მიხეილ თარხნიშვილის უნიკალური არქივი ნაპოვნია

ქართველი თეოლოგის, კათოლიკე სასულიერო პირის, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია.

ინფორმაცია ისტორიკოსი გიორგი კალანდია ავრცელებს:

„მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია, მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოშია!

დღეს ჩემთვის როგორც ქართველი მეცნიერისათვის ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტია, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოში აღმოჩნდა და მისი მიკვლევის პატივი მე მერგო!

საქმე იმაშია რომ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში ჩემს მეგობრებთან ერთად გადმოვიტანე ქართული ისტორიოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლის, სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერ ვათეიშვილის არქივი. ვერ მოვითმინე და ამ უქმეებზე არქივის პირველადი დამუშავება უკვე დავიწყე და ჰოი საოცრებავ… დღეს ამ კოლექციაში აღმოჩნდა სამი დიდი საქაღალდე წარწერით „მ.თარხნიშვილი“.

თვალებს არ ვუჯერებდი როდესაც ამ საქაღალდეებში პირველი ხარისხოვანი დოკუმენტები ვიპოვნე, მათ შორისაა მიხეილ თარხნიშვილის პასპორტი გაცემული 1919 წელს დემოკრატიული მთავრობის მიერ, მიმოწერა ვატიკანთან, დიპლომები და სიგელები, სტამბოლის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული უნიკალური მასალები, თარხნიშვილის ჩანაწერები, სამეცნიერო სტატიები და ასე შემდეგ…

როგორც ჩანს ღვაწლმოსილმა ქართველმა მეცნიერმა ჯუანშერ ვათეიშვილმა ეს ძვირფასი არქივი საბჭოთა პერიოდში იტალიაში იპოვნა,  გადაარჩინა და სამშობლოში მაშინ ჩამოიტანა, როცა მიხეილ თარხნიშვილის სახელი ჯერ კიდევ აკრძალული და ტაბუირებული იყო… ალბათ მეცნიერი მის შესწავლასა და გამოცემასაც გეგმავდა…

დღეს ეს უნიკალური საგანძური უკვე ჩვენს მუზეუმშია. ამ ფაქტით უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ, ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ – ერთი უძლიერესი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ხდება…

დღეს აღდგომის მეორე დღეს დიდი პატივისცემით მინდა გავიხსენო მიხეილ თარხნიშვილი და ჯუანშერ ვათეიშვილი, დიდი ქართველები რომელთა ხსოვნა სამარადისოა, ნათელი დაადგეს მათ სახელებს. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ლაშა ჯაფარიძეს, ირინა მოისწრაფიშვილს, გიორგი ჩაფრავას, ირაკლი ჭითანავას და ჯუანშერ ვათეიშვილის ძვირფას ოჯახს, რომლებმაც მანდეს, გადმომცეს და დამეხმარნენ არქივის მუზეუმში გადმოტანაში.“ – წერს ისტორიკოსი.

მიხეილ თარხნიშვილი ღრმად განსწავლული პიროვნება იყო. მას ისე ბრწყინვალედ იცოდა ენები, რომ თითოეულ მათგანზე წერდა სამეცნიერო ნაშრომებს. მეტად მრავალფეროვანი იყო მისი შემოქმედებითი თემატიკა: ქართული სასულიერო მწერლობის ისტორია თუ საქართველოს ისტორია, მთარგმნელობითი თუ ლექსიკოგრაფიული საქმიანობა… ფასდაუდებელია მიხეილ თარხნიშვილის ღვაწლი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში დაცულ უძველესი ქართული წარწერების, ხელნაწერებისა და ლექციონარების გამოქვეყნება–შესწავლაში. იგი ეძებდა იტალიის წიგნთსაცავებში დაცულ ქართულ წყაროებს, თარგმნიდა და აქვეყნებდა ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ძეგლებს, აცნობდა ევროპელებს საქართველოს ლიტერატურასა და კულტურას.

“მთელი დასავლეთისათვის ქართული ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებელი იყო… არ არსებობს საქართველოს ისტორიის, მისი ენის, ლიტერატურისა და ლიტურგიის დარგი, მათი მიმართება მეზობელი ქვეყნების ლიტერატურასა და ეკლესიასთან, რომელშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მას არ შეეტანოს, მან პირველმა დაანახა დასავლელ მკვლევარებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური”, – წერდა მიხეილ თარხნიშვილზე მისი ბელგიელი მოწაფე, ქართველოლოგი ჟერარ გარიტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები