ერთი სარდლის “მძიმე ჯვარი” – ვინ იყო ვალიკო ჯუღელი

“საქართველო, ტანჯული, დაჩაგრული, დამარცხებული, მაგრამ კვლავ მებრძოლი სამშობლო დამიდგა თვალწინ, აგორაკებული, ამწვანებული ბუნებაც ჩემ ქვეყანას მომაგონებდა. და დანაღვლიანებულ, ტანჯულ გულში შეიჭრა იმედი! გარდაუვალი, დაუძლეველი, მტკიცე და საფუძვლიანი იმედი! საქართველო მალე, სულ მალე იქნება თავისუფალი! – მეუბნებოდა გული. შეუძლებელია არ გადაიგდოს მან მტრის უღელი!”-  ეს სიტყვები ვალიკო ჯუღელს ეკუთვნის, წერილის ადრესატი კი აკაკი ჩხენკელია.

ვალიკო (ვალერიან) ჯუღელი – ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი და „დამკომის“ წევრი გახლდათ. ის უშუალოდ მონაწილეობდა  1918-1921 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლაში – გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით.  მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა  1920 წლის ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება ცხინვალის რეგიონში.   ამ წლებში ჯუღელი დღიურის ფორმის ჩანაწერებს აწარმოებდა, რომელიც 1920 წლის დეკემბერში რუსულ ენაზე, „მძიმე ჯვარის“ სახელით გამოიცა და სამწუხაროდ, ამ დრომდე მისი ქართულენოვანი თარგმანი არ არსებობს. დღიურში,  სარდალი 1918 წლიდან 1920 წლის დეკემბრამდე მომხდარ ამბებს იწერდა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები ჯუღელის მოგონებებიდან რუსი და ოსი ისტორიკოსების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად იქცა საქართველოს მხარის გენოციდში დადანაშაულებაში. სინამდვილეში, მემუარებში კარგად ჩანს სამაჩაბლოში ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული აჯანყების ნამდვილი და ანტისახელმწიფოებრივი სახე.  ამ უმნიშვნელოვანეს დღიურთან და ჯუღელის საკვანძო ციტატებთან დაკავშირებით ჩვენი გვერდი დეტალურ ინფორმაციას და ანალიზს უახლოეს მომავალში მოამზადებს. ახლა კი ვალიკო ჯუღელის შთამბეჭდავ ბიოგრაფიას გაგაცნობთ:

ჯუღელი 1887 წელს, იმერეთში, სოფელ სვირში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც პირველად ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობდა ქუთაისელი მოსწავლეების მიერ 1904-1905 წლებში მოწყობილ საპროტესტო დემონსტრაციებში, რის გამოც გიმნაზიიდანაც გარიცხეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ “მენშევიკების” ფრაქციას მიემხრო. ამავე წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამავე გვარდიის მიერ წარმოებული საბრძოლო ოპერაციების უმეტესობას. 1917 წლის ნოემბერში  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1918 წლის თებერვლიდან კი  ამიერკავკასიის სეიმის წევრად აირჩიეს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

ჯუღელი თანამებრძოლებს მამაცობისა და გამბედაობის მაგალითს პირადად უჩვენებდა. საქართველოში რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პავლე სიტინი საიდუმლო მოხსენებაში მას ასე აღწერდა:

,,დიდი მონაცემების მქონე პიროვნება, ძალიან მიზანდასახული. აქვს დიდი პირადი სიმამაცე, გამბედაობა და გამხნევების უნარი. ღირსებისმოყვარეა, ურჩევნია სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე. სამხედრო საქმეს იცნობს პრაქტიკულად საკუთარი სიმამაცის წყალობით, ბრწყინვალე ბელადია.”

1921 წლის მარტში, მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად, ჯუღელმა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა, სადაც ანტისაბჭოთა ბრძოლაში ჩაება. 1922 წელს, სხვა სამხედრო პირებთან ერთად, შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა. ვალიკო ჯუღელმა 1923-1924 წლებში საფრანგეთის არმიის 35-ე ქვეითთა პოლკში სპეციალური წვრთნა გაიარა.

1924 წელს, თანამებრძოლებთან ერთად, ვალიკო ჯუღელი საქართველოში ფარულად დაბრუნდა. თავდაპირველად, გურიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი თბილისში, სადაც  დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიას შეუერთდა და აჯანყების სამზადისს ჩაუდგა სათავეში. 1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (,,ჩეკა”) ვალიკო ჯუღელი დააპატიმრა. ,,ჩეკაში” მას აჯანყების გეგმა აჩვენეს, რის შემდეგაც ჯუღელმა, რომელიც აჯანყების წარმატებით დასრულების შეუძლებლობაში დარწმუნდა, თვითმკვლელობა სცადა. მოგვიანებით, აჯანყების გაუქმების მიზნით, მან თანამებრძოლებთან შეხვედრა მოითხოვა.

,,ჩეკამ” ამ საქმისთვის პატიმარი ვანო ღლონტი გაათავისუფლა, თუმცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, მიღებული წესების თანახმად, რომელიც ,,ჩეკას” მიერ დაპატიმრებულ თანამებრძოლთან კონტაქტს გამორიცხავდა, ვალიკო ჯუღელს პასუხად დაუბრუნა, რომ აჯანყება არ იგეგმებოდა. ვალიკო ჯუღელმა, აჯანყების გაუქმების მოთხოვნით, თანამებრძოლებს გაზეთ ,,კომუნისტის” საშუალებითაც მიმართა.

1924 წლის აჯანყების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, 30 აგვისტოს, ვალიკო ჯუღელი თბილისში დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები