დათო ტურაშვილის რომანი „სხვა ამსტერდამი“ ჰოლანდიურ ენაზე გამოიცა
თანამედროვე ქართველი ავტორის – დათო ტურაშვილის რომანი „სხვა ამსტერდამი“ ნიდერლანდებში – ჰოლანდიურ ენაზე გამოიცა. წიგნი გამომცემლობა Uitgevereij Cossee – მა გამოსცა. მთარგმნელი – ინგრიდ დეგრეივი.
„სხვა ამსტერდამი“ უკვე თარგმნილია სომხურ და გერმანულ ენებზე. ინფორმაციას „სხვა ამსტერდამის“ გამომცემელი – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.
დათო ტურაშვილი: „ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი მელენტი მასხულია მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიაში აღმოჩნდა, სადაც პარტიზანებს შეუერთდა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ასე მეუბნებოდა დედაჩემი, რომელიც დაწვრილებით მიყვებოდა იმის შესახებაც, თუ როგორ გაიპარა მანამდე ბაბუაჩემი მელენტი საფრანგეთის ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკიდან შვიდ ქართველ ტყვესთან ერთად. ომი რომ დამთავრდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ბაბუაჩემი მოსკოვიდან პირდაპირ ციმბირში გააგზავნეს და იქ პატიმრობაში ათი წელი გაატარა. ალბათ ამიტომაც მეუბნებოდა მამაჩემი, რომ ბაბუაჩემი არა ფაშისტებს, არამედ კომუნისტებს ებრძოდა მთელი ცხოვრება და ამის გამო აღმოჩნდა კიდეც შორეულ გადასახლებაში. ყველაზე საინტერესო კი ჩემთვის, რასაკვირველია, ბებიაჩემის ვერსია იყო, რომელიც ამტკიცებდა რომ ბაბუა, სინამდვილეში, არავის ებრძოდა (საერთოდ) და ამსტერდამში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ იქ საყვარელი ჰყავდა, რომლის ბინაშიც ომის პრობლემებს ემალებოდა. ბებიაჩემს კი მაინც ვერსად დაემალა…“