იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ჰიგაშიკუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიენიჭა
ჰიგაშიკუნინომიას ფონდის კომიტეტის გადაწყვეტილებით, თეიმურაზ ლეჟავას აღნიშნული ჯილდო იაპონურ მსხვილ კორპორაციაში მუშაობისა და წარმატებული დიპლომატიური გამოცდილების, ასევე სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით მიენიჭა.
ჰიგაშიკუნინომიას ჯილდო, რომელიც ყოფილი საიმპერატორო ოჯახის წევრის სახელობისაა და მისივე დაარსებული საორგანიზაციო ფონდის მიერ გაიცემა, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული ჯილდო მიღებული აქვთ იაპონიის ყოფილ პრემიერ მინისტრებს, გამოჩენილ პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დიპლომატებს. თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, ვინც ეს ჯილდო მიიღო.
აქვე წარმოგიდგენთ დაჯილდოებაზე თეიმურაზ ლეჟავას მიერ წარმოთქმული სიტყვის თარგმანს:
ქალბატონებო და ბატონებო, „გამარჯობა“!
მე გახლავართ თეიმურაზ ლეჟავა – იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
„გამარჯობა“, რითაც თავშივე მოგმართეთ, ქართული სიტყვაა. აქ მყოფთ შორის ალბათ ბევრია ისეთი, ვინც პირველად გაიგო ეს სიტყვა.
დღეს პატივი მერგო, უაღრესად საპატიო – ჰიგაშიკუნინომიას საერთაშორისო კულტურის ჯილდო მივიღო. აქვე, ნება მიბოძეთ, მოკლედ ჩემს შესახებ და იაპონია-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე მოგითხროთ.
მე, 1988 წელს, საბჭოთა კავშირის ეპოქის საქართველოში დავიბადე. ხშირად, როდესაც იგებენ – „ყოფილი საბჭოთა კავშირი“, რუსეთის მსგავს ქვეყანად წარმოგვიდგენენ ხოლმე, მაგრამ საქართველოს განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია, რომ უამრავი დამპყრობლისგან მიღებული კულტურული გავლენებისა, თავისი უნიკალური ლიტერატურა, ენა და კულტურა შეინარჩუნა. მიმაჩნია, რომ საქართველოს განსაკუთრებულობა სწორედ ამ ქართულობის შენარჩუნებაში გამოიხატება.
თავად მე დაწყებითი კლასები საქართველოში, იაპონიასა და ამერიკაში – სამი განსხვავებული კულტურის ქვეყანაში გავატარე. ამ გარემოებების გამო, მარტივი არ იყო ქართული კულტურისა და იდენტობის მიღება და შენარჩუნება. გზად არაერთი დაბრკოლებისა და სირთულის გადალახვა მომიწია, მაგრამ ახლა ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ „მე ქართველი ვარ“ და ამის განცდა ბედნიერებას მანიჭებს. ამიტომაც ქედს ვიხრი წინაპრების წინაშე, ქართული კულტურის შენარჩუნებისათვის ძალები რომ არ დაიშურეს.
შეიძლება იფიქროთ, რომ საქართველოსადმი ჩემი სიყვარული ელჩისთვისაც კი ცოტა გადაჭარბებულია. თუმცა, არა მხოლოდ საქართველოს, იაპონიის მიმართაც განსაკუთრებული გრძნობა გამაჩნია. ჩემი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში იაპონიაში ცხოვრობდა. ჩემი უმცროსი ძმა კი ჰიროშიმაშია დაბადებული. იაპონიაში ცხოვრებისას იაპონელთა განსაკუთრებული სითბო ვიგრძენი და ბევრი რამის სწავლა შევძელი. „იაპონია ჩვენი ოჯახისათვის მეორე სამშობლო და ჩვენი იდენტობის ნაწილი გახდა. გულითად მადლობას ვუხდი ყველა იაპონელს, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდში გვედგა.
რაც შეეხება იაპონია-საქართველოს, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია სულ მალე საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან 30 წელს მოითვლის. ამ ხნის განმავლობაში საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სფეროში ვთანამშრომლობდით და უაღრესად მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება შევძელით.
საერთაშორისო თანამშრომლობამ ამ ეპოქაში ისეთი მნიშვნელობა შეიძინა, როგორც არასდროს. საქართველოს უპირატესობა ევროპასა და აზიას შორის, გეოპოლიტიკური მდებარეობასადა საერთაშორისო დიალოგის წარმოების შესაძლებლობებშია. ამავე დროს, უნიკალური ღირებულებების შენარჩუნების პარალელურად მრავალფეროვნების მიღებაც ჩვენი სიძლიერეა.
ჩემი მიზანია, რომ პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა – ეს სამი ძირითადი სფერო საქართველო-იაპონიის ურთიერთობათა სტრატეგიულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს, ჩვენს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები ერთბაშად ღრმა შინაარსის მატარებელ ურთიერთობებში გადაიზარდოს.
ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობები ადამიანებს შორის ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია.
საქართველო ცნობილია, როგორც ღვინის სამშობლო, რომლის ისტორიაც 8000 წელს ითვლის. ამავე დროს, იაპონიის მსგავსად, ძალიან განვითარებულია სტუმარმასპინძლობის კულტურა. იაპონიასთან სხვა მრავალი საერთოც გვაქვს, მაგალითად, ადამიანებს შორის ურთიერთობები, უფროსის პატივისცემა, ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და ა. შ. ქალბატონებო და ბატონებო, გულით მსურს, რომ ოდესმე საქართველოს ეწვიოთ და ქართული სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, თავისი მრავალფეროვანი ელემენტებით გამოსცადოთ.
ბოლოს, მოგახსენებთ, რომ ჩემთვის ჰიგაშიკუნინომიასჯილდოს მიღება, ჩემი და იაპონიის კავშირების, ანდა საქართველო-იაპონიის კავშირის თვალსაზრისითაც ენით აღუწერელი ბედნიერებაა. ვფიცავ, რომ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ძალას არ დავიშურებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაღრმავებისათვის. გულითად მადლობას მოვახსენებ ფონდის ხელმძღვანელს, ბატონ აკეგავას და ყველა ადამიანს, რომელთა მეოხებითაც ეს პატივი მერგო.