ქართველი ემიგრანტის “გადარჩენის კოდი”
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ხათუნა შარაძე “ქართულ კვირას” საკუთარ წერილს უზიარებს- ამბავს მისი მრავალგზის გადარჩენისა და “გადარჩენის კოდის” შესახებ:
“თერთმეტი თვის ვიყავი, როცა მე და ჩემი ძმა მშობლებს კურორტ ბახმაროზე ვყავდით. შეუძლოდ გავმხდარვარ. მაშინ, ბახმაროდან ოზურგეთამდე ოთხი საათის სავალი გზა იყო. იმ დროისთვის შოკის მომგვრელი დიაგნოზი დამისვეს – ლეიკემია (სისხლის გათეთრება). ორმოცი წლის წინ ლეიკემიის დიაგნოზი გადარჩენის შანსების ავტომატურ არ ქონას ნიშნავდა.
ბახმაროდან ოზურგეთში ჩამოსვლამდე ჩემს სახლთან მთელი სოფელი შეკრებილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი ეკონომიკურად საკმაოდ მყარად ცხოვრობდა, სოფელს თანხა შეუგროვებია, ჩემს გადარჩენაში მონაწილეობის მისაღებად. ამ ამბავს ისე ცხადად წარმოვიდგენ ხოლმე, თითქოს საკუთარი თვალით მენახოს, როგორ იდგა დაზაფრული სოფელი და როგორ ვებრალებოდი.
ჩემი მელექედური – ჩემი იერუსალიმია. ალბათ, ამიტომაც ყველა ჩემი მეზობელი მიყვარს და აბსოლიტურად ყველა ჩემი მეზობლის სახლში ვარ ნამყოფი. ყველგან მიმესვლებოდა და ყველგან მიღებდნენ.
ახლა, როცა ასე შორს ვარ ჩემი პატარა სოფლისგან, როცა სრული ერთი წელი უსასრულო ფიქრებში გავატარე, როცა საკუთარი თავში ჩემი საუკეთესო ვარიანტი ვიპოვე, მივხვდი, რომ მე სოფლის ბოლოს მდგარ სახლში კი არა მთელ სოფელში ვცხოვრობდი და ჩემს სოფელში მცხოვრები ადამიანების, ჩემს ბედზე, ჩემს ირგვლივ გაჩენილი ადამიანების წყალობითა და სიკეთით ვარ დედამიწაზე დღემდე შემორჩენილი.
გამომიტირა თურმე ოჯახმა, სოფელმა, ნათესავებმა და გადაწყდა, როგორც საბჭოთა ბავშვი მოსკოვში გადავეფრინე. თავდაპრველი დიაგნოზი შეიცვალა. სეფსისი დამიდგინდა. გამოვძვერი. გადარჩენის გამოცდილების დაუფლება თერთმეტი თვიდან დავიწყე. დავიწყე და არ გავჩერებულვარ.
მეორედ, ჩემს სახლთან სოფელი ექვსი წლის ასაკში შევკრიბე. ყბა-სახის ტრამვა მივიღე. ყბა-სახის ოთხი სახსარი გამიტყდა. ოზურგეთი, ბათუმი, თბილისის საავადმყოფოების შემდეგ, ამჯერადაც, როგორც საბჭოთა ბავშვი მოსკოვში გადამაფრინეს. რვა წელი დასჭირდა მიღებული ტრამვების და მოტეხილობების რეაბილიტაციას. თერთმეტი თვის ასაკში ჩადებული გადარჩენის კოდი მთელი რვა წელი ვამუშავე და კიდევ უფრო გავზარდე ბრძოლსიუნარიანობა.
ცხადი გახდა, რომ რამდენიმე სიცოცხლე მქონდა, რადგან კიდევ სამჯერ დამჭირდა გადარჩენა, მაგრამ ამჯერად ქირურგიული ჩარევები. დანარჩენი ფათერაკების დაძლევა დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებს შიგნით მოგვარდა.
ახლა, სამხრეთ იტალიის ერთ-ერთი ისტორიული უბნის ქვაფენილიან ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე მოკალათებული ვზივარ და ვფიქრობ, დასავლეთ საქართველოში არსებულ ერთი დიდი სოფლის პატარა უბანზე, სადაც ჩემი ღმერთები ცხოვრობენ და შეშის ღუმელებთან მოკალათებულები ხელების ფშვნეტით და ძველისძველი ამბებით გამთბარები მელოდებიან.
ეს საახალწლო ამბავი არ არის, მაგრამ გადარჩენის ამბების ნიმუშად ნამდვილად გამოდგება. მე არ მეშინია ცხოვრების. უკვე მოგიყევით, რა დროიდან დავიწყე გადარჩენა. მე არ მეშინია საკუთარი თავის. მე არ მეშინია ემიგრაციის. მე, უბრალოდ, ყველანი ძალიან მენატრებით. ახლა საკუთარ თავზე მეტად ვგრძნობ გზებს, რომლებიც ადამიანებმა, ჩემს სოფელში გაჭრეს. ყველა საცალფეხო ბილიკი ვიცი, ყველა ხეს ვიცნობ, წყალი ყველა ჭიდან დამილევია. ყველა გზისპირა ეზოდან მომიპარავს ხილი და მდინარემდე მისასვლელ სიმინდის ყანებს შორის გაყვანილ გზაზე, ასიათასჯერ შევხებივარ სამყურა ბალახებს.
მინდა, ადამიანებს სიყვარული დაუბრუნდეს. მინდა ერთმანეთს კედლად, ღობედ, ჭიგოდ ვედგეთ გვერდი-გვერდ. ყოველ დღე თუ არა, ახლა ნამდვილად ყველანი მიყვარხართ.
პ.ს. ორმოცი წლის შემდეგ გიხდით მადლობას. გააზრებულ მადლობას.”
ხათუნა შარაძე