ერთი ამბავი თუში ტყვე ქალისა…

ამბავი, რომელსაც გიამბობთ, სავარაუდოდ, გომეწრის ხეობაში, ორწყლის ხეობის მხარეს მდებარე სოფლებში უნდა მომხდარიყო. მთხრობელი მაშო აბაიძეა, 84 წლის, წარმოშობით საჩიღოლოდან, გათხოვილი დიკლოში. ამბავი მოუყვა ბებიამ, რომელიც გადახდა მის დედამთილს. სავარაუდოდ მე-17, მე-18 სს.. ეს მონათხრობი კი კვლევის ცენტრმა ჩაიწერა თუშეთის ექსპედიციის დროს.

“ამბავი მომხდარა ზამთარში, უთოვლობაში, თუშურად ,,ხმელობას’’, ამ დროს ლეკთა თავდასხმები ხშირდებოდა. ქალი დანიშნული ყოფილა. ზამთრის ერთ საღამოს, გვიან, ქალები სახლში ახლად შესულები, ცეცხლთან მსხდარან, როგორც წესი, ყელიანი ჩითები გახდილი ჰქონიათ და შუაცეცხლთან თბებოდნენ. სახლში ბიჭი შემოვარდნილა ყვირილით, ლეკები დაგვეცნენო. კაცები გარეთ გავარდნილან და ხელჩართული ბრძოლა დაწყებულა, ლეკები ბევრნი ყოფილან, შეიარაღებულები, მომზადებულები. დიდი მსხვერპლი მოჰყოლია თავდასხმას. სახლში შევარდნილან და ქალები გაუტაციათ. ისე სწრაფად მომხდარა ყველაფერი, ფეხზე ჩითების ჩაცმა ვერ მოუსწრიათ, ქალს მხოლოდ ის მოუსწრია, რომ ლეკისთვის, რომელმაც მას ხელი სტაცა უთქვამს: შენ ძმა და მე დაო. დაღესტნისკენ წაუყვანიათ თუში ტყვე ქალები, სასტიკი სიცივე ყოფილა, შიშველი ფეხები გაყინულ ქვებზე ეწებებოდათ თურმე. სამშვიდობოს რომ გადასულან ლეკები, გზად დაუსვენებიათ თუში ქალები, წინ მოკლული მამების, ძმების, ქმრების მოჭრილ მარჯვენებს უწყობდნენ დასატირებლად.

ტყვე ქალებს დაღესტანში ებრაელი ვაჭრები ელოდნენ, სხვადასხვა ნივთებში, მათ შორის უცხო ქსოვილებში გადასაცვლელად. ქალი გაყიდვას გადარჩენილა, რადგან ქსოვილი, რაშიც ის უნდა გაეცვალათ ნაკლიანი გამომდგარა. ლეკს, რომელსაც ქალმა და-ძმობა სთხოვა მოტაცებისას, საკუთარ ოჯახში წაუყვანია თუში ტყვე ქალი, სადაც მას საკმაო ხანი დაუყვია.

თუშეთში, სხვადასხვა გზებით ატყობინებდნენ გაყიდვას გადარჩენილი ქალები, რომ ცოცხლები იყვნენ. ლეკის ოჯახს განსაკუთრებულად მიუღია და შეუფარებია თუში ქალი, დარდს არ აცდიდნენ, სულ თავს ევლებოდნენ თურმე. რამდენი ხანი დაყო დაღესტანში ქალმა უცნობია, რაღაც ხანის შემდეგ ქალის საქმროს საქონელი გადაურეკია და დაუხსნია გატაცებული საცოლე. გამოთხოვებისას ლეკის ცოლი ტიროდა, არ ეთმობოდა თუში ქალი, სამახსოვროდ, საუკეთესო შალი მოუხსნია მხრებიდან და ქალისთვის უჩუქებია. საქმროს იმედი გაუცრუებია ტყვეობიდან დახსნილი ქალისთვის, სულ დაღესტნელ ოჯახს მისტიროდა და იქ დარჩენას ნატრობდა თურმე ტყვე ქალი.  (სავარაუდოდ, ამბავი გომეწრის ხეობაში, ორწყლის ხეობის მხარეს მდებარე სოფლებში უნდა მომხდარიყო).

მთხრობელი მაშო აბაიძე, 84 წლის

(წარმოშობით საჩიღოლოდან, გათხოვილი დიკლოში. ამბავი მოუყვა ბებიამ, რომელიც გადახდა მის დედამთილს. სავარაუდოდ მე-17, მე-18 სს.).

კვლევის ცენტრი

თუშეთის ექსპედიცია 2020″

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები