“დედამოკა”- ლეგენდა ქვად ქცეულ ორსულ ქალზე

დედამოკა, ადგილი, რომლის სახელიც ორსულ დედას ნიშნავს, სამეგრელოშია, ტეხურის ხეობის ვიწრო ყელზე ნოქალაქევის ციხის გადასახედთან მწვანეში ჩაფლული სოფელში. აქ წყალში ღრმად ჩასულია ვეებერთელა ლოდი, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს. ლოდს ირგვლივ წყალი უვლის და თავისებურ გამოსახულებას ქმნის. ხალხი დიდი პატივისცემით ეპყრობა ამ ადგილს და ლოდს. იგი მოძალადე ლაშქარს გამოქცეული ქალის გაქვავებულ სხეულად მიაჩნიათ.

ლეგენდის თანახმად, უხსოვარ დროში, მდინარის შორიახლო ქოხში რძალ-დედამთილი ცხოვრობდა. მათი ქმრები ბრძოლაში გმირულად დაღუპულან. მისუსტებულ და ხანდაზმულ დედამთილს სიარული აღარ შესძლებია, რომ წყაროზე წყლის მოსატანად წასულიყო. რძალს არ დაუშლია და ,,მოკათუ”, ორსული ქალი წასულა წყლის მოსატანად. შინისკენ მიმავალი აბჯროსან მტერს შეფეთებია. კოკა ხელიდან გაუგდია და უმალ მდინარისკენ გაბრუნებულა. ქარაფის პირას უფლისათვის შველა უთხოვია. ის იყო კაცს ხელი უნდა ეტაცა, რომ მდინარის ნაპირები ერთმანეთს დაახლოვებია და ,, მოკათუც” ორსული დედა წამიერად გადავლებია მდინარეს. ორსული ქალი კი მეორე ნაპირამდე ვერ გადამხტარა, ვერ გაუღწევია , წყალში ქვაზე დამხტარა და ქვადვე გადაქცეულა. ამიტომ ამ ადგილს ,,დედამოკას” ეძახიან.

დედამოკაზე” დღემდე გოგოირდოვანი წყალი გადმოდის, როგორც ამბობენ, მას განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები გააჩნია. თუმცა, სამწუხაროდ, ეს განსაკუთრებული ადგილი ბევრი ადამიანისათვის კვლავაც უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები