სუფსარქისი – დღე, როდესაც “ქალები აცხობენ მარილ-კვერს და სჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ”

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ თითქმის მთელი ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა – გოგონა ცხელ ხაზის ოპერატორს სთხოვდა, მისთვის დაეშვა კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გადაადგილების საშვი, რათა მას შუა ღამე გზაჯვარედინთან მარილიანი კვერები ეჭამა და შემდეგ საბედო დასიზმრებოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მარილიანი კვერების მირთმევა სუბსარქისის დღესასწაულის მთავარი რიტუალია, თუმცა, ამ ტრადიციის შესახებ ცოტამ თუ იცის.

წმინდა სარქისის დღესასწაული (სუბსარქისი) არის სომხური სამოციქულო ეკლესიის ძველი ტრადიცია, როდესაც სარქის მეომარის დღესასწაულზე, რომელიც სიყვარულის მფარველად ითვლებ, ილოცებიან შეყვარებული წყვილები. მარტოხელები კი დღესასწაულის წინა საღამოს მიირთმევენ მარილიან კვერებს, რომ სიზმარში ნახონ თავისი მომავალი მეუღლე. დღესასწაული პოპულარულია საქართველოშიც და აღინიშნება არა მხოლოდ სომხური თემის მიერ.

სუბსარქისზე  იოსებ გრიშაშვილი “ქალაქურ ლექსიკონში” წერდა:

სუფსარქისი / სუბსარქისი“ – სუფსარქისის ეკლესიის დღეობა მოდის თებერვალში. გასათხოვარი ქალები წუმს ინახავენ, აცხობენ მარილ-კვერს და სჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ.

თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, მაშინ არ ვარგა – ქალი სიღარიბეში ეყოლება, ხოლო თუ ვარცხლის ბადიაა – მაშინ ცოლს კარგად შეინახავს. ამ ნიადაგზე ხშირად შეყვარებულებიც განშორებულან.

1889 წელს ამ ნიადაგზე ერთი ახირებული ამბავიც მოხდა, რომლის შესახებაც ტფილისის რუსულ-ქართულ გაზეთშია მოთხრობილი:

„ქალ-ვაჟს ერთმანეთი უყვარდათ, ჯვარიც უნდა დაეწერათ, მაგრამ ამ დროს სუფსარქისისმარხვა დადგა და ქორწილიც გადაიდო. ქალმა სიზმარში ვითომ თავის დანიშნული ნახა, რომელიც თიხის ჯამით წყალს აწვდიდა; სიზმარი მშობლებს უამბო. მშობლებმა ვაჟს უარი უთხრეს:

„თიხის ჯამი სიღარიბეს ნიშნავს და ქალს არ გავაუბედურებთო“.

ვაჟი რევოლვერით მივიდა თავის დანიშნულთან და მოხდა ერთი ორომტრიალი, ქალი მაინც არ მისცეს და ასე გამოაპანჩურეს სიძე სახლიდან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები