„ აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები“ ..ოლია ოკუჯავა და გალაკტიონი
დახვრეტილი და შემდეგ – დანაშაულის არ არსებობის გამო რეაბილიტერებული – ასეთი იყო მისი და ასობით მასავით განადგურებული ადამიანი ბედი – ისინი საბჭოთა რეჟიმმა იმსხვერპლა. დაადანაშაულა „სამშობლოს ღალატსა“ და „ტროცკისტობაში“, წლების შემდეგ მათი ოჯახები რეაბილიტაციის ცნობას მიიღებენ, არადა ბევრმა მათგანმა არც იცოდა რომ საყვარელი ოჯახის წევრი დახვრეტილი იყო და ელოდნენ.. ელოდნენ უსასრულოდ..
მას ოლია ოკუჯავა ერქვა- ქართული პოეზიის ჯადოქრის – გალაკტიონ ტაბიძის საყვარელ ქალს.
ოლღა ოკუჯავა დაიბადა 1888 წელს ქუთაისში, სტეფანე ოკუჯავასა და ელისაბედ პერემუშევას ოჯახში, გალაკტიონიც ქუთაისში გაიცნო, 1916 წელს დაოჯახდნენ, პირველად, „ტროცკიზმში“ დადანაშაულებული ოლღა უზბეკეთში გადასაახლეს, სადაც მან სამი წელი გაატარა, მეორედ კი რეპრესიების ყველაზე მძიმე პერიოდში- 1936 წელს აიყვანეს,სწორედ მაშინ დაწერა ქართული პოეზიის მეფემ ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ რომელიც საყვარელ ქალს მიუძღვნა „ აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,/ მივდევ ვაგონებს. მახრჩობს გრძნობები./გემშვიდობები სამარადისოდ,/ სამარადისოდ გემშვიდობები!”
ოლია ორიოლის ოლქში წაიყვანეს სადანაც ის აღარ დაბრუნებულა, რამდენიმე წელიწადში სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და დახვრიტეს.გალაკტიონის „წინასწარმეტყველება“ სადაც ის სამუდამოდ ემშვიდობებოდა საყვარელ ქალს ახდა, ისტორიას დარჩა მოგონებები და საოცარი სიყვარულითა და ემოციით დაწერილი წერილები, რომელთაც წყვილი ერთმანეთს უზიარებდა ..
ოლღა ოკუჯავას წერილი გალაკტიონს
“… ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!
ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული!
გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ.
დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!
ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები – ეს დემონი ჩემი სულისა!
ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.
შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!
თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.
ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს – უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.
ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს…
ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!
შენი ოლია
მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!
1 მარტი, 1941″