გადმოცემით, საქართველოდან ფერეიდანში გადასახლებული ერთი სოფლის ხალხი კვლავ ერთად დასახლებულა და ამ ადგილისთვისაც თავიანთი მშობლიური სოფლის სახელი, „მარტყოფი“ უწოდებიათ. ირანელი ავტორების ცნობით, ფერეიდნის ყველაზე დიდი სოფელი ზემო მარტყოფი ყოფილა (ახლა ფერეიდუნშეჰრი). დღეს უკვე ქალაქად ქცეული ფერეიდუნშეჰრი და მის გარშემო რამდენიმე სოფელი ქართველებითაა დასახლებული.
აგერ უკვე ოთხი საუკუნეა, აქ ცხოვრობენ იმ ქართველთა შთამომავლები, რომლებიც კახეთ–ჰერეთიდან 1614–1616 წლებში გადაასახლეს. ფერეიდნელი ჩვენებურები საუკუნეების შემდეგაც ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ტრადიციებს.
ეს წერილი, რომელიც ფერეიდნის ქართული ბიბლიოტეკის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, ფერეიდნელ ჩვენებურ ბიჭს ეკუთვნის:
,,ბავშვობაში მამა საქართველოზე ბევრს მიყვებოდა. მეუბნებოდა, რომ ჩვენ სხვები ვართ და არასოდეს უნდა დამევიწყებინა ადგილი, რომელსაც საქართველო ჰქვია. კარგად ვერ ვხვდებოდი, რა იყო საქართველო… მეგონა, ეს რაღაც მისტიური კუნძული იყო, რომლის დარიც ქვეყნად არაფერი არსებობდა. ბევრ კითხვას ვუსვამდი მამას. დიდობაში მივხვდი, რომ მამა ერთსა და იმავე კითხვებზე სხვადასხვა პასუხს მაძლევდა.
მივხვდი, რომ მამას საქართველო არასოდეს ენახა, მაგრამ არასოდეს მითქვამს მისთვის. რომ ამას მივხვდი. არ ვატკინე ბერიკაცს გული, რომელიც სამშობლოდან ასე შორს, ისე, რომ ერთხელაც არ უნახავს, ისე ინახავდა საქართველოს სიყვარულს გულში.
მე ფერეიდნელი ქართველი ვარ. დღეს მაქვს ინტერნეტი, მაქვს შესაძლებლობა ჩამოვიდე და ვნახო ჩემი ნამდვილი სამშობლო, მაგრამ მამას ეს არ ჰქონდა. ის ისე დაიბადა და გარდაიცვალა, რომ საქართველო არასოდეს უნახავს, მაგრამ იგი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. არც არასოდეს მოუხსნია ციცქნა, ლამაზი ხის ჯვარი გულმკერდიდან”.
კომენტარები
კომენტარი