„ვერასა ზედა არს ხიდი დიდი ქვითკირისა“ – ვერის ხიდის კურთხევა 1885 წელს
ვერის ხიდი გმირთა მოედნის რეკონსტრუქციამდე ერთ–ერთი უძველესი ჩვენამდე მოღწეული თბილისის ხიდთაგანია. იგი XVII საუკუნის შუა ხანებში ააშენა თბილისის ზარაფთუხუცესმა ხოჯა ბეჰმუდამ. ამ ხიდს იხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი: „ვერასა ზედა არს ხიდი დიდი ქვითკირისა“. დაახლოებით 6 მეტრი სიგანის და 70 მეტრი სიგრძის ხიდი 4 მალიანი იყო, ამასთან მალები სხვადასხვა ზომისა ჰქონდა. ყველაზე დიდი მალი 9,5 მეტრს აღწევდა. ხიდი სილამაზით გამოირჩეოდა საბურთალოს მხრიდან სამი მალი ისრისებული, ხოლო ბოლო მალი ნახევარწრიული მოხაზულობით გამოირჩეოდა. ხიდი ნაწილობრივ გადაკეთდა 1856 წელს. 1932 წელს მის გვერდით ახალი განიერი სამმალიანი სახიდო ნაგებობა ააგეს და უძველესი ვერის ხიდი ბედის ანაბარა მიატოვეს. ხიდი 1981 წელს, გმირთა მოედნის რეკონსტრუქციისას აიღეს.
ვერის ხიდს უწოდებდნენ აგრეთვე მტკვარზე გადებულ ხიდს, რომელსაც შემდგომში ელბაქიძისა შეარქვეს. გასული საუკუნის 60–იანი წლებიდან საგრძნობი გახდა ხიდების უკმარისობა მტკვარზე, რაც გამოწვეული იყო ქალაქის ზრდით, მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებით, რკინიგზის მშენებლობით, ახალი უბნების აღმოცენებით მდინარის ზედა დინებაზე. არსებული რამდენიმე ხიდი კი საკმაოდ დიდი მანძილით იყო დაცილებული ერთმანეთისაგან. 1885 წელს გაიხსნა ახალი ვერის ხიდი (დღევანდელი ელბაქიძის ხიდის ადგილზე), რომელიც წარმოადგენდა ქვის ბურჯებზე გადებულ ლითონის ფერმებზე მოწყობილ ფიცარფენილს. იგი დააპროექტა ქალქის არქიტექტორმა, ინჟინერმა უმანსკიმ.
ვერის ხიდის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მის შემდეგ, რაც ახალი ქუჩა – ვერის (აწინდელი ელბაქიძის) დაღმართი გაიჭრა. ამით უახლოესი კავშირი დამყარდა გოლოვინის პროსპექტს, ვერის ვრცელი უბნისა და მარჯვენა ნაპირის უბნებს შორის რკინიგზის სადგურთან.
ვერის ხიდი, რომლის სიგანე 10 მეტრს არ აღემატებოდა, ჩვენ დროში აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და 1951 წელს დაიწყეს ახალი სამმალიანი ელბაქიძის ხიდის მშენებლობა, რაც 1952 წლის დეკემბერში დამთავრდა.
1885 წელს გაზეთი “დროება” ვერის ხიდის კურთხევის შესახებ წერდა:
„კვირას, თებერვლის 10-ს, დილით, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, აკურთხეს ვერის ხიდი. აუარებელი ხალხი დაესწრო ამ კურთხევაზედ, თუმცა ცერემონია დიდი არა ყოფილა-რა.
კურთხევის წინად მღ. ელიევმა წაიკითხა ცოტა მოგრძო სიტყვა, „ხიდის მნიშვნელობაზედ განათლებისათვის“ და შემდეგ პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისის შემდეგ ქალაქის თავმა გასჭრა ხიდის-ყურზედ გაბმული ლენტი და ხალხმა თავისუფლად სიარული დაიწყო.
პირველი ეკიპაჟი, რომელმაც ამ ხიდზედ გაიარა, იყო მთავარ-მმართებლის თანაშემწის გრ. შერემეტიევისა. ამ დღეს ეკიპაჟებს ნება ჰქონდათ უფასოდ სიარულისა და მეორე დღიდამ კი თითო შაური გამოერთმევათ. ქალაქის გამგეობას იმედი აქვს, რომ წელიწადში 12.000 მანათი შემოვა ამ ხიდიდამ.
კურთხევის შემდეგ რამდენიმე პირნი იყვნენ საუზმეზედ მიწვეულნი ხიდის ორივ ყურის პატრონებისაგან“, – გაზეთი „დროება“, 12 თებერვალი, 1885 წ.
წყარო: მადათოვი