„ქართული ენა დევნილი იყო, წირვა-ლოცვაც კი მხოლოდ სლაურ ენაზე სრულდებოდა“- გიორგი ლეონიძის წერილებიდან
გიორგი ლეონიძე ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო. მისი მოთხრობების კრებული -„ნატვრის ხე“ განსაკუთრებული მხატვრული სინამდვილითა და პოეტურობით აღწერილი პერსონაჟები, განუმეორებელი „ახალი სამყაროა“ ქართულ ლიტერატურაში, ეს პერსონაჟები სამუდამოდ უკვდავყო რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ქართულ კინო კლასიკაში „ნატვრის ხე“
ეს კი საინტერესო ნაწყვეტია დიდი მწერლისა და პოეტის, ლიტერატურისა და ხელნაწერების მკვლევრის (აღსანიშნავია რომ 30-იან წლებში სწორედ გიორგი ლეონიძის ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა და ამჟამად მის სახელს ატარებს) გიორგი ლეონიძის წერილიდან “ჩემი ავტობიოგრაფია“
„კარგი იყო უზრუნველი ბავშვობა იების კრეფიდან ვიდრე სკოლამდე. არაფერი არ ჯობდა კვირტმოსხმულ ვენახს, როცა გვრიტის ხმა გაისმოდა, საამოდ ქოთქოთებდნენ ნუშის, ტყემლის, ვაშლის ხეები – გაზაფხულის პირველ ხეხილს თავის სისპეტაკეში ეძახოდნენ.
ცოტა რომ წამოვიზარდე, მდინარე იორი იყო ჩემი ემბაზი. იორი 4-5 კილომეტრით იყო დაშორებული და იქ დიდი ვენახი გვქონდა ჭალით, რომელსაც ამკობდა ატამნარი. სოფლიდან მზის ამოსვლამდე წასულები, – მთელი დღე ვცურაობდით, ვბანაობდით, ვცელქობდით, „ხვალასა ვჩხრეკდით“, წყალსა ვწყვეტდით, ვხელაობდით, ვხალისობდით და დაღლილები ვისვენებდით მორევში განცხრომით მწოლარე ნიკორა კამეჩის ხიმა ქედზე; შემდეგ თევზის მოხარშვა ან შეწვა… მერე ხეებზე ასვლა და ტკბილი ნაყოფის მირთმევა. კარგად დაბიდებულზე შინ ვიყავით, ვახშმის თავი არა გვქონდა, იქვე დიდ ტახტზე ვიძინებდით და ვაივაგლახით ძლივს გვხდიდნენ ტანისამოსს. ხვალ ისევ იორი, ისევ ვენახი და ისევ – სანამ არდადეგები არ გათავდებოდა, თბილისში წასვლის დროს არ მოვიდოდა.
შემდეგ ქალაქის გახურებული ტროტუარები, თბილისის სასულიერო სასწავლებლის (სადაც 1907 წლიდან ვსწავლობდი) დახუთული ოთახები რემონტის საღებავების სუნით… ჯერ გზად დილიჯანში, მერე თვით სკოლაში. პირველ დღეებში ბევრი უნდა მეტირნა, ჩემი ცრემლებით გამომეგლოვა ჯერ დედა და მერე ჩემი სოფელი.შემდეგ იწყებოდა სევდა და შემდეგ პანსიონის მძიმე რეჟიმი. რუსული, ლათინური, ბერძნული… საღვთო წერლის გაკვეთილები; ქართული ენა დევნილი იყო. წირვა-ლოცვაც კი მხოლოდ სლაურ ენაზე სრულდებოდა. ერთი სიტყვით, სწორედ ისეთივე რეჟიმი იყო დამყარებული, როგორიც აკაკი წერეთელს აქვს აღწერილი „თავგადასავალში“; საკვირველია, ამდენმა დრომ გაიარა აკაკის შემდეგ და შეიძლება ქართული ენის დევნას ახლა უფრო მეტი მოტრფიალენი ჰყავდნენ (ყოველ შემთხვევაში – ჩვენს სასწალებელში)…
სწორედ ეს შეუბრალებელი დევნა კაციჭამიებისა უფრო ღრმად გვინერგავდა სამშობლოს სიყვარულს, გვაწრთობდა პაწაწინებს მებრძოლებად და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობდით მამულიშვილობას: ასე ვცემდით არალეგალურ მოწამეთა ჟურნალს (ორი ჟურნალის – „ფანდურის“და „ფუტკრის“ რედაქტორი მე ვიყავი), ვაარსებდით არალეგალურ წრეებს, სადაც ვკითხულობდით ლექსებს, ვმსჯელობდით ლიტერატულურ საკითხებზე და სხვა…“