1888 წლის 14 დეკემბერს შალვა ნუცუბიძე დაიბადა

1888 წლის 14 დეკემბერს,  სოფელ ფარცხანაყანებში (წყალტუბოს რაიონი), მეცნიერი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი შალვა ნუცუბიძე დაიბადა.  მან, 1910 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა. შემდეგ, სწავლა განაგრძო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიენიჭა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტში ატარებდა სემინარებს, რითაც ხელს უწყობდა ქართული ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას. 1918 წელს ის თსუ ერთ – ერთი დამაარსებელი და  მისი პრორექტორი (1920-1929) იყო.

შალვა ნუცუბიძე უნივერსიტეტის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე და ლაიფციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი იყო. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ “აღმოსავლური რენესანსის” საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში.

1919-1921 წლებში შალვა ნუცუბიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა რეჟიმის მხრიდან ის მუდმივ დევნას განიცდიდა. იგი 1921 და 1938-1940 წლებში დააპატიმრეს, 1953-1960 წლებში გააძევეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება ჩამოართვეს. ავიწროებდნენ, არ უშვებდნენ ფართო აუდიტორიებში. 1968 წელს გამართულ თბილისის უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე სიტყვის თქმის უფლებაც არ მისცეს. მიუხედავად ამდენი დევნისა და შევიწროებისა, შალვა ნუცუბიძეს ღირსება არასდროს დაუკარგავს.

მას ხშირად უთქვამს, სიკვდილს რუსთაველმა გადამარჩინაო. დაპატიმრების დროს „ვეფხისტყაოსანს” თარგმნიდა. ციხეში თარგმანზე მუშაობის ნება მისცეს. ყოველ შაბათს პოემის ნათარგმნი ნაწილი საპატიმროდან ქრებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, სტალინი კითხულობდა. სწორედ მისი განკარგულებით, შალვა ნუცუბიძე  ციხიდან გაათავისუფლეს.

შალვა ნუცუბიძე ეფექტური გარეგნობის განათლებული მამაკაცი იყო. დახვეწილი იუმორით და ორატორული ხელოვნებით.

ერთხელ მან აუდიტორიაში სტუდენტებთან შესვლა ნახევარი საათით დააგვიანა. ის კიბეზე ადიოდა, როცა რექტორი ნიკო კეცხოველი შეხვდა. ნიკომ დაინახა თუ არა, ცოტა მკაცრად უთხრა: რა არის, შალვა, არ იცი, ლექცია როდის იწყება?! მაგის მეტი რა ვიცი, ბატონო ნიკო, ლექცია მაშინ იწყება, როცა ლექტორი აუდიტორიაში შედისო – მიუგო შალვა ნუცუბიძემ… ამაზე ნიკო კეცხოველს გაეცინა, არაფერი უთქვამს და გაუყვა თავის გზას.

სამწუხაროდ მოგვიანებით, ფილოსოფოსის სახელი უსიამოვნო ისტორიაშიც გაეხვია.

შალვა ნუცუბიძე 1969წლის 6 იანვარს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონშია დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები