საქართველომ ანდრია დადიანის კუთვნილი „ჯენტლმენის პორტრეტი“ დაიბრუნა

საქართველოს ხელოვნების სასახლის (კულტურის ისტორიის მუზეუმის) ხელმძღვანელის გიორგი კალანდიას ინფორმაციით, ქართველ თავადის, ანდრია დადიანის კუთვნილი, რენესანსის ეპოქის ფლამანდიელი მხატვრის პიტერ იანს პოურბუსის მიერ შექმნილი „ჯენტლმენის პორტრეტი“, საქართველოში დაბრუნდა.

ამ ჟანრის ნახატი, რომელიც ჩრდილოეთის რენესანსის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, საქართველოში ერთადერთია. ტილო დათარიღებულია 1523–1584 წლებით.

„ეს არის ფერწერული ნამუშევარი, რომელიც ზეთით მუხის დაფაზეა შესრულებული. ასახავს ჯენტლმენს შავ ევროპულ სამოში თეთრი საყელოთი და წყვილი სამკლაურებით. ნახატი მიეკუთვნება ჟანრს, რომელიც ცნობილია როგორც memento mori. შუა საუკუნეებში მიწიერი ცხოვრების გარდამავალი ბუნების ასახვა საკმაოდ ცნობილი პრაქტიკა გახლდათ და მოიხსენიებოდა, როგორც „მემენტო მორი“, აღნიშნული ლათინური ფრაზა ითარგმნება როგორც „გახსოვდეს, რომ ცხოვრება წარმავალია”, –  წერს გიორგი კალანდია.

ნახატი ცნობილი ქართველი თავადის ანდრია დადიანის კოლექციაში კიევის სასახლეში ინახებოდა – ანდრია დადიანმა 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. თამაშობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან (ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვა) პარიზში, რომში, კიევში, თბილისში. ის იყო უმდიდრესი პიროვნება და ჰქონდა ევროპული მხატვრული ნაწარმოებების საუკეთესო კოლექცია (შემორჩენილია ფოტო სადაც ჩანს ეს ნახატი ანდრია დადიანის კიევის სასახლის ერთ-ერთ კედელზე, რომ ჰკიდია) . 1910 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კიევის სასახლიდან მისი ბევრი ნივთი გაიყიდა, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაეტოვებინა აღნიშნულ ნახატს დადიანის კიევის სასახლე.

გიორგი კალანდია მადლობას უხდის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს და მის რექტორს თემურ ქორიძეს, რომლის ქველმოქმედებითა და აქტიური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ევროპიდან საქართველოში ამ უნიკალური ნივთის დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები