1900 წლის 8 იანვარს მწერალი გიორგი ლეონიძე დაიბადა

გიორგი(გოგლა) ლეონიძე სოფელ პატარძეულში, 1900 წლის 8 იანვარს დაიბადა..

1907 წელს იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს “გვირგვინი” და “ფანდური”, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი “საფირონი”.

თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. 1922-1923 წლებში იგი “ცისფერყანწელთა” ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ “ბახტრიონს” რედაქტორობდა.

გ. ლეონიძე იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული ლიტერატურის ურთიერთობათა მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სსრ სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისაა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა.

გოგლა ლეონიძე კეთილი, გულუბრყვილო, თავისუფლების მოყვარული, სამშობლოსა და წინაპრების მაღმერთებელი იყო. ადამიანზე ზრუნვა სიხარულს ანიჭებდა. საოცარი უნარი ჰქონდა მოსმენის, სიტყვას არ შეაწყვეტინებდა არავის, ბოლომდე მოუსმენდა. სხვაზე ფიქრობდა მუდამ – გული არ დაეჩაგროს, არ ეწყინოსო – დარდს გულთან მიიტანდა.

მარტოობა არ შეეძლო, მარტო სადილზეც არ შესვამდა ერთ ჭიქა ღვინოს, ხშირად უძმარდებოდა კიდეც. უსტუმროდ მზესაც კი სითბო აკლიაო, იტყოდა.

გოგლა ძალზე მორწმუნე იყო. ბავშვობაში კათალიკოსობაზე ოცნებობდა და უნდოდა „გიორგი ბროლა“ ყოფილიყო. ასევე ტაო კლარჯეთის ნახვაზე ოცნებობდა, სადაც ართვინის მახლობლად წინაპართა სოფელი ლეონიძე (ახლა მას მიოლეთი ჰქვია) ეგულებოდა.

საოცარია, რომ “ნატვრის ხის” ავტორს სხვა პროზაული ნაწარმოები არ შეუქმნია…

გიორგი ლეონიძე  1966 წლის 9 აგვისტოს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

14 აგვისტოს მთაწმინდის პანთეონში, ცოცხალი გიორგი ლეონიძე განსვენებულ გიორგი ლეონიძეს საკუთარი ლექსებით მიაცილებდა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები