეს, ნუცა კი კინოდან გააძევეს. რთული გარემო პირობების გამო ნუცა ხუციშვილი თითქმის ყველამ მიატოვა. ქმრის დახვრეტიდან მალევე, 1937 წლის მიწურულს ისიც დააპატიმრეს და როგორც „ჩესეირი“ (член cемьи изменника рoдины – სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი) 10 წლით გადაასახლეს საკონცეტრაციო ბანაკში, სადაც „ხალხის მტრების“ ცოლები და ოჯახის წევრები იხდიდნენ სასჯელს.

დედის გადასახლებას მტკივნეულად იგონებს ნუცა ხუციშვილისა და ლევან ღოღობერიძის ქალიშვილი – ლანა ღოღობერიძე: „დედას თავისუფლად შეეძლო თავიდან აერიდებინა გადასახლება, 10 წელი ოჯახიდან შორს, საშინელ პირობებში ცხოვრება. ბოლო ხანებში ლევან ღოღობერიძეს სხვა ქალი შეუყვარდა. როცა დააპატიმრეს, ნუცას ციხიდან მოსწერა, თქვი, რომ ჩემთან გაშორებული ხარ და დაჭერას გადარჩებიო, დედამ ეს ნაბიჯი არ გადადგა, რადგან თვლიდა, რომ თავისი სინდისის წინაშე ვალდებული იყო მეუღლესთან ერთად სასჯელი და პასუხისმგებლობა გაეზიარებინა.“

ათწლიანი ტყვეობიდან დაბრუნებულ ნუცას სახლში 17-18 წლის გაუცხოებული ქალიშვილი დახვდა. მისთვის უცხო და შორეული იყო ქალი, რომელიც უყვარდა და სტკიოდა ამდენი ხნის განმავლობაში. დიდხანს დედის დაძახება ვერ შეძლო… „ერთ მშვენიერ დილას ადრე გამეღვიძა, სამზარეულოში შევედი, დედა ონკანთან იდგა, ხელები წყლისთვის ჰქონდა შეშვერილი, იდგა უმოძრაოდ, მერე მძიმედ ასწია ხელი და სახეზე ჩამოისვა. მთელი მისი სილუეტი და ეს განსაკუთრებული ჟესტი ისეთი სასოწარკვეთითა და მარტოობით იყო დაღდასმული, რომ გავოგნდი. მერე თითქოს რაღაც გამინათდა შიგნით და უეცრად მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. – დედა, გინდა პირსახოცი მოგიტანო? – ვთქვი და სულ არ გამიჭირდა ამ სიტყვის გამოთქმა“…

ნუცა ხუციშვილი 1966 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა.

წყრო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები