თანამემამულის მკვლელობისათვის სიკვდილით დასჯას გადარჩენილი ემიგრანტი, რომელმაც ჩილეში ქართული ქალაქი დააარსა 

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცენატი, ჩილეში სპილენძისა და გვარჯილის მაგნატი ავთანდილ მერაბიშვილი თბილისში, დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების, მამისა და ნათესავების დახვრეტის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ჯერ გერმანიაში, შემდეგ – საფრანგეთში. იყო 1924 წელს დაარსებული ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” წევრი.

ქართული ემიგრაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ კონფერენციის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას და აწარმოებდა ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. ემიგრანტებმა გაახმაურეს 1921-23 წლების ოკუპაცია და რეპრესიები, 1924 წლის აჯანყების მხეცური ანგარიშსწორება. საერთაშორისო თანამეგობრობა და ერთა ლიგა კარგა ხანს არ ცნობდა საბჭოთა რუსეთს, ამიტომ საბჭოთა მთავრობამ ემიგრაციაში თავისი აგენტები შეგზავნა. აგენტებმა ემიგრანტთა ნაწილის მოსყიდვა მოახერხეს, ნაწილი კი დაარწმუნეს, რომ სამშობლოში მათ დაბრუნებას ხელისუფლება სიხარულით შეხვდებოდა და ყოველგვარ დახმარებას აღმოუჩენდა. საბჭოთა აგენტურის ანკესს წამოეგო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიტერატორი გრიგოლ ვეშაპელი. 1925 წელს გრიგოლ ვეშაპელი პარიზში გამომავალი თავისი გაზეთის “ახალი საქართველოს” ფურცლებიდან ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. მალე ვეშაპელის მომხრეებმა სამშობლოში დაბრუნების მსურველთა სიების შეგროვება დაიწყეს. ამ საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდათ “თეთრი გიორგის” წევრებს.

პარიზში, ოდეონის მოედანზე, კაფე “ვოლტერში” რეპატრიაციის მსურველთა შეკრებაზე “თეთრი გიორგის” წევრები მივიდნენ და ხალხს დარწმუნება დაუწყეს, რომ საბჭოეთში დაბრუნება აუცილებელ დაღუპვას თუა არა, ციმბირში ხანგრძლივ გადასახლებას მოასწავებდა. ამას დაპირისპირებულ მხარეებს შორის კამათი, ცემა–ტყეპა და იარაღის გასროლა მოჰყვა. პოლიციამ შეკრებილები დააკავა და სასამართლოს წარუდგინა. მოსამართლემ ისინი გაათავისუფლა და მხოლოდ გრიგოლ ვეშაპელსა და რამდენიმე კაცს დაავალა ჯარიმის გადახდა. თუმცა სასამართლოდან გამოსულ ვეშაპელს ავთანდილ მერაბიშვილმა მანქანაში ჩაჯდომა არ აცალა და უამრავი თვითმხილველის თვალწინ ტყვია დაახალა.

გრიგოლ ვეშაპელი მონპარანსის სასაფლაოზე დაკრძალეს. ავთანდილ მერაბიშვილი კი ფრანგული სასამართლოს წინაშე წარდგა. სასამართლო პროცესს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ემიგრანტულ და უცხოურ პრესაში. გარდაცვლილის ინტერესებს კომუნისტი ჰენრიხ ტორეზი იცავდა, ბრალდებულს კი – იტალიელი ადვოკატი მირო ჯიაფერი. ბოლშევიკებმა სცადეს “მერაბიშვილის საქმე” დიდ პოლიტიკურ პროცესად ექციათ, თუმცა საბოლოო ჯამში ცნობილმა ფრანგმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა პიერ რენოდელმა და ედუარდ მარკემ პროცესი საქართველოს დასაცავ პოლიტიკურ აქციად და ოკუპანტთა გასამართლებლად აქციეს. მესამე დღეს ტორეზმა განსასჯელის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ამ დროს დარბაზიდან სიტყვა ითხოვა უცნობმა მამაკაცმა. იგი რუსი ემიგრანტი, პოეტი და “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი კონსტანტინე ბალმონტი აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ იგი წლების მანძილზე თარგმნიდა ქართველთა ყველაზე დიდი პოეტის შოთა რუსთაველის პოემას, რამდენჯერმე ეწვია საქართველოს და კარგად ჩასწვდა ქართველთა ხასიათს, რომლებიც უკვე 700 წელია “ვეფხისტყაოსნის” იდეალებზე იზრდებიან; რომ ქართველისთვის ყველაზე მძიმე დანაშაული რწმენის, სამშობლოსა და მეგობრის ღალატია; რომ ვეშაპელმა სამივე ეს ზნეობრივი პრინციპი დაარღვია და დაისაჯა კიდეც. ბალმონტის პოეტური და მჭვერმეტყველური საუბრის შემდეგ ნამდვილი სასწაული მოხდა, სასამართლომ გაითვალისწინა მისი არგუმენტები, მკვლელი გაათავისუფლა და მხოლოდ საფრანგეთიდან გასახლება მიუსაჯა. თუმცა გრიგოლ ვეშაპელის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებები, რომლის მიხედვითაც ვეშაპელი მოღალატე არ ყოფილა, ის მისივე კაცმა მოკლა და სწორედ მერაბიშვილი იყო ბოლშევიკების აგენტი…

საფრანგეთიდან გაძევებული ავთანდილ მერაბიშვილი ჯერ ბელგიაში დასახლდა, სადაც მდიდარ ქალზე დაქორწინდა, შემდეგ გერმანიაში გადავიდა. ბერლინის ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყო და სოლიდური ქონება დააგროვა. II მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ სხვა ქართველებთან ერთად, მოკაშირეებს მერაბიშვილის გადაცემაც მოსთხოვა, მან ევროპა დატოვა. ჯერ არგენტინაში ჩავიდა, ბუენოს–აირესის მახლობლად, ლომას დე ზამორაში, შემდეგ ბოლივიაში გადავიდა, ბოლოს კი ჩილეში დასახლდა, 1947 წელს ჩილემ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა გაწყვიტა და ევროპიდან ლტოლვილები შეიფარა.

ავთანდილ მერაბიშვილმა ჩილეში სპილენძისა და გვარჯილის საბადოები შეიძინა და დიდი ქონება დააგროვა, წარმოებაში მოგებული ფულით ჩილეს დედაქალაქის სანტიაგო დე ჩილეს მახლობლად, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მიწები შეიძინა, რესტორნების ქსელი და სააგარაკო ქალაქი გააშენა, ქუჩებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა–ფშაველას, ცენტრალურ გამზირს კი შოთა რუსთაველის სახელები უწოდა. ქალაქის ჩუქება მას ქართველებისთვის სურდა. უნდოდა ქალაქი 1968 წელს 50 წლის იუბილეზე თბილისის უნივერსიტეტის საკუთრება გამხდარიყო, თუმცა სურვილი სურვილად დარჩა. კომუნისტებმა ეს თემა მიჩქმალეს და მას ტაბუ დაადეს.

1954 წელს ავთანდილ მერაბიშვილმა შვილისთვის ქართული ენის სასწავლებლად ჩილეში მიიწვია ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მწერალი, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე. მერაბიშვილმა მეცნიერს დიდი დახმარება გაუწია, გადაიხადა მისი ოპერაციის თანხა, დაუფინანსა ფუნდამეტური გამოკვლევის – “ვეფხისტყაოსნის” განკითხვიდან” ოთხი წიგნი: “ფერთამეტყველება” , “მზისმეტყველება“, “ვარსკვლავთმეტყველება“, რომელშიც ჩართული იყო “ბუნებისმეტყველება” და “საზოგადოებათმეტყველება“.

ავთანდილ მერაბიშვილის ინიციატივით, ცნობილმა მთარგმნელმა გუსტავო დელა ტორემ ვიქტორ ნოზაძის დახმარებით თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”. თარგმანი 1966 წელს გამოიცა მერაბიშვილის დაფინანსებით. რუსთაველის 800 წლის იუბილესადმი ავთანდილმა ჩილელ მხატვარს შეუკვეთა პოეტის პორტრეტი, რომელიც ამშვენებდა ჩილელ მწერალთა ასოციაციის მიერ მოწყობილ საიუბილეო საღამოს მოსაწვევს.

ავთანდილ მერაბიშვილი ხშირად იწვევდა ემიგრანტ ქართველებს თავისთან დასასვენებლად, ასევე ყველა “საბჭოთა” ქართველს, ვისაც ჩილეში ჩასვლა უწევდა (იოსებ ნონეშვილი, სუხიშვილების ანსამბლი).

1974 წელს ავთანდილ მერაბიშვილმა გაურკვეველ ვითარებაში მოიკლა თავი. არსებობს ეჭვი, რომ ეს საბჭოთა სპეცსამსახურების ნამოქმედარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები